საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2022-2028 წლების განახლებული შეფასება და გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
საქართველო ოთხი მიმართულებით გავიდა მსოფლიოში მეორე და მსოფლიოს აღმოსავლეთ ნახევარსფეროში (ევრაზია, აფრიკა, ავსტრალია, ოკეანეთი) პირველ ადგილზე. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 4.0 პროცენტია, 2024 წელს ზრდის ტემპი 5.0 პროცენტამდე გაიზრდება, ხოლო 2025-2028 წლებში 5.2 პროცენტს მიაღწევს. აქვე აღნიშნულია, რომ ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერიოდში – 2023-2028 წლებში და საშუალოდ 5.0%-ს შეადგენს.
სავალუტო ფონდის პროგნოზების შესაბამისად, 2023 წელს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7 600 აშშ. დოლარს – მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით – 21 922 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება, ხოლო 2028 წლისთვის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 11 290 აშშ. დოლარი – 31 458 საერთაშორისო დოლარი იქნება.
სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს, მაშინ როცა ევროკავშირის კანდიდატი ჩრდილოეთ მაკედონიის ანალოგიური მაჩვენებელი 40.8%, ხოლო მოლდოვის 37.6% იქნება.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2028 წლისთვის, 2021 წელთან შედარებით, მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ფართე რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის.
სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 5.9 პროცენტამდე შემცირდება და 2024 წლიდან დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. ფონდის პროგნოზით, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს -4.1%-ს, ხოლო 2024 წელს – 4.2 პროცენტს გაუტოლდება.