logo_geo
eng_logo
ზაზა შათირიშვილი: ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტს ინარჩუნებს, უნგრეთია. სწორედ ამიტომაა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ამერიკელ და ევროპელ ლიბერალებს ლამის სისხლიან დიქტატორად ჰყავთ გამოცხადებული
- +

12 აპრილი. 2023. 10:08

 

 

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

 

„მოვლენები, რომლებიც „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ვითარდება, კვლავაც გაოცებას იწვევს. სისტემატურად ვიღებთ ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ევროპაში გარე კოორდინაციას ემორჩილება როგორც საბანკო-საფინანსო სექტორი, ისე მედია და სასამართლო. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება. აგენტოკრატიებად არის გადაქცეული როგორც ევროკავშირი, ისე მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოები. პრაქტიკულად, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტს ინარჩუნებს, უნგრეთია. სწორედ ამიტომაა, რომ უნგრეთის ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილის ქართული აგენტოკრატიისგან განსხვავებით, არც ადამიანები უწამებია, არც ტელევიზიები მიუტაცებია და არც ბიზნესები დაუყაჩაღებია, ამერიკელ და ევროპელ ლიბერალებს ლამის სისხლიან დიქტატორად ჰყავთ გამოცხადებული.

 

„კრედიტ სუისის“ საქმეც ევროპაზე ამერიკის სრული ჰეგემონიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. როგორც არაერთხელ ვთქვი, კომპანია „ბლექროკის“ ხელით, ამერიკელებმა „კრედიტ სუისი“ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს, აქციების ფასი ასჯერ შეუმცირეს და ახლა, გაკოტრებულ ბანკს წინასწარ დალაგებული სქემით მიზერულ ფასში ყიდულობენ. ბანკის რეპუტაციის შელახვისა და გაკოტრებისთვის ამერიკელებმა ივანიშვილის საქმეც წარმატებით გამოიყენეს - ერთი მხრივ, ივანიშვილს პოლიტიკური მიზნებით აშანტაჟებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ბანკს ანგრევდნენ და აკოტრებდნენ, რითაც ორმაგი სარგებელი მიიღეს.

 

გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ინფორმაცია ბრიტანულ სასამართლოში განხორციელებული მანიპულაციების შესახებ. ერთდღიანი ფორმალური სასამართლო პროცესი რამდენჯერმე რამდენიმე თვით გადადეს, ხოლო მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომა როგორც იქნა შედგა და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაც გამოცხადდა, მოსამართლე ერთგვერდიან გადაწყვეტილებას ადვოკატებს უკვე თითქმის ერთი თვეა არ გადასცემს, რითაც მის აღსრულებას ხელოვნურად აჭიანურებს.

 

ინგლისი პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა და შესაბამისად, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციები ინგლისში ევროპის მასშტაბითაც კი გამორჩეული იყო. როდესაც ინგლისური სასამართლო ასეთ მდგომარეობამდე მიჰყავთ და მას უხეში მანიპულაციის ინსტრუმენტად აქცევენ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სხვა ევროპულ სასამართლოებში რა ვითარება იქნება შექმნილი.

 

ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ ფონზე, რომ ამერიკელებმა რამდენიმე დღის წინ ოთხი ქართველი მოსამართლე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაასანქცირეს. სადაც მთავარი „ფასეულობა“ მორჩილებაა, იქ სრულიად ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეები უნდა დაისაჯონ.

 

როგორც იქნა, საქართველოში „ქართული ოცნებაც“ და ხელისუფლების სამივე შტოც გონზე მოვიდნენ და ხმამაღლა თქვეს ის, რაც ზუსტად იცოდნენ მთელი ამ წლების მანძილზე. ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ, რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების, ანუ აგენტურის ხელით, სასამართლოზე ის გავლენა აღიდგინონ, რომელიც 2012 წლის შემდეგ სრულად დაკარგეს. სწორედ ამას ემსახურება ე.წ. რეფორმის ინიციატივები, ქართველ მოსამართლეებთან ელჩის რეგულარული შეხვედრები, მოსამართლეებისთვის შეთავაზებული ამერიკული ვიზიტები, ტრენინგები და სხვ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არა სასამართლოს გაძლიერებას, არამედ მოსამართლეების ე.წ. „ვერბოვკას“ და ქართულ სასამართლო სისტემაში შეღწევას ემსახურება.

 

თუკი საქართველოში ვინმესთვის ამერიკული აგენტოკრატიის აღდგენა მისაღები ან თუნდაც, დასაშვებია, ვურჩევ, კარგად გადახედოს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს აგენტოკრატიას ჩვენზე ბევრად უფრო ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნები: შვეიცარიას უნგრევენ და ართმევენ მისთვის ყველაზე საამაყო საბანკო სისტემას; ბრიტანეთს უნგრევენ მისთვის ყველაზე საამაყო სასამართლო სისტემას; ევროპაში ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკაში გადააქვთ გერმანელებისთვის ყველაზე საამაყო ავტოინდუსტრია, მათ შორის ისეთი კონცერნები, როგორიცაა მერსედესი და სხვ.; საფრანგეთში მოსახლეობამ ლამის გადაწვა ქალაქები უხეში საპენსიო რეფორმის ფონზე, რომელიც ევროპაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გატარდა (სხვათა შორის, ფრანგი მომიტინგეები რამდენიმე დღის წინ სწორედ „ბლექროკის“ პარიზის ოფისში შეიჭრნენ, სადაც ამერიკული კომპანიის მიერ ფრანგი პენსიონერების ხარჯზე დიდი ფულის შოვნას აპროტესტებდნენ). ეს ყველაფერი არის ამერიკული აგენტოკრატიის შედეგი, რომლისაც არცერთ შემთხვევაში არავის უნდა შეშურდეს.

 

ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის მისი ადვოკატის წერილებს შემთხვევით არ ასაჯაროებს. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია, საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რათა საზოგადოებამ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები წარმატებით აიცილოს თავიდან“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner