logo_geo
eng_logo
ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან დაკავშირებით, თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

13 აპრილი. 2023. 10:26

 

 

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის სამზადისთან და სეზონის გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დაესწრო, რეგიონში ტურიზმის კუთხით მიმდინარე პროექტებზე, განახლებულ ტურისტულ პროდუქტებსა და ტურისტული სეზონის მოლოდინზე ისაუბრეს.

 

დაანონსდა ზაფხულის სეზონის გახსნა. ბათუმი 3-4 ივნისს სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ  ორდღიან ფესტივალს უმასპინძლებს.

 

შეხვედრაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ სექტორს რეგიონში ტურისტების მოზიდვის სტრატეგია, მიმდინარე ტურისტული პროექტები და  ბათუმში მიმდინარე წელს დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებები გააცნო. წელს ბათუმში ისეთი საერთაშორისო ტურისტული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება, როგორიცაა „World Trawel Awards“-ის დაჯილდოების ღონისძიება, ევროპის სოფლის ტურიზმის გენერალური ასამბლეა, ფეხბურთის 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატი (18 წლამდელთა), ქალთა შორის ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშება და სხვა.

 

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ტურიზმის აღდგენის დინამიკა რეგიონში უპრეცედენტოა. ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით გაორმაგებულია. საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები საქართველოში  3.5 მლრდ აშშ დოლარს აღემატება. 2022 წელს შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ  აჭარის რეგიონში  3 909 094 ვიზიტი განხორციელდა. 2022 წელსვე,  სრულად აღდგა ვიზიტები და ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.  ასევე, გაზრდილია სასტუმროების და განთავსების ობიექტების დატირთვის კოეფიციენტი.

 

საინტერესო ტურისტული პროდუქტებით ხვდება ტურისტულ სეზონს აჭარა, სადაც მოგზაურებს ზიპლაინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, კანიონინგი კაპნისთავსა და უჩხოში, სამთო ველობილიკი ქედა-შუახევში, ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ინფრასტრუქტურა ჯვარიმინდორზე, ჩირუხში, კაპნისთავსა და შუამთაზე,  ასევე 25-მდე მარკირებული ტურისტული მარშრუტი ელოდებათ.

 

შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელები და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner