logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია: ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა
- +

11 აპრილი. 2023. 22:37

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროს კახა ხანდოლიშვილს და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიასპორასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს, ანა ლუკავას შეხვდა.

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს მიერ ქართული დიასპორის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, უცხოეთში ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

ოდიშარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია დიასპორის მონაწილეობით საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელება და ამ კუთხით სამინისტროს ძალისხმევას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ქართულ დიასპორაში ეროვნული იდენტობის, ქართული ენისა და საქართველოს შესახებ ცოდნის შენარჩუნება სახელმწიფოს ფუნდამენტური ფუნქციაა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში უცხოეთში მოღვაწე თანამემამულეების იდენტიფიცირება და მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო პოტენციალის სრულყოფილი გამოყენება ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში“, - განაცხადა ოდიშარიამ.

როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრულია უცხოეთში ქართველოლოგიური ცენტრების ფუნქციონირების გაძლიერება და გაზრდა, დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის უმაღლესი განათლების მიღების გამარტივება და ხელშეწყობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიასპორის მიმართულებით საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე საჭიროა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენა, დარგობრივი უწყებების, ექსპერტებისა და დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner