მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. სახარების მიხედვით, ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ, ქრისტე პასექის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩავიდა. ის ქალაქში ვირზე ამხედრებული შევიდა, მოსახლეობა კი, ზეიმით შეეგება. ისინი მაცხოვარს საკუთარ სამოსელსა და პალმის რტოებს უფენდნენ და გალობდნენ „ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!“
მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.