იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა.
წმინდა ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე აგებული კუვუკლიიდან იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილე III გამოიტანა. ზეციური ცეცხლი უფლის საფლავზე 15:55 საათზე გადმოვიდა.
მანამდე იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევიდა და საფლავი თბილისის დროით, დაახლოებით, 15.51 საათზე დაიხურა. პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს. კუვუკლიაში შესვლამდე, იერუსალიმის პატრიარქმა მაცხოვრის საფლავს სასულიერო პირებთან ერთად სამჯერ ლიტანიობით შემოუარა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდანაც. მომლოცველთა ერთი ჯგუფი წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათზე ჩამოაბრძანებს, რის შემდეგაც იგი ტაძრებში, სააღდგომო ლიტურგიაზე გავრცელდება.
უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.