ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სომხეთის ეროვნული ასამბლეის ჯანდაცვისა და სოციალური რეფორმების კომიტეტის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
„სომეხი კოლეგები დაინტერესდნენ ჯანდაცვის და სოციალურ სფეროში გატარებული რეფორმებით, მათი ეფექტიანობით. პრობლემის გადაჭრის მიმართულებით ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, ცალკეული მიმართულებით მიღწეული წარმატებებით. მათ შორისაა, C-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, ტუბერკულოზის და შიდსის მკურნალობა, თამბაქოს კანონის ამოქმედება, შრომის კოდექსის ამოქმედება და შრომის ინსპექციის გააქტიურება, ცირკულარული მიგრაცია და ა. შ. ვისაუბრეთ ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში პარლამენტის როლსა და ადგილზე.
ინფორმაცია მივაწოდეთ იმ ოთხ მიმართულებაზე, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ: შეთანხმებული საკანონმდებლო ქმედება, სრული გამჭვირვალობა, პარლამენტის საზედამხედველო და მაკონტროლებელი ფუნქცია, კერძოდ, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი. აღინიშნა პროცესებში აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო დონორებისა და პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობაც“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ კახაძემ.
„ვიზიტი ხორციელდება ამერიკული ფონდის „ეროვნული ძალისხმევა დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის, - „სომხეთი-საქართველოს პოლიტიკის დიალოგი“ ფარგლებში. ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და საგანმანათლებლო ცენტრი თანასწორი უფლებებისთვის (სომხეთი)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.