გიორგი მიქაუტაძე „მეცისა” და „ბორდოს“ (3:0) შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეა, – ასეთია sofascore-ის შეფასება.
ფეხბურთის ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა საფრანგეთის ლიგა 2-ის ლიდერების შეხვედრაში საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელს 8.4 ქულა დაუწერა, რაც ყველა დანარჩენი მოთამაშის შედეგს ბევრად აღემატება. მაგალითისთვის მეორე ადგილზე მყოფი აბლი იალოუს შეფასება იკმარებს, რომელმაც მხოლოდ 7.7 ქულა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ სეზონის საშუალო მაჩვენებლებითაც ლიდერობს – 22 წლის ქართველის შეფასება 7.20-ია და ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშეთა ათეულშია.
შეგახსენებთ, რომ Transfermarkt-მა მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონ ევრომდე გაზარდა, ხოლო ლიგა 2-ის გვერდმა გიორგი მარტის საუკეთესო მოთამაშეთა ნომინაციაში დაასახელა და დიდი შანსია, თვის ფეხბურთელი გახდეს (იხილეთ ბმული)
საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „ბორდოსთან“ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა – პირველ ნახევარში მასზე აღებული ჯარიმისთვის მეტოქის მეკარე გააძევეს და „მეცმა“ ამ უპირატესობით შესვენების შემდეგ ისარგებლა. ქართველმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა, რითიც გუნდს გამარჯვება მოუტანა – 3:0.