აჯამეთის აღკვეთილში, „ბი პი საქართველოს“ მხარდაჭერით, იმერული მუხის აღდგენის პროექტი ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
პროექტი „აჯამეთის აღკეთილში იმერული მუხის აღდგენა“ ითვალისწინებს 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე იმერული მუხის 5000-მდე ნერგის დარგვას, რეგულარულ მოვლასა და 2 წლის განმავლობაში მონიტორინგს.
მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თამჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ მოაწერეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და „ბი პი საქართველოს“ შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების სისტემის მდგრადი განვითარების გაძლიერებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის პოტენციალის გაზრდასა და დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ- ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.
დაცული ტერიტორიების სააგენტო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ტყის მოვლა-აღდგენის მიმართულებით, მათ შორის ერთ-ერთ პრიორიტეტს აჯამეთის აღკვეთილში იმერული მუხის კონსერვაცია წარმოადგენს.