ჩვენ ვხედავთ, რომ არის მიზანმიმართული შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და ვიღაცას უნდა, თუნდაც გარკვეული დოზით აღადგინოს „ნაცმოძრაობის“ კონტროლი სასამართლო სისტემაზე. აი, ეს არის რეალურად, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"არის მაგალითად, ასეთი ინიციატივები, რომ პარლამენტმა ე.წ 2/3-ით მიიღოს გადაწყვეტილებები მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნაზე. სამართლებრივად, ეს არის სისულელე, არსად არ არის მსოფლიოში და ამას გთხოვენ გარედან. ეს წარმოუდგენელი რამ არის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. ნახეთ, რას ითხოვენ – გადაწყვეტილებას 2/3 უმრავლესობიდან უნდა უჭერდეს მხარს და 2/3 ოპოზიციიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მოსამართლის დანიშვნის დროს ერთგვარი საკონტროლო პაკეტი ხელში უჭირავს „ნაცმოძრაობას“. ამას პირდაპირ არც მალავენ. უნდათ, რომ გარკვეული მნიშვნელოვანი დოზით დაუბრუნონ „ნაცმოძრაობას“ ბერკეტები სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს, რას ნიშნავს „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე და ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს.