კახა კალაძემ Gazzetta Dello Sport-თან ვრცელ ინტერვიუში „მილანში“ გატარებულ პერიოდი გაიხსენა, „მილანისა“ და „ნაპოლის“ ლიდერებზე, რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
„ჯერ კიდევ 2001 წლის იანვარში, როდესაც „მილანმა“ 16 მილიონი ევრო გადაიხადა, კალაძე ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი გახდა. იგი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ჩამოყალიბდა, ჯერ ნახევარმცველად ითამაშა, შემდეგ კი უფრო ნაცნობ პოზიციას, დაცვას დაუბრუნდა.
მან „მილანში“ ცხრა წელი გაატარა და მოიგო რვა მთავარი ტიტული, მათ შორის სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, უეფას სუპერთასი (ორჯერ), ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი და ორჯერ (2003, 2007) ჩემპიონთა ლიგა“, – წერს გამოცემა.
„ჩემპიონთა ლიგაზე თამაშამდე „ნაპოლიმ“ „მილანთან“ ჩემპიონატში 0:4 წააგო. როგორ შევაფასებ ამ შედეგს ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვან მატჩამდე? „ნაპოლის“ ჰყავს გამოცდილი მოთამაშეები და შესანიშნავი მწვრთნელი, დარწმუნებული ვარ, მათ მეორე დღესვე უყურეს და გააანალიზეს მატჩი. მშვენივრად იციან, როგორ შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებს სრულად კონცენტრირებულნი და კარგად მომზადებულნი.
„ნაპოლში“ კვარაცხელიას „აფეთქებამ“ ქართულ ფეხბურთზეც მოახდინა გავლენა. შეიძლება თუ არა ხვიჩა გახდეს ქართული ფეხბურთის მამოძრავებელი ძალა? კვარა პერსპექტიული მოთამაშეა, მას აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც დღეს ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს. ასაკის გათვალისწინებით, მომავალში უმაღლეს დონეზე გამოსვლა გარანტირებული აქვს.
საქართველოში ყოველწლიურად იზრდებიან ფეხბურთელები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ მაღალი დონის ჩემპიონატებში სათამაშოდ. ამ სეზონში „კრემონეზემ“ ლუკა ლოჩოშვილი აიყვანა – ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერი ცენტრალური მცველი, ცაცია, კარგი მონაცემების მქონე მოთამაშე. მას შეუძლია გაიზარდოს და კარგად გამოჩნდეს.
თვალს ვადევნებ ახალგაზრდა ტალანტის, გაბრიელ სიგუას თამაშს. ის 2005 წელს დაბადებული ნახევარმცველია, რომელმაც უკვე ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა სადებიუტო მატჩი. ის ევროპული კლუბების მხრიდან დაინტერესებას იმსახურებს.
შეუძლია თუ არა ფეხბურთს რთულ ვითარებაში მყოფი ქვეყნების დახმარება? დღესდღეობით ფეხბურთი დიდი ინდუსტრიაა, ვინც საქმეს სწორად და სერიოზულად მიუდგება, ბავშვთა აკადემიებიდან დაწყებული, შედეგს აუცილებლად მიიღებს. საქართველოში საინტერესო მოთამაშეები იყვნენ და ახლაც არიან.
რაც შეეხება რაფაელ ლეაოსა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარებას. ლეო დამანგრეველია. როგორც ყოფილი მცველი ვამბობ, რომ მის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია, რადგან წარმოუდგენელი ფიზიკური ძალა აქვს და თუ დროულად არ შეაჩერებ, რთულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს.
ამჟამად მის ერთადერთ სისუსტედ, შესაძლოა, კონცენტრაციის ნაკლებობა მივიჩნიოთ, მაგრამ ეს ყველას ემართება. მიუხედავად ამისა, ის თითქმის ყოველთვის ახერხებს გოლის გატანას და საგოლე გადაცემის გაკეთებას. ლეაო შესანიშნავი ფეხბურთელია და „მილანს“ ასეთ დიდ ინვესტიციას ვულოცავ.
რაც შეეხება კვარას, ის ამ სეზონში შესანიშნავად თამაშობს. ზოგჯერ ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს დიდი ხანია, სერია A-ში გამოდის. ის ახლა საქართველოსთვის დიდი იმედია. ეს ორი მოთამაშე რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ გარკვეული განსხვავებაცაა. მწვრთნელი რომ ვყოფილიყავი, მათ ერთად ვათამაშებდი – ლეაოს მარცხნივ და კვარას – მარჯვნივ. რას აძლევენ ისინი გუნდებს? მომაკვდინებელ იარაღს, შესრულების სიჩქარეს და იციან, შეტევაში სივრცე როგორ შექმნან.
ჩემი აზრით, ჩემპიონთა ლიგის პირველ თამაშზე „სან სიროზე“ შეკრებული გულშემატკივარი დიდ გავლენას მოახდენს – ჩვენთვის „სან სიროს“ სავსე ტრიბუნები ყოველთვის მეთორმეტე მოთამაშე იყო. როცა „მილანში“ თამაშობ, გულში ამ გუნდის ფერებია და გულშემატკივრების იმედების გაცრუება არ შეიძლება. ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და მერე მოდის კმაყოფილება“, – ამბობს კახა კალაძე.