ავტორი ანა ფერაძე
„სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორთან" ინტერვიუში მიმდინარე საარჩევნო თემებზე ისაუბრა და იმ პარტიების საქმიანობას შეეხო, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც მამრაძემ აღნიშნა, არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი „ქართულ ოცნებას" აქვს, მის შემდეგ კი „ნაციონალები" არიან. „სხვა დანარჩენ პარტიებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ნაკლებად აქვთ", - განაცხადა მამრაძემ.
- როგორი შეაფასებთ წინასააარჩევნო გარემოს?
- ჩემთვის, როგორც ანალიტიკოსისთვის, მთავარია ის, რომ გამოვლინდა ე.წ. პოლიტიკური ძალების და პოლიტიკური ლიდერების სრული პოლიტიკური გაკოტრება.
საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად არ არის საუბარი არავითარ პოლიტიკურ პლატფორმაზე. პოლიტიკოსებს უნდა წარმოედგინათ, კარგად დამუშავებული პროგრამა ეკონომიკის, ფინანსების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ, მხოლოდ პოპულისტური, დემაგოგიური გამონათქვამები და გაუთავებელი კინკლაობა ისმის. ეს ყველაფერი ძალიან ღრმა პროვინციულ დონეზე მიმდინარეობს.
- როგორ მიმდინარეობს პარტიების წინასაარჩევნო კამპანია?
- „ნაციონალურმა მოძრაობამ" ასე თუ ისე შეინარჩუნა პოლიტიკური დაჯგუფებისთვის აუცილებელი ორგანიზაცია და ფინანსები. შესაბამისად, რაც მას აკლია, არის დადებითი ქარიზმის მქონე ლიდერი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ხალხს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს სააკაშვილის მიმართ. „ნაციონალურ მოძრაობაში" ამ ქარიზმით არავინ გამოირჩევა.
საქართველოში დღესაც კი ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ხმას აძლევს პიროვნებას იმის მიხედვით, რამდენად სიმპათიურია ეს პიროვნება მათთვის. ტელეგენურობას აფასებენ და არა იმ პროგრამებს და პოლიტიკურ ხედვებს, რომელსაც ის წარმოადგენს.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე დაბალი დასწრება იქნება, მაგალითად, თუ მივიდა მხოლოდ 40%, მაშინ 10% ხდება 40%-ის მეოთხედი ანუ ნაციონალებმა 25%-იც კი შეიძლება მიიღონ. მისი მხარდამჭერები, რომელთა რაოდენობა არ გაზრდილა 2012 წლის შემდეგ, მობილიზებული არიან. ეს მასა მივა არჩევნებზე. ეს საშიშროება არსებობს.
„ნაციონალური მოძრაობა" არის დესტრუქციული ძალა. ყველას ვაფრთხილებ, რომ მაინც მივიდნენ არჩევნებზე და თავისი ხმა დააფიქსირონ.
რაც შეეხება სხვა პატარა პარტიებს, ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძის პარტიას, მისი პარტიის შექმნა პოლიტიკურად არასერიოზული ნაბიჯი იყო. ბურჭულაძე სამარცხვინო არაპროფესიონალურ განცხადებებს აკეთებს.
ხაზს ვუსვამ, რომ დიდ პატივს ვცემ პაატა ბურჭულაძეს, როგორც გამოჩენილ ხელოვანს, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა და პოლიტიკა სულ სხვა რამ არის.
თვითონ ის ფაქტი, რომ ბურჭულაძე გაერთიანდა „გირჩთან" და გიორგი ვაშაძესთან, მის არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. მოგეხსენებათ, რომ ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობიდან" წამოვიდნენ და ისე წამოვიდნენ, რომ შეფასებაც კი არ გააკეთეს ამ სადისტურ სისტემაზე, რომელმაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა. ეს ყველაფერი პატივისცემას არ მატებს ბურჭულაძის პარტიას.
- თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური პარტია გადალახავს 5%-იან ბარიერს?
- თავდაპირველი კვლევებით, შესაძლებელი იყო, ბურჭულაძის პარტიას 5%-იანი ბარიერი გადაელახა, მაგრამ ამ საეჭვო გაერთიანებების შემდეგ ეჭვქვეშ ვაყენებ ამ საკითხს. შეიძლება იგივე ითქვას სხვა დანარჩენ პარტიებზეც.
ადრე „პატრიოტთა ალიანსს" ჰქონდა შანსი, ბარიერი გადაელახა, მაგრამ დღეს, როგორც ამბობენ, ეს შანსი შემცირდა და კვლევებიც ამას ცხადყოფს.
მე არ ველი, რომ „რესპუბლიკელები", ბურჯანაძის პარტია, „თავისუფალი დემოკრატები" გადალახავენ 5% -იან ბარიერს.
- ვის აქვს შანსი, შევიდეს პარლამენტში და ვინ მოიპოვებს ხმათა უმრავლესობას?
- რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებას" გამარჯვების დიდი შანსი აქვს. სხვა დანარჩენი პარტიების საკითხი კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
როდესაც ქვეყანაში სამნახევარი მილიონი ადამიანია დარჩენილი, არ შეიძლება, არჩევნებში 45 პარტია მონაწილეობდეს. კანონი ამას უშვებს, მაგრამ არსებითად, შინაარსობრივად ეს პოლიტიკური ანეკდოტია.