გუშინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინას მიმართა, ჯერ მოიგეთ ომი რუსეთთან და შემდეგ ვისაუბროთ ნატოში გაწევრიანებაზეო. ისმის კითხვა, უკრაინას ნატოში გაწევრიანება რუსეთთან ომის პროცესში სჭირდება თუ გამარჯვების შემდეგ?, - აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე.
მისივე თქმით, სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთვისაც საყურადღებოა.
„ნატოს გენერალური მდივნის ეს მიმართვა არის მკვეთრი მესიჯი ჩვენს მიმართაც, რომ ჯერ დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო და შემდეგ ვიფიქროთ ნატოში გაწევრიანებაზე. ანუ, გვითხრეს, რომ რუსეთთან პირისპირ მარტო ვართ.
ქართველებისთვის ეს დამოკიდებულება დიდი ხანია უკვე ცხადია. ცხადია ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად ისევ ოკუპანტთან ურთიერთობისკენ მიგვითითებენ. ჩვენ კი ნატოს წევრობა სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გვსურდა. რადგან ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საბოლოოდ მარტო ვრჩებით ჩრდილოელ მეზობელთან, ამიტომ ჩვენვე უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ შევძლოთ საქართველოს გამთლიანება.
დღეს მიმდინარე გლობალური პროცესები ამაზე რეალური ფიქრისა და ქმედების საბაბს გვაძლევს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.