logo_geo
eng_logo
თამარ კიკნაძე: ვფიქრობ, ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდება
- +

12 აპრილი. 2023. 12:57

 

 

- ქალბატონო თამარ, მოდით, ჩვენი საუბარი ბოლო მოვლენის შეფასებით დავიწყოთ. როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა დეკლარირებულად ჯერ კიდევ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორად წოდებული აშშ ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე - მოსამართლეების სანქცირებაზე და როგორი კონტურები იკვეთება, ბოლომდე ხომ არ იწვება ხიდები ჩვენსა და დასავლეთს შორის?

 

- მოსამართლეების სანქცირება გაგრძელებაა იმ ურთიერთობისა, რომელიც ბოლო დროს ყალიბდებოდა ჩვენსა და აშშ-ს შორის. მათ მიერ ჩვენი ხელისუფლების ღია კრიტიკა დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველომ უკრაინის ომთან დაკავშირებით არ დაიჭირა ის პოზიცია, რა პოზიციაც შედიოდა ამერიკის ინტერესებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკელები გეგმავდნენ ცეცხლოვანი რკალის შექმნას რუსეთის ირგვლივ და საქართველოს ხელისუფლებამ როგორც კი განაცხადა, რომ ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და ჩვენი ნება გაგვაჩნია, არ ჩავერთოთ ომში, ამერიკელთა ინტერესებში ეს პოზიცია უკვე აღარ ჩაჯდა. ამიტომ ჩვენსა და დასავლეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გამწვავებას ველოდები. რაც შეეხება კონკრეტულად მოსამართლეთა სანქცირებას, მე არ მჯერა ოფიციალურად გაჟღერებული მიზეზისა, რადგან ეს ამერიკის მხრიდან მწვავე პასუხს და ერთგვარ დასჯას გავდა, პოლიტ-ტექნოლოგ მარშალ ქომინსის საქართველოში არშემოშვების გამო, რომელიც ფრანკლინის კლუბის წევრებს ატრეინინგებდა.

 

- რუსეთის ირგვლივ ცეცხლოვანი რკალის შექმნის მცდელობა ახსენეთ. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ აშშ-ის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და ჩვენი ჩართვაა რუსეთის წინააღმდეგ ომში?

 

- საკითხი ასე დგას - თუ შენ არჩევანი გაქვს გაკეთებული დასავლური თანამეგობრობის სასარგებლოდ, უნდა მოიქცე ისე, როგორც ისინი გეუბნებიან. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შენ ბოლომდე სუვერენულ სახელმწიფოდ არ აღგიქვამენ. დღეს კი დადგა ის დრო, როცა ჩვენსა და დასავლეთს შორის აღარ მოხდა ინტერესთა თანხვედრა. ჩვენ რომ ახლა მათი თამაშის წესები მივიღოთ და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩავერთოთ, ეს ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებს. მართალია ისინი ღიად და დეკლარირებულად არ გვთხოვენ ომში ჩაბმას, მაგრამ მათი მოქმედებები, ამის ნათელი დადასტურებაა. ეს არის კაზუს ბელი, ანუ საქართველო პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც აღმოჩნდება ომში ჩათრეული.

 

- როგორ უნდა გაუმკლავდეს საქართველოს ხელისუფლება ასეთ რთულ მოცემულობას?

 

- საქართველოს ხელისუფლების ნამდვილად არ მშურს. დააკვირდით, როგორი მოცემულობაა დღეს - ერთი მხრივ, აშშ გაიძულებს, მათ მიერ ნაკარნახევი ნაბიჯი გადადგა, მეორე მხრივ კი, რუსეთი გემუქრება, რომ თუ გადადგამ ამ ნაბიჯს, საპასუხო რეაქციასაც დაუყოვნებლივ მიიღებ. რუსეთის მიერ მიღებული უსაფრთხოების კონცეფციიდანაც ნათლად გამოჩნდა, რომ ისინი არ დაუშვებენ არავითარ არეულობასა და ფერად რევოლუციებს რუსეთის საზღვრებთან.

 

- და ხედავთ იმის მცდელობასა და საშიშროებას, რომ აქ კიდევ ერთი ფერადი რევოლუცია მოეწყოს?

 

- ვხედავ, რა თქმა უნდა. ეს მცდელობები კიდევ უფრო აშკარად გამოჩნდა 7-8 მარტის აქციებიდან. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები რომ მობრუნდნენ ხელისუფლებაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება, ვინაიდან ეს არის ანტიეროვნული ძალა, რომელსაც საქართველოს ბედ-იღბალი საერთოდ არ ადარდებს.

 

- ანუ, ქალბატონო თამარ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორედ ამ ანტიეროვნულ ძალაზე გააკეთა აშშ-მა ფსონი და არა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებაზე და შეეცდება ნაციონალების მობრუნებას ხელისუფლებაში?

 

- ნათელია, რომ ამერიკელები „ნაციონალურ მოძრაობას“ უმაგრებენ ზურგს და ყველანაირად შეეცდებიან, ისინი დააბრუნონ ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა ამას არ შეურიგდება, ამერიკელებს გააჩნიათ პოლიტტექნოლოგიები, რომ დაუპირისპირდნენ ხალხის ნებას და ხელისუფლად მოგვივლინონ მათი ერთგული ძალა. ამის მაგალითად 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციაც კმარა, რომელიც წმინდა წყლის პოლიტტექნოლოგიური ოპერაცია იყო. თუმცა, მაშინდელისგან განსხვავებით, დღეს ხალხის დიდი ნაწილი ღიად ამბობს, რომ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, გამოვა ქუჩაში და არაფრის დიდებით არ დაუშვებს ნაციონალების მობრუნებას.

 

- გეთანხმებით, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ასეა განწყობილი, მაგრამ რას იტყვით ახალგაზრდებზე, განსაკუთრებით მის აქტიურ ნაწილზე, ვფიქრობ, ამ მხრივ ცოტა რთული ვითარება აქვს ხელისუფლებას, რადგან ოპოზიცია სწორედ ახალგაზრდებით მანიპულირებს...

 

- კი, მათი ძირითადი სამიზნე ახალგაზრდობაა, რომლებსაც არ ახსოვთ ნაციონალების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და მათი რეჟიმის სისასტიკე. სწორედ ამიტომაა მათი გავლენის აგენტი ე.წ. ფრანკლინის კლუბი და მთლიანად, განათლების სისტემა, რომელიც სავსეა „ნაციონალური მოძრაობის“ პროფესურით. ისინი ახალგაზრდებს იმ ღირებულებებით ზრდიან, რომელიც ძალიან საშიშია ჩვენი ქვეყნისთვის. შეიძლება ითქვას, რომ წამლავენ ჩვენს ახალგაზრდებს. არ ვიცი, რამდენად წავა ხელისუფლება ვა-ბანკზე და დაიწყებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, თუმცა, ეს ბრძოლა აუცილებლად დასაწყებია. ახალგაზრდების ის მცირე ნაწილი, რომელიც ამ ბნელი ძალების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, გადასარჩენია.

 

- ბოლოს მინდა პროგნოზის გაკეთება გთხოვოთ, თუ როგორ და რა შედეგით დასრულდება აშშ-ის არჩევნები. დონალდ ტრამპის დაკავების შემთხვევაში ან არჩევნების პროცესში ხომ არ მოხდება საზოგადოების ისეთი დონით პოლარიზება, რომ ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს?

 

 

- ამერიკაში ნამდვილად უმძიმესი მდგომარეობაა. იქ ახლა ჰეგემონიის დაღმავალი ციკლია, შესაბამისად, სიტუაცია ყველგან არეულია, რადგან ჰეგემონს აღარ ჰყოფნის ძალა იმისთვის, რომ მთელი მსოფლიო აკონტროლოს. ამერიკელები ახლა მართვადი ქაოსის შექმნას ცდილობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველგან ურევენ სიტუაციას, რათა შემდეგ თავიანთი შეხედულებისამებრ დაალაგონ იგი. რაც შეეხება ტრამპს, იგი რომც დააპატიმრონ, მას კონსტიტუცია აძლევს უფლებას, რომ საარჩევნო კამპანია ციხიდან აწარმოოს. ეს კი მის რეიტინგს კიდევ უფრო ასწევს.

 

- როგორც ჩანს, ამერიკაც ორ ნაწილადაა გახლეჩილი. ჩვენ გვიყენებენ დეპოლარიზაციის პირობას, მაშინ როდესაც თვითონ ადგანან საზოგადოების პოლარიზაციის გზას...  

 

- კი, ნამდვილად ასეა, თვითონ დაიყვნენ უკიდურეს კონსერვატორებად და უკიდურეს ლიბერალებად. ხალხის უდიდეს ნაწილს ამერიკაში ყელში აქვს ამოსული ის პოლიტიკა, რომლის მიხედვითაც ამერიკის სულს გეები და ლესბოსელები წარმოადგენენ. ამერიკის არჩევნების შედეგზე ძალიან დიდ გავლენას იქონიებს, ის თუ როგორც დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი, რადგან მსოფლიოს მომავალი წესრიგის ფორმირების პროცესი მრავალწილად განსაზღვრული იქნება ამ ომის შედეგებით. რაც შეეხება სამოქალაქო ომს, რამდენიმე წლის წინათ ეს მოსაზრება ძალიან უტრირებულად მეჩვენებოდა, ახლა კი ისე ვითარდება მოვლენები, ვფიქრობ, რომ ასეთი საშიშროება ნამდვილად არსებობს... პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპის დაპატიმრების შემთხვევაში, რომელიც ამერიკის მოსახლეობის კონსერვატულად განწყობილი ნაწილის უკანასკნელი იმედია, ეს საშიშროება გაიზრდება. ძნელია ისაუბრო იმ ქვეყნის მომავალზე, რომელიც სოციალური გახრწნილების ზღვართან მივიდა.

 

- ასეთ ვითარებაში რა უნდა ქნას ჩვენმა ქვეყანამ, აშშ ხომ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია?

 

- საქართველოს ხელისუფლებას ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამოცდა ელის. მთავრობამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვის გზას დაადგა. რთული იქნება ამ კურსის შენარჩუნება, მაგრამ საქართველოს მთელი ისტორია ქართული სულის, ქართული იდეის და ქართული ღირსების გადარჩენის ისტორიაა. ჩვენს თაობას არა აქვს უფლება, რომ ისტორიის კონტექსტიდან ამოვარდეს. ისტორია უნდა გაგრძელდეს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner