logo_geo
eng_logo
გრიშა ონიანი: დასახვრეტი იმდენია, რა ჩამოთვლის?!
- +

10 აპრილი. 2023. 13:05

 

 

 

- ბატონო გრიშა, მოდით, ჩვენი ინტერვიუ თქვენი და სტალინის წარმოსახვითი შეხვედრით დავიწყოთ... დღეს რომ შეხვედროდით თქვენს კერპს, რას ეტყოდით ან რას ჰკითხავდით?

 

- რამდენჯერ მიფიქრია ამაზე, რომ იცოდეთ, მაგრამ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პასუხამდე მივსულვარ. დღეს ალბათ იმ შეკითხვით დავიწყებდი მასთან დიალოგს და ვკითხავდი, თუ რატომ არ დახვრიტა ყველა, ვინც დასახვრეტი იყო?! მათ შორის მარშალი გიორგი ჟუკოვიც... დარწმუნებული ვარ, სტალინს ექნება თავისი არგუმენტები და საინტერესო იქნებოდა ამ არგუმენტების მოსმენა. (იცინის)

 

- ანუ ადამიანს, რომელსაც მოწინააღმდეგენი ედავებიან, რომ მილიონობით ადამიანი დახვრიტა, ჰკითხავდით, რატომ არ დახვრიტა კიდევ უფრო მეტი? საინტერესოა...

 

- კი არ ედავებიან, არამედ ცილს სწამებენ. კი, ვკითხავდი აუცილებლად, რადგან დახვრეტილებიც და ისინიც, ვინ ვფიქრობ, რომ დასახვრეტი იყო და არ დახვრიტა, ქვეყნის დაუძინებელი მტრები იყვნენ.

 

- ვის გულისხმობთ ქვეყნის დაუძინებელ მტრებში და შეიცვალა თუ არა სტალინის ეპოქიდან მოყოლებული ეს მოცემულობა, ანუ, ვინ იყვნენ ქვეყნის დაუძინებელი მტრები მაშინ და ვინ არიან დღეს?

 

- მოცემულობა არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მათი გვარები. ქვეყნის მტრები მაშინაც იყვნენ დასავლეთიდან მართული „მეხუთე კოლონა“ და დღესაც იმავე პატრონების მიერ მართული ძალები უთხრიან ჩვენს ქვეყანას ძირს. ცდილობენ, ტვინი გამოურეცხონ ჩვენს საზოგადოებას და წაშალონ სტალინური დიადი აღმშენებლობის ისტორია, რომლის დროსაც, საქართველომ, საბჭოთა კავშირთან ერთად არნახულ წარმატებებს მიაღწია და განვითარების წარმოუდგენლად მაღალ საფეხურზე ავიდა. ეს სიტუაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც, სადაც საკუთარი წარსულის რცხვენიათ და სტალინური გამარჯვებების მიჩქმალვას ცდილობენ. ვიდრე ეს ქვეყანა არ იამაყებს სტალინური  წარსულით და არ აღიარებს, რომ სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდნენ უძლიერეს დერჟავად, მანამდე არ მექნება მე ამ ქვეყნის იმედი. რუსებს ყოველთვის ახასიათებდათ გადაჭარბებული, მე ვიტყოდი, მონობაში გადასული დამოკიდებულება უცხოელებისადმი. მიუხედავად დღეს არსებული უმძიმესი ვითარებისა, საზოგადოების დიდი ნაწილი დღესაც ასეა.

 

- რუსეთზე გაბრაზებული ჩანხართ... რამ გამოიწვია თქვენი გულისწყრომა?

 

- მე კი არა, სტალინი იყო მათზე გაბრაზებული ხშირად. როგორც ჩვენს უკვდავ ფილმში, „ვერის უბნის მელოდიებშია“, ისე სჭირთ მათ - „ნუ იქნება ოღონდ ბუნტის“ პრინციპით ცხოვრობენ, ბუნტის შიში აქვს მსოფლიოს ერთ მეექვსედზე გადაჭიმულ ქვეყანას და მის ხელისუფალს, წარმოუდგენელი ამბავია ეს... სტალინს ბუნტის კი არ ეშინოდა, მას მხოლოდ იმისი შიში ჰქონდა, რომ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას არ მოჰკლებოდა მისხალი.

 

- რუსები იქით იყვნენ და, ქართველებზე რას იტყვით, მათზეც გაქვთ 30 წლის განმავლობაში დაგროვებული ბრაზი?

 

- მაქვს, რა თქმა უნდა! დაახლოებით იგივე რამ ხდება ჩვენთანაც. მაგალითისთვის ბოლო ამბავს მოვიყვან. „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის აქციის მონაწილე მილიციელს (პოლიცია რომ დაარქვეს დღეს) და ამ ბოროტმოქმედის დაჭერის შიში არსებობს, რადგან მას დამცველად ჰყავს გარედან მართული ავაზაკები. აი, ეს როგორ არ გამაბრაზებს?! პოლიციელს რომ ცოცხლად დასაწვავად გაიმეტებს ადამიანი და იმ ადამიანის დასაცავად ქუჩაში ხალხის თუნდაც მცირე ნაწილი გამოვა, აღმაშფოთებელი არაა? ხელისუფლება კი ჯანყის შიშით ამ ავაზაკებს ისე არ ექცევა, როგორც კანონი ითვალისწინებს.

 

- და რამდენად რეალურია, ბატონო გრიშა, ეს ჯანყი, ფიქრობთ, რომ სახელმწიფო გადატრიალება მართლა შეიძლება მოეწყოს ამ ქვეყანაში?

 

- დღეს ხომ პარასკევია, ჰოდა, დასავლეთმა რომ მოინდომოს, ორშაბათს აქ უკვე სხვა ხელისუფლება გვეყოლება. ამის თავიდან აცილებას მხოლოდ ხალხის ერთად დგომით და ძალაუფლების ხალხის ხელში კონსოლიდაციით თუ მოვახერხებთ. ახლა ისეთი უცნაურ ეპოქაში ვცხოვრობთ, ისეთ მონსტრთან, ისეთ შავბნელ ძალასთან გვიწევს გამკლავება, რომ ხალხმა უნდა დაიცვას საკუთარი ხელისუფლება, რათა შემდეგ ხელისუფლებამ შეძლოს საკუთარი ხალხის ინტერესების დაცვა. ე.წ. ოპოზიცია თავისი მხარდამჭერებით, სრულ უმცირესობაში იმყოფება. ეს იმიტომ არის ასე, რომ ოპოზიციის მხარეს არ არის სიმართლე. მიუხედავად ამისა, საფრთხე იმისა, რომ მათ ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ, სავსებით რეალურია. ამიტომ გადამწყვეტი სიტყვა ახლა ხალხმა უნდა თქვას, მაგრამ ხალხი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააკეთებს, ხელისუფლებისა და მთავრობის მტკიცე ნებას თუ იგრძნობს და ნახავს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული პრინციპებისა და ტრადიციების დამცველი კაცია და დასავლეთს ამ ქვეყანაში ასეთი ყაიდის კაცი არაფერში სჭირდება. დააკვირდით, ირაკლი ღარიბაშვილსაც იმავე მეთოდებით „აშავებს“ მეხუთე კოლონა, რა მეთოდებითაც ცდილობდა სტალინის „გაშავებას“.

 

- რას გულისხმობთ?

 

- მის არაქართულ წარმოშობაზე ლაპარაკს, რაც სტალინის შემთხვევაშიც აბსურდი იყო და ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევაშიც ასეა. სხვათაშორის, ისტორიულ წყაროებში აღმოვაჩინე, რომ ღარიბაშვილები ჯუღაშვილების ახლო ნათესავები იყვნენ.

 

- სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეს რომ დავუბრუნდეთ, რას ურჩევთ ხელისუფლებას ასეთ ვითარებაში?

 

- ვურჩევ, რომ ხალხს მეტი ესაუბრონ! პროპაგანდა არ უვარგათ, მათ მიერ გაკეთებული საქმეებიც შესახებ ინფორმაციაც კი არ მიდის ადამიანებამდე სწორად. ინფორმაციის გავრცელების პრობლემა აქვთ. სწორედ ამის შედეგია ის, რომ ხელისუფლების მომხრეები ნაკლებად ხმაურობენ, ვიდრე მოწინააღმდგეები, არადა, მოწინააღმდეგე გაცილებით ცოტაა და თანაც მტყუანია. პირადად მე დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ნატო-სა და ევროკავშირის გაგონებაც არ უნდა, მაგრამ ერთი ტელევიზია მაინც მითხარით, ვინც ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობს? ე.წ. აგენტების კანონის შემთხვევაში ხელისუფლების ფიასკოც სწორედ ამან გამოიწვია. რუსულ კანონად რომ შეფუთა ოპოზიციამ პროექტი, რომელიც ამერიკული კანონიდან იყო გადმოწერილი, ხელისუფლების პროპაგანდის მარცხს არ ნიშნავს? რა შუაში იყო რუსული კანონი, გარდა იმისა, რომ შინაარსით ჰგავდა რუსეთში მოქმედ კანონს, რომელიც იქაც ამერიკული კანონიდანაა გადმოწერილი. შინაარსით ჩვენი კანონების უმრავლესობა ემსგავსება რუსეთში მოქმედ კანონებს - კაცისკვლა, ყაჩაღობა, გაუპატიურება და ქურდობა რუსეთშიც დასჯადია და ჩვენთანაც, გავაუქმოთ მაშინ საქართველოში ეს კანონები, რომ არ დავემსგავსოთ რუსებს. უზარმაზარი ტომი მაქვს, თუ რა გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილს. გსმენიათ თქვენ რაიმე ამ წიგნის შესახებ?

 

- არა...

 

- ჰოდა, არც არავის სმენია, უმრავლესობას არ გაუგია ამ წიგნის არსებობის შესახებ იმიტომ, რომ ხელისუფლება საკუთარ გაკეთებულს არ არეკლამებს და ვერ არეკლამებს. იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში არცერთ ქველმოქმედს არა აქვს გაკეთებული საკუთარ ქვეყანაში. ეს ამ ეპოქის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია და როგორ შეიძლება ეს ხალხმა არ იცოდეს. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ბიძინა ივანიშვილზე და, მის მიერ მოყვანილ მთავრობასაც ძალაუფლების კონსოლიდაციაში უშლის ხელს. წითელ წიგნში შეტანილი ცხოველები და ფრინველები მოაშენა და გადაარჩინა ივანიშვილმა, ტაძრები, თეატრები, კინოები, გზები ააშენა. ჰოდა, ნუ გრცხვენია, როცა აკეთებ ამ ყველაფერს, გამოჩნდი კიდეც, თქვი, რომ შენ გააკეთე, შენ გადაარჩინე. თუმცა, ბიძინა ივანიშვილს და ამ ხელისუფლებას ზემოთ ჩამოთვლილზე - გზები, ხიდები, თეატრები, ტაძრები, დიდი მონაპოვარი აქვს და ეს მონაპოვარი მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმაა. ეს რა არის, იცით? ეს საკუთარი ქვეყნისა და ხალხისთვის თავის დადებაა. საქართველოს ისტორიამ იცის ერთი თავდადებული, რაც საამაყო ფურცელია ჩვენი მატიანისა. აგერ მეორე თავდადებულიც გამოჩნდა და, ნაცვლად იმისა, რომ ვიამაყოთ ამ კაცით, ნაცვლად იმისა, რომ ისევე გადავეფაროთ, როგორც თვითონ გადაეფარა სამშობლოს, ლანძღავენ და მის მიერ მოყვანილ მთავრობას სახელმწიფო გადატრიალებით ემუქრებიან. ხალხმა უნდა იცოდეს, რამდენი აქვს ამ კაცს გაკეთებული წარსულში და რა უბედურებისგან იხსნა ქვეყანა ახლა. დღევანდელ ხელისუფლებას ეს სამსახური არ უვარგა. ოპოზიციას უამრავი ტელეარხი ემსახურება, ხელისუფლებას კი ერთი ტელეარხიც არ გააჩნია, რომელიც საზოგადოებამდე სიმართლეს მიიტანს.

 

- რახან მეორე ფრონტი ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, როგორ დაზავდებიან ამერიკელები და რუსები უკრაინაში?

 

- არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთი და ამერიკა შეთანხმებას მიაღწევენ, ჯერჯერობით არ ჩანს. რუსებს უკანდასახევი არა აქვთ, ამერიკელებს კი უკანდახევა არ სურთ. ასე რომ, ზავი გამორიცხული ჩანს. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირება და არანაირი შეთანხმება და ზავი აქ აღარ იქნება. ან გაიმარჯვებს და გაძლიერდება რუსეთი, ან დაიშლება და განადგურდება. ამ საშინელი დილემის წინაშე დააყენეს ეს უზარმაზარი და ბირთვული ტრიადით აღჭურვილი სახელმწიფო. გესმით, ეს რას უქადის მსოფლიოს?! ეს შესაძლებელია საპლანეტო კატასტროფით დამთავრდეს. როგორც საქონელს ეპარება მტაცებელი, ისე რომ უახლოვდებოდა ნატო რუსეთის საზღვრებს, მაშინ უნდა ეფიქრა ამერიკას ამ შედეგზე და მოვლენათა საშინელი სცენარით განვითარების საშიშროებაზე. რუსები შეიძლება „დურაკები“ არიან, მაგრამ ეგეთი „დურაკებიც“ არ არიან, რომ მათზე „დურაკ“ ამერიკელებს გააბრიყვებინონ თავი.

 

- ბატონო გრიშა, სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით აზრს თუ სურვილს, რომ ერთი სტალინი სჭირდება ახლა მსოფლიოს...

 

- მართალია. ხალხი გრძნობს და ხვდება, რომ სტალინის მკაცრი და სამართლიანი ხელი  სჭირდება ამ გაშლეგებულ სამყაროს. სტალინისნაირი ბრძენი, გამჭრიახი, მკაცრი და სამართლიანი ადამიანი თუ არ გამოჩნდება, ამჟამად მოქმედი ლიდერების ხელში, არ გამოვრიცხავ, მსოფლიოს ბედი ატომურმა ბომბმა გადაწყვიტოს...

 

- სტალინმა ყველა არ დახვრიტა, ვინც დასახვრეტიო იყოო, ინტერვიუს დასაწყისში მითხარით. ცოტა ხუმრობით რომ დავასრულოთ ჩვენი დიალოგი, თქვენ ვის და რამდენს დახვრეტდით, ძალაუფლება რომ გქონდეთ?

 

- რამდენს არ დავხვრეტდი, იმას ჩამოგითვლით, დასახვრეტი იმდენია, რა ჩამოთვლის?! (იცინის)

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner