აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა ახლოს არის იმ პირის იდენტიფიცირებასთან, რომელიც პასუხისმგებელია აშშ-ის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაზე.
„როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება. [აშშ-ის] სადაზვერვო საზოგადოება და იუსტიციის დეპარტამენტი წარმართავენ გამოძიებას. ისინი ახლოს არიან პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებასთან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანამდე The Washington Post-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პენტაგონის „საიდუმლო მასალების“ გაჟონვის უკან შესაძლოა ერთ-ერთი ამერიკული სამხედრო ბაზის ახალგაზრდა თანამშრომელი იდგეს.
7 აპრილს, პენტაგონის ოფიციალურმა პირმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ პენტაგონი უკრაინის შესახებ აშშ-ისა და ნატოს დაზვერვის სავარაუდო საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას იძიებს.