logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: გიყვარდეს ზვიადი და მხარს უჭერდე მიშას, იგივეა - გყვარებოდა ილია და მხარი დაგეჭირა ფილიპე მახარაძისთვის!
- +

12 აპრილი. 2023. 09:16

 

 

„ერთს გთხოვთ - „ზვიადის სული მიშაში გადასახლდაო“, ასეთ სულელურ მარაზმს მაინც ნუღარ გაიმეორებთ, ამით ხომ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ ზვიად გამსახურდიას ნათელ სახელს!“ - ამის შესახებ „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„ყველაზე მეტად 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან ის ჩემი მეგობრები, თანამებრძოლები მაოცებენ და მაკვირვებენ - დღეს „მიშისტები“ რომ არიან და ოდესღაც ზვიადის მომხრეები იყვნენ!

 

წარმოუდგენელი ფენომენია - თუ ოდესმე დიდი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყავი, როგორ შეიძლება მისი სრული ანტიპოდი მოგწონდეს!

 

რამე, თუნდაც ერთი მცირე ნიუანსი ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ მათ საერთო?!

 

ზვიადი ხომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა, სააკაშვილი კი თანამდებობის გულისთვის დინებას მიჰყვებოდა და ჭაობში ცხოვრობდა!

 

ზვიადი სკოლის ასაკიდან სისტემას - ბოროტების იმპერიას დაუპირისპირდა, კარიერა უარყო, ციხე და გადასახლება არჩია უზრუნველ ცხოვრებას - მიშა თავიდანვე კარიერისტი, კონფორმისტი, კომკავშირელი, საბჭოთა კგბ-ს ჯარისკაცი, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ!

 

ზვიადი მორალური, ზნეობრივი, ოჯახის ერთგული კაცი იყო - მიშა … …. აღარ გავაგრძელებ, ისედაც ყველამ კარგად იცით მისი გარყვნილების ამბავი!

 

ზვიადი მორწმუნე, მართლმადიდებელი, ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, ეკლესიებს აშენებდა, რწმენას განამტკიცებდა - მიშა ათეისტი, მართლმადიდებლობის - ქრისტიანობის მტერი, ეკლესიების დამანგრეველი!

 

ზვიადი მეცნიერულ დონეზე იკვლევდა ქართულ ლიტერატურას, ისტორიას, ფილოსოფიას, განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანის“ გამოკვლევაა აღსანიშნავი - მიშამ „ვეფხისტყაოსნიდან“ ერთი სტროფის წარმოთქმა დააპირა და ისიც შეეშალა, საქართველოს ისტორიის აზრზე არ იყო, ქართულ ლიტერატურას საერთოდ არ იცნობდა!

 

ზვიადმა რელიგია, რელიგიის ისტორია, რელიგიის ფილოსოფია უმაღლეს მეცნიერულ დონემდე იცოდა - მიშა პირჯვარს ვერ იწერდა, ბიბლიისა და სახარების ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ!

 

ზვიადი უკიდურესად ჰუმანური ადამიანი იყო (გვახსოვს მისი სიტყვები - ისინი ტყვიას გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ) - მიშა დაუნდობელი, სადისტი, შეუბრალებელი (ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში)!

 

ზვიადმა კორუფცია არც კი იცოდა, რა იყო, ხელფასსაც კი უპატრონო ბავშვთა სახლს ურიცხავდა , როდესაც პუტჩის შემდეგ სომხეთში მოუწია იძულებით წასვლა, პრეზიდენტ კაცს ფული არ აღმოაჩნდა, რომ მასთან მყოფი ხალხისთვის საჭმელი ეყიდა - მიშა მილიონერი გახდა, ყველა დიდი ბიზნესიდან წილს იღებდა, ცოლები, შვილები ააშენა და დაასახლა, დედამისი თუ ბიძამისი დღესაც მილიონებში ცურავენ!

 

ზვიადი შეგნებულად წავიდა თვითშეწირვის აქტზე, საქართველოში დაბრუნდა, ომში სამეგრელოს ტყეში მოკლეს ბრძოლის ველზე, არც კი უფიქრია ალყაშემოტყმულს, შევარდნაძისთვის შეწყალება ეთხოვა - მიშა „სმეტანის“ ბანკებში ჩაიმალა, როდესაც დააპატიმრეს, მოთქმა დაიწყო, ხან სალომე ზურაბიშვილს ეხვეწება, შემიწყალეო და ხან ხელისუფლებას!

 

ზვიადი პატიოსნება და სინათლე იყო, მიშა - ავაზაკობა და სიბნელე!

 

ზვიადის გზა უფლის გზაა, გარდაუვალი აღდგომის გზაა - მიშას გზა ბარაბას გზაა, წარწყმედის გზაა!

 

ამიტომაც იყო, რომ მისი დამხობის შემდეგაც კი ათასობით უიარაღო ადამიანი გამოდიოდა დემონსტრაციებზე, ტყვიას არ უშინდებოდა და თავს წირავდა კანონიერი პრეზიდენტისთვის - მიშა, მისი ოჯახი, გარემოცვა უამრავ ფულს ხარჯავს, ლობისტებს ქირაობს, თანხებს უხდის და ავტობუსებს ქირაობს  მომხრეებს, მაგრამ 1000 კაცს ვერ აგროვებს მის მხარდასაჭერად!

 

ერთადერთი საერთო ზვიადს და მიშას ის აქვთ, რომ ორივემ კარგად იცოდა ინგლისური ენა - ამის მეტი არაფერი, საერთოდ არაფერი!

 

გიყვარდეს ზვიადი და მხარს უჭერდე მიშას, იგივეა - გყვარებოდა ილია და მხარი დაგეჭირა ფილიპე მახარაძისთვის!

 

ამიტომ მიკვირს ამ ხალხის, ამიტომ ვერ გამიგია მათი - ეტყობა, რაღაც სერიოზულ, ამოუხსნელ ფენომენთან, ოკულტიზმთან, სექტანტობასთან გვაქვს საქმე!

 

გიყვარდეს მიშა და გიყვარდეს მისი გამზრდელი შევარდნაძე - აი, ეს კი ლოგიკურია!

 

ერთს გთხოვთ - „ზვიადის სული მიშაში გადასახლდაო“, ასეთ სულელურ მარაზმს მაინც ნუღარ გაიმეორებთ, ამით ხომ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ ზვიად გამსახურდიას ნათელ სახელს!

 

უფალმა გაგინათოთ გონება და ღმერთმა გიშველოთ“, - წერს სანდრო ბრეგაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner