გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატში უშუალო კონკურენტს, „ალმერიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა – 1:2.
ლა ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში ქართველი მეკარე „ვალენსიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო. შესვენებამდე ანგარიში არ გახსნილა. მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. 49-ე წუთზე გონსალო მელერომ დაბალ მარცხენა კუთხეში ზუსტად დაარტყა და „ალმერია“ დააწინაურა, 1:0.
მასპინძლების უპირატესობა 58-ე წუთზე სრჯან ბაბიჩმა გაზარდა – მამარდაშვილი გამოსვლაზე შეცდა და „ალმერიას“ მოთამაშემ ანგარიში 2:0 გახადა. „ვალენსიამ“ იბრძოლა და სამ წუთში სამუ კასტილეხომ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რითიც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 2:1 „ალმერიას“ სასარგებლოდ.
28 ტურის შემდეგ „ვალენსია“ 27 ქულით გასავარდნ ზონაშია, გუნდი მე-18 ადგილზე დაქვეითდა. „ალმერიამ“ (30 ქულა) კი „ღამურებს“ ამ გამარჯვებით გადაასწრო და მე-16 პოზიციაზე დაწინაურდა.