თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, 15 აპრილს, საღამოს 23:00 საათიდან 16 აპრილის დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.
როგორც თამაზ რობაქიძემ აღნიშნა, 16 და 17 აპრილს, თბილისის სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.
„აღდგომას, საღამოს 23:00 საათიდან დილის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება. რაც შეეხება 16 და 17 აპრილს, ამ დღეებში, სასაფლაოების მიმართულებით, დამატებითი მარშრუტები დაინიშნა. ისინი დილის 08:00-დან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან. მეტროსადგური დიდუბიდან დამატებითი მარშრუტები მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით დაინიშნა. ასევე, „დელისის“ მეტროდან საბურთალოს სასაფლაოსკენაც, მარჯანიშვილის მეტროდან და სადგურის მოედნიდან კუკიას სასაფლაოს მიმართულებით, ჭიჭინაძის ქუჩიდან ვერის სასაფლაოსკენ, სარაჯიშვილის მეტროდან თბილისის ზღვის სასაფლაომდე, ხოლო შუა მთის ქუჩიდან და ვარკეთილის მეტროდან ვარკეთილის სასაფლაომდე, ნახსენები დროის განმავლობაში, ავტობუსები უფასოდ ივლიან“, - განაცხადა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა.