ამერიკული გაზეთი The Washhington Post-ი იუწყება, რომ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა გადაიდო უამინდობის, დასავლეთის მიერ აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის ნელი მიწოდებისა და პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო.
ამერიკული გაზეთი აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი საგაზაფხულო შეტევა განიხილებოდა, როგორც უკრაინის ერთადერთი შანსი წელს დაებრუნებინა რუსული ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.
თუმცა, ოპერაცია ჭიანურდება ამინდის პირობების, აღჭურვილობის ნელი მიწოდებისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, რაც იწვევს შიშს, რომ სიტუაცია შეიძლება ჩიხში შევიდეს.
„დაგეგმილ კონტრშეტევას კიდევ უფრო ართულებს აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვა, რომელიც მათ შორის შეიცავს უამრავ დეტალს უკრაინის არმიის მდგომარეობისა და მისი შესაძლებლობების შესახებ, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სუსტი ადგილების შესახებ, რამაც შეიძლება აიძულოს მეთაურები შეცვალონ გეგმები“, - წერს The Washhington Post-ი.
გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ თუ უკრაინა ვერ დაიბრუნებს ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ბევრი უკრაინელი შიშობს, რომ ისინი იძულებულნი იქნებიან რუსეთთან მოლაპარაკება არახელსაყრელი პოზიციიდან წარმართონ.
ამავდროულად, საბრძოლო მასალის ნაკლებობისა და დასავლელი პარტნიორებისგან დახმარების მიღების მოლოდინის მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ რუსეთის თავდაცვის სუსტ წერტილებს კონტრშეტევის დაწყებამდე.