logo_geo
eng_logo
ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნება“: უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსით, საქართველო დადებითი ნიშნით შეფასდა, ბოლო 6 წლის მაქსიმუმზეა და რეგიონში ლიდერობს
- +

11 აპრილი. 2023. 14:44

 

დემოკრატიის კვლევის მსოფლიოს მოწინავე ცენტრმა, ორგანიზაციამ „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასება ზედიზედ მეცხრე წელს (2013-2022) დადებითი ქულით აღინიშნა.

 

საქართველო 0,45 ქულით ბოლო 6 (2017-2022) წლის მაქსიმუმზეა. საქართველო უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობით კავკასიაში ლიდერობს, უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ბევრ განვითარებულ ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე წევრს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, უნგრეთი, იაპონია, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, უკრაინა, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ V-dem ინსტიტუტს 2013 წლიდან მოყოლებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობა დადებითი ნიშნით აქვს შეფასებული. შედარებისთვის 2004-2012 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს შეფასება 0-ზე დაბალი ქულით, ანუ უარყოფითი ნიშნით იყო შეფასებული ზედიზედ 9 წლის განმავლობაში.

 

იქამდე, კერძოდ, 1998-2003 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის შეფასების ქულა დადებითი ნიშნით იყო, თუმცა, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 2022 წლის მაჩვენებელს.

 

უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით ლიდერი სახელმწიფოებია ლატვია, ავსტრალია, ახალი ზელანდია, ბოლო ადგილებზე კი დასახელდა რუსეთი, მიანმარი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა და ბელარუსი.

 

„დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-Dem) არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სოციალური პროექტი, სამეცნიერო მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის პროექტი უშუალოდ დემოკრატიაზე. მისი სათავო ოფისი დაფუძნებულია V-Dem ინსტიტუტში, შვედეთში, გოტენბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტში.

 

პროექტს უძღვება ხუთი მთავარი გამომძიებელი, 23 პროექტის მენეჯერი, დაახლოებით 33 რეგიონალური მენეჯერი, 100-ზე მეტი ქვეყნის კოორდინატორი და 4000-ზე მეტი ქვეყნის ექსპერტი. ორგანიზაცია ერთ-ერთია იმ კვლევით პროექტებს შორის, რასაც მსოფლიოს ბანკის “გლობალური მმართველობის ინდიკატორები” ეფუძნება.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner