logo_geo
eng_logo
„ფორმულამ“ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის სტატია წაშალა - რა გაარკვია mediachecker-მა
- +

12 აპრილი. 2023. 20:17

„ფორმულამ“ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე BBC-ის სტატია წაშალა. „ფორმულას“ ფეისბუქ-გვერდზე თავდაპირველად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ეწერა, თითქოს ბრიტანულმა გამოცემამ ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

თუ რატომ წაშალა „ფორმულამ“ ეს მასალა, ამ საკითხზე mediachecker-მა მოკვლევა ჩაატარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია „ფორმულამ“, ფეისბუქ-გვერდიდან წაშალა ამბავი BBC Eye-ის საგამოძიებო მასალის შესახებ, რომელიც არხის დამფუძნებელსა და 51%-იანი წილით, საკონტროლო პაკეტის მფლობელს, დავით კეზერაშვილს შეეხება.

მანამდე ციფრულმა პლატფორმამ გამოაქვეყნა შესაბამისი სიახლე არხის 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან.

საქმე ეხება BBC-ის გამოძიებას, სახელწოდებით, "ნადირობა ბიზნესმენებზე, რომლებიც მრავალმილიარდიანი თაღლითური სქემის უკან დგანან", და მასში, გამომძიებელი ჟურნალისტები მიუთითებენ კეზერაშვილის კავშირებზე გლობალურ თაღლითურ სქემაში ჩართულ Milton group-ის კომპანიებთან. საგულისხმოა, რომ არხის საინფორმაციო სამსახურმა, 12-საათიან გამოშვებაში BBC Eye-ის გამოძიება გააშუქა აქცენტით, „ბრიტანულმა გამოცემამ ვერ აღმოაჩინა ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილის მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულებები“, თუმცა, ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო მასალაში, ჟურნალისტები წერენ კეზერაშვილის სოციალურ კავშირებზეც გლობალურ თაღლითობასთან დაკავშირებულ Milton group-ის ათობით თანამშრომელთან.

„საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიახლე ციფრული პლატფორმიდან წაიშალა, რადგან მივიჩნიეთ, რომ არასრულად ასახავდა BBC-ის საგამოძიებო სტატიის აქცენტებსა და სულისკვეთებას, ასევე, არ სთავაზობდა აუდიტორიას არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის კომენტარს“, - განაცხადა „ფორმულას" ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ ბაჯელიძემ.

ციფრული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ არასრული სიუჟეტის გავრცელებას ამჯობინეს, მოამზადონ მასალა ყველა დეტალით, მათ შორის, დავით კეზერაშვილის კომენტარითა და ინფორმაციით იმ ჟურნალისტების შესახებაც, ვინც BBC Eye-ის ამ საგამოძიებო სიუჟეტისთვის იმუშავა.

ბაჯელიძე ამბობს, რომ ტელევიზიისა და ციფრული პლატფორმისთვის ორი განსხვავებული ჯგუფი მუშაობს. ზოგადი სტანდარტით, სოციალური მედიის არხებზე აქვეყნებენ ახალ ამბებში გასული სიახლეებს, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ციფრული ახალი ამბების სარედაქციო ჯგუფი ამბის განსხვავებულად გაშუქების გადაწყვეტილებას იღებს.

„მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ, ციფრულ პლატფორმაზე გაგვევრცელებინა 12-საათიანი გამოშვებაში გასული სიახლე, რომელიც სიჩქარის გამო, ამბავს არასრულად ჰყვებოდა და თითქოს, კონტექსტისგან იყო დაცლილი" - ამბობს მარიამ ბაჯელიძე. „ციფრული და სატელევიზიო პლატფორმებისთვის მზადდება სრულყოფილი ამბავი ამ ჟურნალისტური გამოძიების შესახებ."

ბიზნესმენმა, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, BBC-ის გამოძიების საპასუხოდ განცხადება ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა, რომელიც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ მასალას მოხსენიებს, როგორც ინტერპრეტირებულს, მცდარს.

მისი თქმით, აპირებს, გამოიყენოს სამართლებრივი ბერკეტები, რომლითაც „BBC-ის პლატფორმაზე გასულ მასალაში მასთან დაკავშირებულ უზუსტობას" დაამტკიცებს.

„ეს მასალა მაყენებს ზიანს, მითუმეტეს, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზებული მართლმსაჯულება. ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი, მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა", - წერს კეზერაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner