„დემოკრატი“ სენატორები აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მოუწოდებენ, დაიწყოს გამოძიება მოსამართლე კლარენს ტომასის მიმართ, რომელმაც არ გაამჟღავნა ინფორმაცია მილიარდერი „რესპუბლიკელი“ დონორის მიერ დაფინანსებული მდიდრული მოგზაურობების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
სენატის სასამართლო კომიტეტის „დემოკრატმა“ წევრებმა განაცხადეს, რომ უზენაესი სასამართლოს ეთიკის შესახებ მოსმენას გამართავენ.
უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის, ჯონ რობერტსისთვის მიწერილ წერილში, სენატის სასამართლო კომიტეტის თავმჯდომარე, დიკ დურბინი და 10 სხვა „დემოკრატი“ სენატორი აცხადებენ, რომ მოსამართლე კლარენს ტომასის საქციელი „აშკარად შეუსაბამოა იმ ეთიკურ სტანდარტებთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ელოდება საზოგადოების ნდობის მქონე პირისგან“.
„სასამართლო თუ არ მოაგვარებს ამ საკითხს თავად, კომიტეტი განიხილავს კანონმდებლობას მის მოსაგვარებლად“, - ნათქვამია წერილში.
გასულ კვირას ინფორმაცია გავრცელდა, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, კლარენს ტომასმა არ გაამხილა ძვირადღირებული საჩუქრები, რომლებიც მან „რესპუბლიკელი“ მილიარდერისგან, კონსერვატიული ორგანიზაციების დონორისგან, ჰარლან ქროუსგან მიიღო.