logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი
- +

12 აპრილი. 2023. 22:28

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან ერთობლივ დეკლარაციას მოაწერა ხელი.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დოკუმენტი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის დარგობრივი თანამშრომლობის განვითარებას და გამოცდილების გაზიარებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა: ციფრული მმართველობის განხორციელების პოლიტიკა და სერვისების განვითარება.

ერთობლივი დეკლარაციის გაფორმებამდე იუსტიციის მინისტრმა სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის მოდერნიზაცია ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მეშვეობით არის ყველა იმ რეფორმის ქვაკუთხედი, რომელთაც ახორციელებს როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ისე იუსტიციის სისტემაში ჩართული სხვა ინსტიტუციები.

„მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ციფრული ინსტრუმენტების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენებით იუსტიციის სამინისტრო, როგორც საჯარო სერვისების მიმწოდებელი უწყება, ერთი ფანჯრის პრინციპით მთელი ქვეყნის მასშტაბით 470-ზე მეტი სერვისის მიწოდებას ახორციელებს.

მინისტრმა მობილური აპლიკაცია JustApp-ის ამოქმედებაზეც ისაუბრა, რომლის საშუალებითაც ყველა სახელმწიფო სერვისი ონლაინ რეჟიმში იქნება ხელმისაწვდომი.

მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა, რომ უწყების პრიორიტეტი სერვისების დიგიტალიზაციაზე მუშაობის გაგრძელებაა, პარტნიორ ქვეყნებთან დარგობრივი თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება კი, ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის განვითარებას ორივე ქვეყანაში. ევროკავშირში გაწევრების გზაზე დარგობრივი თანამშრომლობის ახალი სფეროების გაძლიერება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით.

პორტუგალიის დიგიტალიზაციისა და ადმინისტრაციული მოდერნიზაციის საკითხებში სახელმწიფო მდივან მარიო კამპოლარგოსთან შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს დელეგაციის პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და პორტუგალიის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი უწყებების ხელმძღავნელებმა - რატი ბრეგაძემ და კატარინა სარმენტო ე კასტრომ მოაწერეს ხელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner