ლაშა კალანდაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა გენზის სასამართლო მოიგო. როგორც გადაცემა „იმედი LIVE“-ში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა აღნიშნა, 24 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, გზა გაიხსნა იმისაკენ, რომ წვდომა აღდგეს ყველა აქტივთან, მათ შორის ფულად სახსრებთან მიმართებაში.
„სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება 2023 წლის 24 მარტს გამოაცხადა, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში იკითხებოდა გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიხედვით ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ის დაბრკოლებები, რაც არსებობდა აქტივების მართვასთან მიმართებაში ფაქტიურად აღმოიფხვრა და ამ გადაწყვეტილებით გზა გაიხსნა იმისაკენ, რომ წვდომა აღდგეს ყველა აქტივთან, მათ შორის ფულად სახსრებთან მიმართებაში.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ წაიკითხა დასაბუთებული გადაწყვეტილება, ჩვენს უცხოელ ადვოკატებს მოლოდინი გაუჩნდათ, რომ წერილობითი სახით გადაწყვეტილება ხელმისაწვდომი იქნებოდა მარტის ბოლოსკენ ან აპრილის დასაწყისისთვის, თუმცა ამ თვალსაზრისით მათ იმედები გაუცრუვდათ. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ სასამართლომ წერილობით ჩამოაყალიბა ეს გადაწყვეტილება, სადაც აღწერილია ის ძირითადი საფუძვლები და მოტივები, რასაც სასამართლო გადაწყვეტილების მიღების დროს დაეყრდნო. ასე, რომ წერილობით სახით გადაწყვეტილება უკვე არსებობს“, - აღნიშნა ლაშა კალანდაძემ.