logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: საქართველო - დასავლეთის ბუნებრივი პარტნიორი რეგიონში
- +

1 სექტემბერი. 2016. 16:00


 

(ზოგიერთი პირადი მოსაზრება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით და არა მხოლოდ)


შესავლის მაგივრად

 

თავშივე მინდა განვაცხადო, რომ ეს ტექსტი არ ეხება მხოლოდ საგარეო პოლიტიკას. ასე ვთქვათ, მას მხოლოდ ნაწილობრივ ეხება. მასში გამოყენებულია რამდენიმე ფრაგმენტი ჩემი ძველი სტატიებიდან თუ გამოსვლებიდან. შესაძლოა, შინაარსობრივადაც ტექსტს აკლია აკადემიური სინატიფე და სტრუქტურულადაც მისი სხვადასხვა ქვეთავები უფრო ცალკე აღწერილ ფრაგმენტებს წარმოადგენს.  მინდა, აგრეთვე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ წინამდებარე სტატია არ არის გამიზნული რაიმე სახის  რეკომენდაციის ან რჩევების მისაცემად. უბრალოდ, ამ ტექსტით მინდა პასუხი  გავცე ზოგიერთ ადგილობრივ  პოლიტიკოსს  და ექსპერტს, რომლებიც შეგნებულად ცდილობენ, თავდაყირა დააყენონ ჩვენი საგარეო პოლიტიკის მოცემულობა,  პრიორიტეტები, ჩვენი სახელმწიფო ინტერესები და მოვძებნო პასუხი, თუ რით არის ეს განპირობებული - მხოლოდ პირადი ინტერესებით და ამბიციებით? შევეცდები, ამ ყველაფერს ქვემოთ მოვუძებნო ახსნა, ხოლო დასკვნების გაკეთება მკითხველისთვის მიმინდია.


1.„ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკის ოთხი წელი - შეცდომის დაშვების უფლების გარეშე გეოპოლიტიკური არეულობის ზონაში


მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს სრულდება „ქართული ოცნების" სახელისუფლებო  (მათ შორის საპარლამენტო) საქმიანობის მეოთხე წელიწადი.  წინ ახალი გამოწვევები და ამოცანებია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ ეკონომიკის აღორძინებით, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, მათი შემდგომი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის გზით უნდა გადაჭრას. ჩვენი მიზანია 2012 წელს დაწყებული ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესის გაგრძელება და მისი ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აყვანა. ეს უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობასა და ქვეყნის განვითარებაში სტაბილურობის განმტკიცებას.  საქართველო უნდა იყოს  საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული და საჭირო წევრი, მოკავშირეებისთვის პროგნოზირებადი და სანდო  სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის მზად იქნება, დაიცვას პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საკუთარი სტრატეგიული მიზნები, მაგრამ აგრეთვე, ნაკლები რისკების ფასად, გაითვალისწინოს და გათვალოს „სხვისი" ინტერესებიც. სასურველია,  ამ ურთულესი პოლიტიკური პარტიტურის რეალიზება მოხდეს დღეს მსოფლიოში არსებული „რეალპოლიტიკის" რეჟიმში, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების ყველა პარამეტრის დაცვით.

ჩვენ არათუ სულ უნდა გვახსოვდეს, თუ ვინ ვართ, ან როგორი „დიადი მემკვიდრეობის, ტრადიციების და კულტურის მქონე ქვეყანა ვართ", არამედ  არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,  თუ სად მდებარეობს საქართველო, როგორია მისი უძველესი წარსული, ისტორიული ურთიერთობები სამეზობლოსთან და როგორ აღიქმება დღეს ამ სახელმწიფოების მიერ  ჩვენი სტრატეგიული ამოცანები და პერსპექტივები.  საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და რეალიზებაში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, რა თქმა უნდა, სათანადო როლი და ფუნქცია უნდა ჰქონდეთ უშუალოდ საქართველოს მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორს. ასე ფუნქციონირებს საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები დღევანდელ მსოფლიოში და ჩვენმა ქვეყანამ ესეც უნდა გაითვალისწინოს.


მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიის სფეროში ვმუშაობ. თავს გარკვეულწილად ვალდებულადაც ვთვლი, რომ სწორედ დღეს, როდესაც  ოთხწლიანი პერიოდის შეჯამების დრო დადგა, შემოგთავაზოთ ჩემი ზოგიერთი ხედვა, რომელიც იქნებ ქართველი პოლიტიკოსების მომავალ თაობასაც გამოადგეს, თუნდაც მათ, ვინც ხელისუფლებაში დარჩება ან მოვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და  მაღალ სახელმწიფო პოსტებს დაიკავებს.


რატომ გადავწყვიტე ამის გაკეთება? ვთვლი, რომ დღეს საქართველო, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, გარკვეულ, მე ამას დავარქმევდი, გარდამტეხ ეტაპზეა. ჩვენ გვაქვს მიღწევები, რომლებიც აღიარებულია ჩვენი ხალხის და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და აგრეთვე  დაშვებული გვაქვს შედომებიც, რაც პრინციპში, გარდაუვალი იყო, ვინაიდან ჩვენ 1990 წლიდან ვაშენებდით ახალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოს და ამის გამოცდილება არ გვქონდა.


პრეტენზია არ მაქვს, რომ ყველა კითხვას პასუხს გავცემ და ყველა საკითხზე ერთადერთ მართებულ დასკვნას გამოვიტან. მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გიზიარებთ მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებებს და მზად ვარ მომავალი განხილვის და დისკუსიისთვის, რომელშიც სხვებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს და საკუთარ აზრს გამოთქვამს ზოგიერთი ის „ექსპერტი" თუ პოლიტიკოსიც, რომელიც თითქმის ყოველდღურ რეჟიმში გვმოძღვრავს და ღვარძლიანად გვაკრიტიკებს პრესის ფურცლებიდან და სატელევიზიო ეკრანიდან. საერთოდ კი ვთვლი, რომ ჩვენი საზოგადოებისა და ასევე საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე ადამიანებისათვის, კონკრეტულად კი ჩვენი დიპლომატებისთვის, ძალიან სასარგებლო იქნებოდა გარკვეული სახის ღია „სადისკუსიო კლუბის" არსებობა, რათა საუკეთესო იდეები და მოსაზრებები, თუნდაც ოპოზიციური თუ ჰიპოთეტური ხასიათის, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დახვეწას, ოპტიმალური ვარიანტების მოძებნას და ჩამოყალიბებას მოხმარდეს.


აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  საერთოდ პოლიტიკაზე და კონკრეტულად მის საგარეო მიმართულებაზე ჩვენს მსჯელობას და დისკუსიებს აკადემიური, მეცნიერული კომპონენტი აკლია. ჩვენ გვყავს მაღალი დონის მეცნიერები და ექსპერტები, რომელთა აზრის გათვალისწინება პოლიტიკური პროცესების სწორად და ადეკვატურად აღქმას და წარმართვას წაადგებოდა. საჭიროა ამ პრობლემის სისტემურად გადაჭრა - ე.წ. „საგარეო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის" შექმნა, რომელშიც გაერთიანებულები იქნებიან პოლიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტები, ექსპერტები, ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. უნდა შეიქმნას სათანადო პროფილის ინსტიტუტები, კვლევითი ცენტრები, ფონდები. ამგვარი სისტემა ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში არსებობს, თუმცა, ეს ყველაფერი იმ ქვეყნებში საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა. გასაგებია, რომ ეს   საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სწორედ ამგვარი სისტემის არსებობამ საქართველოს უნდა მოუტანოს არა მხოლოდ პოლიტიკური თუ სტრატეგიული, არამედ ფინანსური და ეკონომიკური დივიდენდებიც.


დიპლომატია, როგორც სახელმწიფოს წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მხოლოდ საგარეო მოხმარების საგანი არ არის. გამართული და ადეკვატური საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას, ეკონომიკის მდგრად განვითარებას, ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის  გამყარებას.


2.საქართველო - სტაბილურობის კუნძული

 

ეს არის ამონარიდი ავტორიტეტულ ესპანურ გაზეთ „ელ პაისში" დაბეჭდილი სტატიიდან: „საქართველო, რომელიც რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს, დღეს ამ ტურბულენტურ ზონაში  სტაბილურობის კუნძულს წარმოადგენს", წერს პუბლიკაციის ავტორი, ცნობილი ჟურნალისტი პილარ ბონე. რამდენი რამ არის ნათქვამი ამ ფრაზით!


საქართველო დასავლეთისა და აღმოსავლეთის სამყაროთა (თუ ცივილიზაციების) უმსხვილესი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესების იმ გზაგამყოფს წარმოადგენს, რომელზეც საუკუნეების განმავლობაში უამრავი, განსხვავებული სტრატეგიული ვექტორი და ინტერესი იკვეთება. ამიტომაც გლობალიზაციის თანამედროვე ეპოქაში არცერთი მოვლენა არ უნდა მოგვეჩვენოს შორეულად და უმნიშვნელოდ. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ურთიერთობებზე  ევროპასა და ამერიკასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ  ბაღდადი, კირკუკი, თეირანი, დამასკო და ალეპო - და მთლიანად ახლო აღმოსავლეთის ფეთქებადსაშიში რეგიონი - ჩვენთან ასე ახლოსაა. როგორც ადრე, ისევე დღესაც უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, და საბოლოო ჯამში, ნებისმიერი ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ერთმანეთზე დამოკიდებული, ერთმანეთში გადაჯაჭვული ელემენტებია. როგორც ე.წ. „ქაოსის თეორია" გვასწავლის,  პატარა პეპელას ფრთების ფარფატმა სადღაც ინდონეზიაში შესაძლოა უზარმაზარი ეკოლოგიური კატაკლიზმები გამოიწვიოს მისგან შორეულ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში. ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ასეა პოლიტიკაშიც: ის, რაც ხდება საქართველოდან მოშორებით, იქნება ეს ევროპა თუ ამერიკა (არაფერს ვამბობ ჩვენ უახლოეს სამეზობლოზე), აუცილებლად აისახება ჩვენი სახელმწიფოს მდგომარეობაზე, მასში მიმდინარე პროცესებზე და არსებულ პერსპექტივებზე.


დისკუსია უთუოდ გულისხმობს კრიტიკული შენიშვნების მოსმენასა და მათ გათვალისწინებას. სათანადო საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები საჯარო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. დღევანდელი დიგიტალური ყოფის (ინტერნეტი, სოციალური ქსელები, ტვიტერი, ინსტაგრამი და ა.შ) პირობებში უკვე გაჩნდა  კიდევაც ასეთი ტერმინი - დიგიტალური დიპლომატია.  დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში თითქმის არაფერი იმალება, ყველაფერი ერთდროულად ვირტუალურიც არის და რეალურიც, ლოკალურიც და გლობალურიც, მათ შორის დიპლომატია და მთლიანად საგარეო პოლიტიკა. თუმცა, დიპლომატის თუ სახელმწიფო მოხელის სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად რთულია იმ მიღწევების გასაჯაროება, რასაც აღწევს, მაგალითად, ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც მეც წარმოვადგენ. ამ გუნდისთვის მთავარი საქმეა და არა  ლაპარაკი. ძალიან ხშირად სწორედ ყოველდღიურ, უხილავ და რუტინულ სამუშაოს მოაქვს უფრო მნიშვნელოვანი, და არ შევუშინდები ამ სიტყვას - სტრატეგიული ხასიათის ან თუნდაც ისტორიული მნიშვნელობის წარმატება.


3.ეროვნული ინტერესების დაცვის მთავარი პირობები:რაციონალიზმი და პრაგმატიზმი

 

ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიღწევები წარმოადგენს არა მხოლოდ  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულების სიმბოლოს, არამედ იმასაც რომ საქართველო რეალურად მონაწილეობს მსოფლიოს საერთაშორისო პოლიტიკაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ აფასებს დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ ყველა ქვეყნის ხელისუფლების ღვაწლის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საერთაშორისო იმიჯის განმტკიცებისთვის. ჩვენი სახელმწიფო აღმშენებლობა ხომ 2003 წლიდან არ დაწყებულა - გავიხსენოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღება, ახალი კონსტიტუციის შექმნა, ეროვნული ვალუტის შემოღება, ჯერ რუსი მესაზღვრეების და შემდგომ კი რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან და, რა თქმა უნდა, ისტორიული ხასიათის „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" და „სამხრეთკავკასიური გაზსადენის" მილსადენების პროექტების რეალიზება, რომლებმაც სტრატეგიული ფუნქცია შესძინა ჩვენს ქვეყანას.


ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ 2003 წლამდე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ბევრი უარყოფითიც ხდებოდა. გასაგებია, რომ არ უნდა დაიკარგოს ის დადებითი, რაც 2004 წლის შემდეგ გაკეთდა, თუმცა დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის ნეგატიური, რაც კონკრეტულად „ვარდების რევოლუციამ" მოუტანა ქვეყანას. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, სამართლიანობა უნდა აღდგეს. არავინ არ უნდა იდგეს კანონზე მაღლა და ამას არავითარმა „კოჰაბიტაციამ" ხელი არ უნდა შეუშალოს, პირიქით, მან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მორღვეული პოლიტიკური თუ ინსტიტუციური ბალანსის აღდგენას, დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესს. თუმცა, აქაც ზომა და ფორმაა დასაცავი და ეს არ უნდა იქცეს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მთავარ საკითხად. ჩვენ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენი პოლიტიკური თუ ემოციური ჟინი და ენერგია სწორედ ამ საქმის კეთებას  უნდა მოხმარდეს! და კიდევ ერთი: სამართლიანობის თუ ინსტიტუციური ბალანსის აღდგენა ვინმე „უცხო კაცის" კარნახით არ უნდა კეთდებოდეს. ეს ჩვენი გასაკეთებელია და „უცხო კაცი" ამ პროცესის მხოლოდ სწორად წარმართვასა და დასრულებაში შეიძლება დაგვეხმაროს.


მოდით, პირდაპირ ვთქვათ,  ამ ოთხი წლის განმავლობაში მსოფლიოსა და რეგიონში საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენების განვითარების ფონზე, ჩვენი გუნდის პრაგმატულმა, რაციონალურმა და შედეგებზე ორიენტირებულმა პოლიტიკამ საშუალება მოგვცა, თავიდან აგვეცილებინა ისეთი ტექტონიკური ხასიათის ძვრები და მოვლენები, რომლებიც თავს დაატყდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს და რეგიონებს. განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მშფოთვარე პროცესები მაქვს მხედველობაში, რომლებიც გლობალურ სტაბილურობაზე ახდენს ყოველდღიურ გავლენას და მათ მიმართ, სხვებთან ერთად, განსაკუთრებულად მგრძნობიარედ  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რეაგირებს. ფაქტია, რომ როცა შენი მეზობელი ცუდადაა, შენ კარგად ვერ იქნები. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით ფრთხილად და უშეცდომოდ გადის უფსკრულის პირას მდებარე „დანაღმულ გზას". მერწმუნეთ, ამ გზის წარმატებით გავლა  დიდი შრომისა და თავდადების ფასად გვიჯდება.  მინდა აღვნიშნო, რომ  ჩვენი ქვეყნის განვითარების ამ ურთულესი მონაკვეთის სწორად გავლა არა მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის, არამედ   საქართველოს ყველა პოლიტიკური ძალის მოვალეობაცაა.


ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ  რაციონალური და პრაგმატული საგარეო  პოლიტიკური კურსის გატარებას.  ჩვენი საგარეო პოლიტიკა წარმატებულია ყველა მიმართულებით - როგორც უმსხვილეს პარტნიორებთან, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. დღეს საქართველო რეგიონული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილეა. ამ ოთხი წლის მანძილზე ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, გაიხსნა NATO-ს სასწავლო ცენტრი, ჩატარდა და კვლავ გაგრძელდება უპრეცედენტო სამხედრო სწავლებები დასავლელ სამხედროებთან ერთად. ამ წვრთნების პირველი ნაკადის უცხოელმა წარმომადგენლებმა  საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი სიმბოლურად ქართველ კოლეგებთან ერთად აღნიშნეს; აშშ-სთან ხელი მოეწერა თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მემორანდუმს. ველოდებით სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი ქვეყნის დასავლურ ცივილიზაციასთან და მის იდეალებთან სწრაფვის ისტორიული მაგალითი გახდება. ჩვენთვის უმთავრესია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ ოთხ წელიწადში ეს შევძელით. საგარეო მიმართულებით, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, გვქონდა დიდი პროგრესი დასავლეთთან ურთიერთობაში, ისე რომ, უფრო მეტად არ დავაზიანეთ ურთიერთობა რუსეთთან და სწორედ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად ავიცილეთ სამხედრო გართულებების საფრთხე. ეს არ მომხდარა და არც არასოდეს მოხდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის - ჩვენი უმთავრესი ეროვნული ინტერესის დათმობის ხარჯზე.


ამასთანავე აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დაძაბულობის შესუსტება არანაირად არ შეეხო ჩვენი ქვეყნის განვითარების ძირითად ღერძს -  ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სუვერენიტეტს და რაც მთავარია საგარეო პოლიტიკურ ვექტორს და ტრაექტორიას. 2012-2016 წლების საქმიანობის შეჯამებისას აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ადგას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, მოდერნიზაციისა და რეფორმების გზას. ჩვენი ქვეყნის  საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანებიდან ერთ-ერთი მთავარია კვლავაც ვიყოთ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ადრე ხდებოდა, როდესაც ჩვენს ქვეყანას დისონანსი შეჰქონდა. „საერთაშორისო რადარებზე" დარჩენის ამოცანა რეალიზებულია, ამასთან ჩვენ ვრჩებით არა როგორც პრობლემა და „ახალი თავის ტკივილი", არამედ როგორც პრობლემების (მათ შორის სხვისი პრობლემებისაც!) გადაწყვეტაში მონაწილე ქვეყანა, საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების შენარჩუნებითა და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით.


4.ზესახელმწიფოების ინტერესების ცენტრში მყოფი საქართველო უნდა გახდეს არა „განხეთქილების ვაშლი", არამედ პრობლემების მოგვარების შემადგენელი ნაწილი

 

ოდნავ განვავრცობ „თავის ტკივილის" თემას. ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, რომ თუ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის „განხეთქილების ვაშლის" როლში დარჩება, ამით  მსოფლიოს  ყურადღების ცენტრში გარანტირებულად მოექცევა. თავს ნებას მივცემ და ოპონენტებს ვუპასუხებ ჩემი კარგი ნაცნობის, სელესტა ვოლანდრის სიტყვებით, რომელიც  აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი მრჩეველია რუსეთისა და ცენტრალური აზიის საკითხებში. მისი თქმით, ამერიკაში არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი არის ძლიერი ქვეყანა და მისი იზოლაცია შეგვიქმნის არა მხოლოდ პრობლემას, არამედ თავად გახდება მისი წყარო. ჩემი აზრით, ამით ბევრია ნათქვამი. გასაგებია, რომ ამერიკაშიც და სხვაგანაც არსებობს უფრო ხისტი მოსაზრებები და პოზიციები, მათ შორის, რადიკალურიც. ჩნდება კითხვა, რაღა ამ, პრინციპში, მარგინალურ პოლიტიკურ დაჯგუფებებს, რომლებსაც სერიოზული ამერიკელი პოილიტიკოსებიც უკვე ახლოს არ იკარებენ, დაესესხა რიტორიკაში წინანდელი ხელისუფლება, რომელიც ახლა, უკვე ოპოზიციაში მყოფი, გვიკიჟინებს მოძველებულ, „ნეოკონებისთვის" დამახასიათებელი მოსაზრებების და მიდგომების გამოყენებას, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში? შეერთებული შტატების დღევანდელი პრაგმატული (თუმცა უაღესად რთული) ურთიერთობები რუსეთთან განპირობებულია არა იმით, რომ ამერიკელ პოლიტიკოსებს ასე უცებ  "შეუყვარდათ" რუსეთი - ცნობილია, რომ ეს აპრიორი შეუძლებელია იდეოლოგიურად და ინსტიტუციურადაც და, აქედან გამომდინარე, ეს უბრალოდ  ვერასოდეს მოხდება. მაგრამ დღეს წინა პლანზე გამოდის რეალისტური და რაციონალური პოლიტიკა და ეს ეხება არა ზოგადად რუსეთთან ურთიერთობებს, არამედ უფრო რთულ დილემას - როგორ უნდა იმართებოდეს ამერიკის და მთლიანად დასავლეთის ურთიერთობები იმ „რუსეთთან", რომელიც დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკის რეალობაა და რომელთანაც დასავლეთი იძულებულია იქონიოს სხვადასხვა სახის პოლიტიკა, გლობალური, თუ რეგიონული მასშტაბით. ერთია, მაგალითად, ამერიკის რუსეთთან თანამშრომლობა სირიაში, და მეორეა ეს ურთიერთობები საერთაშორისო ტერორიზმთან მიმართებაში, როდესაც ამ პრობლემების მოგვარებისთვის ამერიკას რუსეთთან კოოპერირება სჭირდება. ამასთან ერთად, ვიცით, რომ დასავლეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთთან ვერ თანხმდება და როგორც ცნობილია, რუსეთსა და ამერიკას შორის უთანხმოებაა ევროპასთან და კონკრეტულად ევროკავშირთან მიმართებაშიც; ამასთან, თავად ევროპასა და ამერიკას შორის უამრავი გადაუწყვეტი საკითხი დაგროვდა; პრობლემებია ევროკავშირის შიგნით და „ბრექსიტი" ამის ყველაზე ნათელი გამოხატულებაა.


მოკლედ, როგორც ამერიკელი დიპლომატები ამბობენ ხოლმე, „რუსეთთან ამერიკას, და მთლიანად დასავლეთს, სხვადასხვა ზომის და წონის თევზი აქვს შესაწვავი". ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და  ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები და მიზნები უნდა მოვარგოთ არსებულ რეალობას. ისევ და ისევ, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენი ინტერესების იგნორირებას, ან მათი დასავლეთის რადარებიდან მოხსნას. ეს ნიშნავს იმის გათვალისწინებას, რომ ამ ურთულეს პროცესებში შესაძლოა მოხდეს უამრავი, ჩვენთვის უცნობი და ჩვენთვის მიუღებელი გარიგება, მიღწეულ იქნას მთელი რიგი  „გრანდიოზული კომპრომისები", მათ შორის შესაძლოა ჩვენთვის საზიანოც ან „უცნაური ხასიათისაც". ამგვარი რამ ხომ პირველად არ ხდება კაცობრიობის ისტორიაში? ასეთი ბევრჯერ მომხდარა ჩვენთან მიმართებაშიც. გავიხსენოთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორია! სწორედ ამიტომ, მყარად  უნდა ვიდგეთ ჩვენი ინტერესების დასაცავად, არ უნდა დაგვავიწყდეს წარსულის პრეცედენტები და  ვიყოთ რეალისტები და პრაგმატულები, პროგნოზირებადი ჩვენი პარტნიორების და ასევე ჩვენი ოპონენტების მიმართ. ვიყოთ ფრთხილად და გვახსოვდეს ის, რასაც ერთი აფრიკული იგავი გვამცნობს: „იმის მიუხედავად სპილოები ესიყვარულებიან თუ ეჩხუბებიან ერთმანეთს, ნებისმიერ შემთხვევაში მათ ქვეშ ბალახი ითელება!"


ზოგჯერ ზედმეტ აჟიტირებას მივეცემით ხოლმე დასავლეთის მხრიდან რუსეთის მისამართით გაკეთებულ ამა თუ იმ „მკაცრ განცხადებასთან" დაკავშირებით, ან ზედმეტად ვკეკლუცობთ ამერიკასა თუ ევროპაში გამართულ რომელიმე „მაგარ შეხვედრასთან" დაკავშირებით. ეს ყველაფერი კარგია, თუკი ამას მოუზომელი ეიფორია არ გადაფარავს. ამავე დროს ჩვენ გვმართებს კარგად გავიგოთ, თუ რა აზრია ჩადებული, ან რა იკითხება ამ განცხადებების სტრიქონებს შორის ან მათ მიღმა, და ადეკვატურად აღვიქვათ ყველა ის „ღიმილიანი მესიჯი", რომელიც მაღალი დონის შეხვედრებზე გაიჟღერებს. პირადად მე ბევრი ასეთი შეხვედრის მომსწრე და მონაწილე ვარ. დავსწრებივარ წარმატებულ და არცთუ შედეგიან შეხვედრებსაც. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო პერიოდის მაღალი დონის ვიზიტები რადიკალურად განსხვავდება  მთელი ჩვენი განვლილი პერიოდის შეხვედრებისგან, რომლებსაც, მიუხედავად მეგობრული და თბილი ფონისა,  მაინც უფრო პატრონსა და კლიენტს შორის საუბრის  ხასიათი ჰქონდა. ამ ბოლო დროს კი ვხედავ, რომ ეს არის სტრატეგიული ხასიათის საუბრები თანასწორუფლებიან პარტნიორებს შორის. ბოლო თვეების განმავლობაში გამართული შეხვედრებიდან  მიუნხენში, ვაშინგტონიში, ბერლინში და ანკარაში  ძალიან კმაყოფილი გამოვედი. იყო  ბევრი „სითბო და ღიმილი", მაგრამ ასევე უაღრესად სერიოზული საუბარი შედგა, რაც საქართველოს და მთლიანად ჩვენს რეგიონს, ჩვენი ქვეყნის პრობლემებსა და სტრატეგიულ პერსპექტივებს შეეხებოდა. გასაგებია,  მავანი მეტყვის, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრები ყოველთვის თბილი და იმედის მომცემია და თუ რამდენად აისახება და გარდაიქმნება ეს „სითბო და ღიმილი" რეალურ პოლიტიკაში, ეს სულ სხვა საქმეა. ჩვენი პარტნიორების პოზიტიური განწყობების პრაქტიკაში რეალიზება უკვე ჩვენზეა  დამოკიდებული და პირველ რიგში განპირობებულია იმ სწორი პოლიტიკის გატარებაზე, რომლის თაობაზეც შეთანხმებები უკვე მიღწეულია. ჩვენი მთავრობის მიმართ ნდობის ხარისხი დიდია და ამას გაფრთხილება სჭირდება! საქართველომ, როგორც მის უმთავრეს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან, ასევე წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში, არა მხოლოდ დაამტკიცა ქმედითუნარიანობა, მოახდინა გონივრული და მოქნილი პოლიტიკის დემონსტრირება, არამედ გახდა „საჭირო ქვეყანა", სანდო და საიმედო პარტნიორი.


5.საქართველოს ევროატლანტიკური გზა: ეფექტიანობა ეფექტურობის ნაცვლად

 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მხოლოდ მეოთხედი საუკუნეა გასული. ეს პერიოდი მძიმე და პრობლემური აღმოჩნდა. საქართველოს ხელისუფლება სრულად აცნობიერებს რთულ  თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ რეალობას. ჩემი აზრით, გაუმართლებელია,  რომ ქვეყანა  ილუზიებსა და მუდმივი მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობდეს.  გამახარა იმ ფაქტმა, რომ ამჯერად, ვარშავის NATO-ს სამიტის წინ არავის უთქვამს, რომ, „MAP-ზე მეტს" მივიღებდით. სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს ალიანსის სრული მხარდაჭერა, რომელიც ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მიმართულ კონკრეტულ ღონისძიებებში გამოიხატება, რაც გულახდილად რომ ვთქვათ, არ არის MAP-ზე ნაკლები.


საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური  კურსი უცვლელია. ეს არის ჩვენი მოსახლეობის არჩევანი, რომელსაც ალტერნატივა არ და ვერ ექნება, ვინაიდან ის ჩვენს თვითმყოფადობას შეესაბამება და პასუხობს ჩვენს ღირებულებებს. მე ღრმად მწამს, რომ  თავად დაახლოების პროცესი NATO-სთან და ევროკავშირთან არანაკლებ მნიშვნელოვანი და ხელსაყრელია ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ამ ორგანიზაციებში გაწევრიანება. აღნიშნული პროცესი საქართველოს საშუალებას აძლევს, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების დახმარებით მოახდინოს ქვეყნის მოდერნიზება, გაატაროს წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ინსტიტუციონალური დემოკრატიის საფუძვლებზე ააშენოს სტაბილური საზოგადოება. ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველო უნდა გახდეს ფუნქციონალური, ხელსაყრელი და საინტერესო ქვეყანა. ისიც აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც  განვითარებადი დემოკრატიის მაგალითი ჩვენს რეგიონში და მთლიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.  თუმცა ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს შედარება ხდებოდეს ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, თუმცა რატომ მხოლოდ მათთან?

 

6.საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა გახდეს ყველა პოლიტიკური ძალის ზრუნვის საგანი, რაც კონცეპტუალური კონსენსუსით მიიღწევა

 

როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველომ ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული „დანაღმული გზა" დანაკარგების გარეშე უნდა განვლოს ისე, რომ შეინარჩუნოს ევროპული და დემოკრატიული ფასეულობებისა და პრინციპებისადმი ურყევი სწრაფვა და ამასთანავე, ეს რთული პროცესი მაქსიმალურად უსაფრთხო გახადოს. სწორედ სტაბილური და უსაფრთხო  საქართველო წარმოადგენს მეზობელი ქვეყნების სტაბილურობის გარანტიას, მათ შორის რუსეთის სამხრეთი ნაწილისთვისაც. ეს ყველაფერი რუსეთის მმართველებს წარსულში კარგად ესმოდათ. ესმის კი ეს რუსეთის დღევანდელ ხელმძღვანელობას? არ მგონია... და, თუ ესმით, მხოლოდ მათთვის მისაღები ინტერპრეტაციით.


ჩვენი ქვეყნის საგარეო და თავდაცვითი პოლიტიკა ძირითადი პოლიტიკური ძალების კონსენსუსის მოედანი უნდა გახდეს. NATO-ს ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ავტორიტეტულ ფორუმზე დასავლელ კოლეგებს ამაყად ვაჩვენე საქართველოში მოქმედი ძირითადი პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების მიერ მიღებული ერთობლივი დეკლარაცია ევროატლანტიკური არჩევანის ხელშეუხებლობის შესახებ. ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს ფასეულობები, პრინციპები და პოზიციები, რომლებიც უფრო ძლიერსა და მიმზიდველს გახდის ჩვენს სახელმწიფოს.


NATO-სკენ მიმავალი გზა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო პროგრამით - „პარტნიორობა მშვიდობისთვის". სწორედ მის განხორციელებაში უნდა ასახულიყო ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფება პროგრესისკენ, დასავლური ცივილიზაციისკენ, დემოკრატიული იდეალებისა და ღირებულებებისკენ. NATO ხომ მხოლოდ სამხედრო ალიანსი არ არის, არამედ ეს არის განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფოების პოლიტიკური გაერთიანებაც, რომელიც, პირველ რიგში, ზემოთ აღნიშნულ საზიარო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებს ეფუძნება. ამ კავშირში ინტეგრაციის პროცესი უაღრესად მომგებიანია ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელსაც უმკაცრესი სტანდარტების დაცვის გზით, მათ შორის პოლიტიკური ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პრაქტიკის განმტკიცებით, სურს გაატაროს შესაბამისი რეფორმები და გახდეს ჭეშმარიტ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანა. სწორედ ეს მიზანი დაისახა საქართველომ და თანმიმდევრულად მიიწევს ამ მიმართულებით.


NATO-სთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, დღეს საქართველო უსაფრთხოების მომხმარებლიდან, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნე, უსაფრთხოების გლობალურ მიმწოდებლად გადაიქცა. დასავლური სამყარო საქართველოს სანდო და თანასწორ პარტნიორად აღიქვამს. NATO-ს ქვეყნები, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაზრდაში გვეხმარებიან. ეჭვგარეშეა, რომ პირველ რიგში, ასეთი თანამშრომლობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი და მდგრადობა საკუთრივ საქართველოში. ამასთან ერთად, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ NATO-სკენ მიმავალი გზა და ალიანსის წევრობა არ ნიშნავს შიდა პრობლემების, მათ შორის ტერიტორიული საკითხების ავტომატურად გადაწყვეტა-მოგვარებას.  ეს ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან.  საქართველომ ეს არჩევანი გააკეთა იმისთვის, რომ შეუერთდეს განვითარებულ და ცივილიზებულ საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც  ჭეშმარიტად დემოკრატიული, დამოუკიდებელი და პარტნიორებისათვის სასარგებლო სახელმწიფო.


მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ქვეყნის, ე.წ. „ევრაზიულ" ტრაექტორიაზე მოქცევა ვერცერთ პრობლემას ვერ გადაწყვეტს და წინა და ასევე ჩვენი თაობის ბრძოლისა და პრინციპების უგულებელყოფად ჩაითვლება. თანამედროვე პოლიტიკა მექანიკურ ცვლილებებს არ ცნობს. საუბარია იმ ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე ქვეყნისა, სადაც ჩვენი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები იცხოვრებენ.  დღეს რეფორმებისა და მოქმედების რთულ გზაზე ვდგავართ და უპირველეს ყოვლისა ეს გზა ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების გასავლელია. NATO-ს, ევროკავშირს, შეერთებულ შტატებსა თუ ევროპის სახელმწიფოებს შეუძლიათ მხოლოდ დაგვეხმარონ  ურთულესი მიზნების მისაღწევად. ჩვენ კი, როგორც საზოგადოებას, გვევალება დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ჩვენს მიერ არჩეული გზა მარტივი არაა და წინ უამრავი სირთულე და გამოწვევა გველის.


საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს დასავლეთის ეკონომიკური სამყაროს ნაწილი. ამაში გამოიხატება ჩვენს მიერ არჩეული გზის სისწორეც. საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების შესახებ შეთანხმების სავაჭრო ნაწილმა საქართველოს   ხუთასმილიონიან ბაზარზე გასვლის პერსპექტივა გაუხსნა. გარდა ამისა, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, ამან საქართველოს საშუალება მისცა, მესამე ქვეყნებისათვის გახდეს დამაკავშირებელი ხიდი ამ ბაზარზე გასასვლელად და პირიქით. ყოველივე ეს საქართველოს სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის ტექნიკური მოდერნიზაციის  საშუალებას იძლევა. საქართველოსა და ევროპას შორის ისტორიულად არსებობს კულტურული კავშირები.  ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეტაპობრივი პროცესი არანაირად არ არღვევს  ეროვნულ იდენტურობას და თვითმყოფადობას.


7.როგორ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსები მაქსიმალურად,  ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან პრიმიტიული მიდგომები

 

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩემი საპარლამენტო მუშაობის ოთხწლიანი პერიოდის შეჯამებისას არ შემიძლია არ გამოვყო ისეთი მომენტები, რომლებიც მოითხოვს უკეთეს კოორდინაციას.   როგორც  ქართული დიპლომატიური მისიის მრავალწლიანმა ხელმძღვანელმა აშშ-ში, მინდა აღვნიშნო, რომ „ყოფილი ელჩები" არ არსებობენ. არცერთი მათგანი, ვისაც დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს, განსაკუთრებით ელჩების რანგში, ქვეყნისათვის დასაკარგი არ არის და მათი სათანადოდ გამოყენება აუცილებელია.


ამიტომ კარგი იქნება, თუკი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დაქვემდებარების ქვეშ და პარლამენტის სათანადო კომიტეტების აქტიური მონაწილეობით შეიქმნება ერთგვარი „დიპლომატიური კადრების ბანკი". სამწუხაროდ  უახლოეს წარსულში, სააკაშვილის მართველობის დროს, ხშირად   მიიღებოდა ისთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უფრო  ბიზანტიის იმპერატორის კარზე მიღებულ „იდუმალ გადაწყვეტილებებს" მოგვაგვაგონებდა. ინსტიტუციურად ამ პროცესიდან დღესაც მთლიანად ამოვარდნილია პარლამენტი და მისი სათანადო კომიტეტები: ელჩების შერჩევასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ კონსულტაციებში ისევე, როგორც მათი შემდგომი დამტკიცების პროცედურაში ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო დღესაც საერთოდ არ მონაწილეობს და ესეც „ვარდოსნების" ერთგვარი მემკვიდრეობაა.  არა მხოლოდ პარლამენტს, მიმაჩნია, რომ ამ უნიკალურ რესურსსთან, რასაც ელჩების ინსტიტუტი წარმოადგენს, საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს გარკვეული წვდომა. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი ხომ სახელმწიფო ღირებულების მატარებელია, სახელმწიფოს საკუთრებაა და არა რომელიმე პარტიის.  მის შექმნას და ჩამოყალიბებას წლები დასჭირდა. ამიტომაც, სასურველია, სამთავრობო დონეზე უფრო ეფექტური  გახდეს უწყებათაშორისი მუშაობა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრის პროცესში, მოხდეს   პარლამენტის  პროფილური კომიტეტების   უფრო აქტიური ჩართვა.


არ შემიძლია კიდევ ერთ თემას არ შევეხო.  ბოლო დროს გახშირდა პოლიტიკოსების, ექსპერტების, მთლიანად ჩვენი საზოგადოების დაყოფა ე.წ. „პრორუსულ" (რომელთა რაოდენობა ძალიან მცირეა, ჩემს ხელთ არსებული მონაცემებით) და „პროდასავლურ" თუ კონკრეტულად „პროამერიკულ" ჯგუფებად თუ პიროვნებებად. მაგალითად, არიან ადამიანები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ხელოვნურად ირგებენ „პროდასავლურ" ან „პროამერიკელობის" მანტიას და ამას საკუთარი ძალაუფლების, ჯგუფური თუ პირადი ინტერესების განსახორციელებლად იყენებენ და პრიმიტიული ლოზუნგების გამოყენებით, საკმაოდ ძლიერ მხარდამჭერებსაც პოულობენ დასავლეთში. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს „სტრატეგიული" რანჟირება, ვითომდა პოლიტიკური სიმპატიებიდან გამომდინარე დაყოფა, მე პოლიტიკურ სიბეცედ და პრიმიტიულად მიმაჩნია. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი დილემა სულ სხვა კონტექსტის მატარებელია: დღეს არსებული რისკებისა და გამოწვევების გათვალისწინებით ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესია, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნე, იმ სტრატეგიულ „ბეწვის ხიდზე" გავლა, რომელიც  ჩვენი გეოგრაფიიდან და გარშემო არსებული გეოსტრატეგიული თუ გეო-ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენნაირი ქვეყნისათვის ეს გზა უსასრულო და სულ აღმართში მიმავალია.  ამ ურთულესი სტრატეგიული განტოლების ამოხსნისთვის მხოლოდ ხელისუფლების - იქნება ეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მთავრობა თუ პარლამენტი - ჩართულობა არ არის საკმარისი. წამყვანი როლი ამ მრავალწახნაგოვან პროცესში ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ეკუთვნის, რომელმაც ზუსტად უნდა განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს როგორც დღეს არსებული ამოცანები, ასევე მთლიანად სტრატეგიული კონტექსტი და პერსპექტივები: როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ, საით მივდივართ და როგორ ქვეყანას ვუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობას. უნდა გავათვითცნობიეროთ - და რაც მთავარია პირველ რიგში ჩვენთვის და არა ჩვენი ევროპელი თუ ამერიკელი პარტნიორებისათვის - რომ ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეებისათვის, და ამას ვაკეთებთ პარალელურ და არა „ჯერ ძლიერი სახელმწიფო და მერე დემოკრატიის" რეჟიმში.  ჩვენს მისწრაფებას ევროპისკენ, დასავლური ფასეულობებისა და პრინციპებისკენ  „მეტი მეტისათვის" - მეტი რეფორმა, მეტი დახმარება ევროპიდან - ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს.


8.ჩვენი საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, ვიყოთ „პროქართულები"

 

ჩემთვის, ისევე როგორც საზოგადოების უმრავლესობისთვის (და აქ, რა თქმა უნდა, მე ჩვენს პატივცემულ ოპოზიციასაც ვგულიხმობ), პრიორიტეტია „პროქართველობა", ჩვენი ქვეყნის ინტერესების, მისი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება და დაცვა.  ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გათვალისწინებით, ეს ძალიან რთული ამოცანაა და სწორედ ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერასთან ერთად გვჭირდება შიდა კონსოლიდაცია. ამ მხრივაც ჩვენი არჩევანი ხისტი და სტრატეგიულად დეტერმინირებულია: საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს დასავლეთი. უნდა ითქვას, რომ ფორმალურად რუსეთიც აღიარებს ჩვენს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, ოღონდ გვთავაზობს ამ „აღიარების" თავისებურ ინტერპრეტაციას: საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მავთულხლართები, გაყოფილი სოფლები, ოჯახები, სასაფლაოები, ადამიანების გატაცებები ამის ნათელი მაგალითებია.


სწორედ აქედან გამომდინარე ვიყურებით დასავლეთისკენ, ამერიკისაკენ, არჩეული გვაქვს განვითარების დასავლური მოდელი - დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა. თუმცა, ამ მოდელის ცხოვრებაში რეალიზება ადვილი არ აღმოჩნდა, ზოგ შემთხვევაში ეს აღსაქმელადაც რთულია და ჩვენი მეგობრების მხრიდან მენტორული რიტორიკითა და გადაცდომებზე მუდმივი მითითებითაა დახუნძლული.  ცხადია, რომ დასავლეთი, და კონკრეტულად ამერიკა, მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, მაგრამ ამასთანავე ჩვენგან  ძირეული, დემოკრატიული რეფორმების გატარებას ელოდება. ამ ურთულეს პროცესში დასავლეთისათვის პრიორიტეტია (თუმცა ეს პირველ რიგში ჩვენთვის უნდა იყოს პრიორიტეტი!) არა ამ რეფორმების რაოდენობა და უსასრულო „ფაზები" და „ეტაპები", არამედ მათი ხარისხი და შედეგები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება. ეს პროცესი დრამატულ მენტალურ ტრანსფორმაციასთან, მთლიანად სახელმწიფოს მართვის სისტემისა და სტილის ძირეულ ცვლილებასთან არის დაკავშირებული. ამას სჭირდება დიდი დრო, თაობების ცვლა, უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნება და არა მათი უგულვებელყოფა, დანგრევა და ველოსიპედის  თავიდან გამოგონების მცდელობა. ეს ურთულესი პროცესია და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელია სტაბილურობა და უსაფრთხო განვითარება. განა გასაგებია არ არის, რომ არც NATO და არც ევროკავშირი პანაცეა არ გახლავთ  და ცხადია,  რომ საქართველოსთვის საერთაშორისო კონფლიქტში არავინ ჩაერევა და საფრთხეს არ შეუქმნის საკუთარ ხალხს და საკუთარ ინტერესებს. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, გუბერნიადაც რომ მოვინდომოთ დაბრუნება რუსეთში, კრემლი ჩვენი ძირითადი პრობლემის მოგვარებას - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას - არ მოინდომებს, რადგან ეს მის სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, ისევე როგორც კრემლის ინტერესებში არ შედის ძლიერი და დემოკრატიული საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, მთლიანად „პოსტსაბჭოური" სივრცის არსებობა. მათ თავისებური „სტაბილურობა" აწყობთ - ჰყავდეთ სუსტი მეზობლები, სიტუაცია მიედინებოდეს ე.წ.დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების და კრიზისების რეჟიმში და ეს ყველაფერი მათ კონტროლს და ინტერესებს ექვემდებარებოდეს. ასეთია „სტაბილურობის" რუსული ვარიანტი თუ ინტერპრეტაცია.


ასე იყო კონკრეტულად ჩვენთან მიმართებაშიც: რუსეთი საუკუნეების განმავლობაში ცდილობდა კავკასიონის ორივე მხრიდან გაკონტროლებას, რათა ახლო აღმოსავლეთისაკენ, „თბილი ზღვებისკენ" მოკლე გზა და  გარანტირებული მისასვლელი ჰქონოდა. 2008 წლის ომით მან საუკუნეების ოცნება აისრულა: კავკასიონის ქედი კონტროლდება რუსეთის მიერ ორივე მხრიდან, ოკუპირებული ტერირტორიები გადაიქცა ერთ დიდ რუსულ ბაზად, დაკარგულია ჩვენი მიწების 20%-ზე მეტი. ეს არის დღევანდელი მწარე რეალობა. ამ ფონზე,  „კარასინ-აბაშიძის" ფორმატის არსებობა ერთადერთი და აუცილებელი საკომუნიკაციო სივრცეა. პრაღაში რეგულარულმა შეხვედრებმა გარკვეული შედეგიც გამოიღო ვაჭრობისა და ჰუმანიტარული ურთიერთობების სფეროებში, თუმცა მონაწილეთა არსებული მანდატის თანახმად  ე.წ. „წითელი ხაზების" კატეგორიის საკითხების (პირველ რიგში კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის) განხილვა გამორიცხულია. საქართველო მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა და ცხადია, რომ დიდ ჩრდილოელ მეზობელთანაც მოვახერხებდით  რაციონალური და პრაგმატული ხასიათის ურთიერთობების დამყარებას, რომ არა  სახელმწიფოებრივი განვითარების ორი, დიამეტრალურად და კონცეპტუალურად განსხვავებული მოდელი. ჩემი აზრით, სწორედ ეს გარემოება გახლავთ განხეთქილების მთავარი მიზეზი. 


რუსეთი იმართება აღმასრულებელი ვერტიკალის მეშვეობით, სადაც ყველაფერი ერთი ადამიანისა და მისი განწყობების ირგვლივ  კონცენტრირდება. იქ არსებული ფორმალური „დემოკრატიული ელემენტებიც" კი, მაგალითად პარლამენტი, უფრო მეტად ფასადურია და ე.წ. „არალიბერალური დემოკრატიის" ნიშნით ხასიათდება. ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანაა უახლოეს სამეზობლოზე, რომელსაც ზოგი დასავლელი ექსპერტი ჯერ კიდევ „პოსტსაბჭოურ სივრცედ" მოიხსენიებს, დომინირება და ამით საკუთარი „სასიცოცხლო ინტერესების" გატარება და დაცვა. გვახსოვს ალბათ, რომ ამ „სასიცოცხლო ინტერესების გატარების" დროს რუსეთის ხელისუფლება არა მხოლოდ მეზობლების მიმართ არის ხისტი, არამედ საკუთარ მოქალაქეებს თუ პოლიტიკურ დაჯგუფებებსაც დაუნდობლად ეპყრობა. საქართველო კი მყარად ადგას ევროპული განვითარების გზას.  ჩვენი სახელმწიფროებრივი განვითარების მოდელი დემოკრატიული ინსტიტუტები და კანონის უზენაესობაა. გასაგებია, რომ განვითარების ეს ორი მოდელი შეუთავსებელია: რუსეთისათვის ჩვენს მიერ არჩეული გზა „კონფრონტაციულია", ჩვენთვის კი მართვის ეს რუსული სტილია მიუღებელი.  მე ჩემს ერთ-ერთ სტატიაში აღვნიშნე კიდეც, რომ „ჩვენ გვინდა რუსეთთან კეთილმეზობლური, ნორმალური ურთიერთობების ქონა. ჩვენ არ გვინდა რუსეთში ცხოვრება!"

 

კიდევ ერთი უაღრესად სენსიტიური თემა - ნეიტრალიტეტი თუ ე.წ. „უბლოკო სტატუსი" - და ამ კონტექსტში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივები. ნეიტრალიტეტის თუ ე.წ. „უბლოკო სტატუსის" რეჟიმის გამოცხადება მხოლოდ რუსეთის მხრიდან აგრესიის რისკის შესუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა და არა უსაფრთხოების გარანტია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაიმე „გარანტიებზე" საუბარი ძნელია და ამ საკითხებზე მხოლოდ რუსეთის დუმის თავმჯდომარესთან საუბარი არ არის საკმარისი.  ჩვენი ყოფილი „უფროსი ძმის" ფორმულა -  „ან ჩვენთან, ან ჩვენს წინააღმდეგ", დღევანდელი მსოფლიოს განვითარების კონტექსტიდან სრულიად არის ამოვარდნილი.   არავინ იცის, თუ რა შინაარსს დებს ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობელი  სიტყვაში „ჩვენთან".  ნიშნავს თუ არა ეს, მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? ეს შეგვითვალა ბატონმა ნარიშკინმა ქალბატონ ნინო ბურჯანაძის პირით? ამას ითვალისწინებს საქართველოს ე.წ. „უბლოკო სისტემაზე" გადასვლა?  უკვე 25 წელია ვერ გაგვიგია ამ მოწოდების არსი და ამის მკაფიოდ არტიკულირებას ვერც თავად რუსეთი და ვერც მათი ადგილობრივი, ე.წ. „პრორუსული" ელემენტებიც, მკაფიოდ ვერ ახერხებენ.


ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა, გვცოდნოდა, თუ რას ფიქრობენ „უბლოკო" სტატუსზე ევროპელები, ამერიკელები, ჩვენი უახლოესი მეზობლები - თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი. როდესაც საუბარია „გარანტიებზე", მხოლოდ ერთი ქვეყნის „დაპირებების" იმედად ყოფნა - თანაც ისეთი ქვეყნის, რომელთანაც ჩვენ რბილად რომ ვთქვათ „რთული ისტორია" გვაკავშირებს - უაღრესად სახიფათოა. მოგეხსენებათ, რომ შესაძლოა (და ეს ალბათ ასეც არის) ყველა  ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს ამ სტატუსის თავისი ინტერპრეტაცია გააჩნიათ. ვეთანხმები ჩვენს მეცნიერებს და ექსპერტებს, რომ ჩვენი გეოგრაფიის და წარსულის მქონე ქვეყანა უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთ თემებს.


9.რატომ არის საქართველო ღირებული დანარჩენი მსოფლიოსთვის და რატომაა დანარჩენი მსოფლიო ღირებული ჩვენთვის

 

კიდევ ერთი, ასევე მგრძნობიარე თემა.  ჩვენს საზოგადოებაში ზოგჯერ ისმის აზრი, რომ თითქოს დასავლური ფასეულობები ჩვენს ტრადიციებსა და რწმენას ეწინააღმდეგება. მერწმუნეთ, რომ  ამერიკასთან და ევროპასთან ურთიერთობები არ არის დაკავშირებული იმ ფასეულობების ნიველირებასთან ან განადგურებასთან, რომლებიც საქართველომ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა. დასავლეთში არანაკლებ ფაქიზად ეპყრობიან და იცავენ ოჯახურ ტრადიციებსა და რელიგიურ ფასეულობებს. მათი მთავარი ინტერესია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების (მათ შორის რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების უფლებების) დაცვის გაძლიერება და ამავდროულად ქვეყნის თვითმყოფადობის შენარჩუნება. ადამიანის უფლებების დაცვა დასავლეთისთვის ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანაა, რადგან ეს განსაზღვრავს მათი სახელმწიფოების უსაფრთხოებას და საზოგადოების სტაბილურობასაც.  სწორედ ამიტომ ეს პოსტულატი მათი საგარეო პოლიტიკის განხორციელების პრიორიტეტებშია, მათ შორის ორმხრივ ურთიერთობებშიც, თუმცა ამ პრიორიტეტის  ცხოვრებაში გატარება დასავლეთის მიერ ზოგჯერ ხისტად, ახსნის გარეშე ხდება და სხვადასხვა ქვეყნებში არასწორი ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა. ამ პოლიტიკურ თუ ემოციურ აღრევას ჩვენი არაკეთილისმსურველი, სხვადასხვა მანიპულატორული ტექნოლოგიის გამოყენებით, საკუთარი ინტერესების გატარებისათვის, არასტაბილური კერების შექმნისათვის იყენებს. ევროპასა და ამერიკაში არავინ ცდილობს საქართველოს „დაჩაგვრას" და ამ მგძნობიარე თემების თავზე მოხვევას. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციები და შეხედულებები, რომლებიც უნდა მტკიცედ დავიცვათ, მაგრამ არა განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების შეურაცხყოფის, მათ შორის ფიზიკური ძალადობის გამოყენებით.


დასავლეთისთვის კი რაც უფრო მეტი იქნება დემოკრატიის, სტაბილურობის და უსაფრთხოების „კუნძულები" ევროპისა და ამერიკის პერიმეტრზე, მით უფრო უსაფრთხო იქნება მთლიანად ევროატლანტიკური სივრცე.  ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც სახეზეა ისეთი ახალი ასიმეტრიული და არატრადიციული საფრთხეები, როგორიც, მაგალითად საერთაშორისო ტერორიზმია. და აქედან გამომდინარე, ცივილიზაციების, ენერგო და სავაჭრო დერეფნების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველოს, როგორც ძლიერი, სტაბილური და დემოკრატიული  პარტნიორის, არსებობა „ევროპის აღმოსავლეთით", თავად ევროპისა და ამერიკის უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტიაა.


10.უნდა ვიყოთ ადეკვატურები, რაციონალურები და პრაგმატულები

 

საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გავიხსენებთ, ჩვენ სულ „რთულ პერიოდში" გვიხდებოდა ცხოვრება - ჯერ ტოტალიტარული დიქტატურის რეჟიმში გავატარეთ 70 წელი და მერე კი, „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვესწარით ნეობოლშევიზმის „რიმეიკის" მცდელობასაც. კარგად გვახსოვს, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობდით 2003 წლიდან 2012 წლამდე. სახელმწიფოში, სადაც ტოტალური შიშის სინდრომი სუფევდა, „ფასადური", „მანიპულიატიური" დემოკრატიის აღზევებას ქონდა ადგილი და რომელშიც უფრო მეტი იყვნენ ე.წ.„დემოკრატები", ვიდრე თავად დემოკრატია და სადაც  ერთი ადამიანის და მასთან დაახლოებული ჯგუფის განწყობებზე, შეხედულებებზე და ხშირად ახირებებზე იყო დამოკიდებული მილიონობით ადამიანის, მათი ოჯახებისა და ახლობლების ბედი. „დემოკრატიის შუქურად" წოდებულ საქართველოში,  „სახელმწიფოს ხერხემლად", დემოკრატიული ინსტიტუტების და კანონიერების მაგივრად, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო გამოცხადებული, ხოლო თავდაცვის მინისტრი ერთ დღეს  რთველის ჩატარებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანის საკითხებით იყო დაკავებული, ხოლო მეორე დღეს უკვე განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

 

საერთოდ, არ შეიძლება სახელმწიფო იყოს „დემოკრატიული" და ამ დროს მასში პოლიციური სახელმწიფოს ელემენტები ჭარბობდეს, როგორც ეს სააკაშვილის ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამას ყველაფერს, ერთმა დასავლელმა მკვლევარმა მოსწრებულად „დემოკრატურა" უწოდა, რომელშიც ხშირად იკვეთებოდნენ ჯონათან სვიფტის და ჯორჯ ორუელის ტრაგიკომიკური იდეები და პერსონაჟები, რაც თითქოს სიცილის მომგვრელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ საპირისპირო ემოციებს იწვევდა.


მინდა შევეხო კიდევ ერთ პრობლემას, რომელიც თანამედროვე დასავლურ სამყაროს ახასიათებს და რომლის გაცნობიერებაც აუცილებელია, რომ საქართველომ წარმატებული საგარეო პოლიტიკა გაატაროს და ამგვარ პრობლემებზე მსჯელობისას საკუთარი ადეკვატურობა და ზომიერება დაანახოს გარე სამყაროს. ამგვარ თემებზე ჩვენთან თითქმის ყველა, ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი, ჩვეულებრივი მოქალაქეც კი გამოთქვამს საკუთარ აზრს. ამაში  ცუდს ვერაფერს  ვხედავ: მოგეხსენებათ, საქართველოში ყველას აქვს პრეტენზია, ფეხბურთსა და პოლიტიკაზე ილაპარაკოს! ამგვარი განსჯის დროს, მე მხოლოდ ზომიერებისა და ადეკვატურობის დოზირებას მინდა გავუსვა ხაზი,  საილუსტრაციოდ კი ე.წ. „ბრექსიტის" პროცესი გამოვიყენო. ვინც არ დაიზარა, ყველამ გააკეთა „სტრატეგიული ხასიათის" კომენტარი, მაგრამ უმრავლესობა ვერ ჩაწვდა ამ მოვლენის სტრატეგიულ კონტექსტს და იმას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საქართველომ ამ ახალდშექმნილ და, მე ვიტყოდი, უაღრესად მგძნობიარე სიტუაციაში.


ძალიან მოკლედ: საქმე ის გახლავთ, რომ დღეს დასავლეთის სახელმწიფოების საზოგადოებები (აშშ, ევროპა) გაყოფილია ორ დაპირისპირებულ ბანაკად. ერთი მხრივ, ესენი არიან მემარჯვენე, ნაციონალისტურად, ანტიგლობალისტურად განწყობილი ძალები, ხოლო მეორე მხრივ კი მემარცხენე, ინტერნაციონალისტური, ინტეგრაციონისტული, გლობალისტური ძალები. „ბრექსიტი" შეიძლება დიდ ბრიტანეთში პირველი ბანაკის გამარჯვებად განვიხილოთ, რამაც შეიძლება მსგავსი მოვლენები გამოიწვიოს სხვა სახელმწიფოებშიც. საქართველოს ხელისუფლება პატივს სცემს ყველა დასავლური სახელმწიფოს საზოგადოების ნებას და ყურადღებით აკვირდება პარტნიორ ქვეყნებში ამ მიმართულებით განვითარებულ მოვლენებს.


11.განსჯისათვის: არ დავივიწყოთ წარსულის შეცდომები და შევეშვათ „ველოსიპედის გამოგონებას"

 

ზემოთ მინდოდა საბოლო წერტილის დასმა, თუმცა ვგრძნობ, რომ კიდევ რაღაცის თქმის სურვილი დამრჩა და სწორედ ამ დროს ერთი ამბავი გამახსენდა, რომელიც ვრცლად უკვე აღვწერე ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში.


საქმე ეხება პირველი დემოკრატიული მთავრობის ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცულ უნიკალურ საარქივო მასალას, რომელის დიდი ნაწილი თავის დროზე საქართველოში აწ განსვენებულმა გურამ შარაძემ ჩამოიტანა და ეს დოკუმენტები ჩვენს ეროვნულ არქივს დაუბრუნდა. სიტყვა „ნაწილი" იმიტომ ვიხმარე, რომ მოგვიანებით ჰარვარდის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ ამ არქივის კიდევ ერთი შეკვრა „აღმოაჩინა" და მე პირადად გადმომცა. აქ ინახებოდა საქართველოს პირველი დემოკრატიული მთავრობის წევრების პირადი მიმოწერა (რომელიც ასევე ჩვენს ეროვნულ არქივს დაუბრუნდა).


ჩემში  განსაკუთრებული ემოცია გამოიწვია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის ნოე რამიშვილისადმი მიწერილმა წერილმა, რომელიც იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა. ერთი ფრაგმენტი დღესაც არ ამომდის გონებიდან და წერილის სწორედ ეს ნაწილი მსურს -  მხოლოდ განსჯის სახით - გავუზიარო მკითხველს (სტილი შენარჩუნებულია): „სამი წელი ისე დავკარგეთ, რომ ერთი მეგობარი-მფარველი ვერ ვიშოვეთ და არა იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, არამედ ჩვენ თვითონ არ ვცდილობდით ამას. მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ან უკეთ - აპოლიტიზმი, მიმართული იყო იქითკენ, რომ დაგვეფრთხო უცხოელნი... ახლა გვიანაა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, სამწუხაროდ მომავალშიც არ ვართ დაზღვეული, რომ წარსულ შეცდომებს არ განვიმეორებთ! ძალიან გატეხილი გვაქვს სახელი...  არ არის ისეთი უცხოელი ვაჭარ-მრეწველი, ვინც ჩვენთან ყოფილა და არ გვაგინებდეს... ასე არ შეიძლება სახელმწიფოს მართვა-გამგეობა. სადაც პასუხისმგებლობა არაა, იქ არ არის სახელმწიფო".


კითხულობ ამას ყველაფერს და გიჩნდება შეგრძნება, რომ ზოგჯერ თითქოს ყოველდღიურ დეჟა ვიუსთან გაქვს შეხება: იგივე გამოწვევები, იგივე შეცდომები, იგივე იმედგაცრუება, იგივე განცდა და იგივე რთული რეალობაა, რომელიც რადიკალურად იცვლება უკეთესობისაკენ 2012 წლიდან - ჩვენ უკვე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანა ჯერ კიდევ არ არის წელგამართული, ისევ არსებობს უამრავი პრობლემა, მაგრამ სწორ გზას ვადგავართ, უფრო სწორად კი ამ გზის დასაწყისში ვიმყოფებით. აქედან გამომდინარე ტრანსფორმაციის ამ პროცესს დრო და დრო გარკვეული რყევები ახასიათებს, თუმცა მიზნისაკენ სვლა შეუქცევადია. სამწუხაროდ ამგვარი ძირეული ცვლილებები უცებ არ ხდება და ამას, როგორ წესი, დრო სჭირდება, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება ამ გზას არ გადაუხვევს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ  სურს თავად იყოს წარმატებული, არამედ უფრო იმიტომ, რომ საქართველო და მისი მომავალი თაობები იყვნენ წარმატებულები.

სწორედ ამაშია განსხვავება წინა ხელისუფლებასა და დღევანელს შორის. სააკაშვილი და მისი მთავრობაც ატარებდა რეფორმებს - და ეს მათ არ უნდა დავუკარგოთ - მაგრამ მთავარი შეცდომა, რომელიც „ვარდოსნებმა" დაუშვეს, გახლდათ ის, რომ ამ რეფორმების შედეგები ხალხამდე ვერ მივიდა. იყო გამჭვირვალე, კაშკაშა პოლიციის შენობები, შენდებოდა „ევროპული ციხეები", მაგრამ შიგნით რაც ხდებოდა, სააშკარაოზე არ ჩანდა ან რაც ხდებოდა, ის 2012 წელს გამოჩნდა;  შენდებოდა ცათამბჯენები, ფეშენებელური სასტუმროები და საცხოვრებელი სახლები, მაგრამ ეს ყველაფერი ე.წ. „პოტიომკინის სოფლებს" უფრო წააგავდა. ე.წ. „დემოკრატიული პირამიდის" მშენებლობამ, იმ გეგმით, რომელიც დასავლეთმა საქართველოს შესთავაზა ანუ ზემოდან ქვემოთ (რაც საიჟინრო ნონსენსია,) ლოგიკურია, რომ კრახი განიცადა.  დემოკრატიის შენებას სათანადო და საწყისი დემოკრატიული საძირკველი სჭირდება, ანუ საზოგადოება, რომელიც მზადაა ყველა სახის დემოკრატიული რეფორმებისა და ცვლილებებისთვის.


რატომ ვიხსენებ წარსულის გაკვეთილებს? რთულ გზას დავადექით და ამიტომაც ჯერ კიდევ 1918-1921 წლებიდან დღემდე ვცდილობთ თავი დავაღწიოთ რაღაც უხილავ მოჯადოებულ  სივრცეს. გამუდმებით  მაქვს შეგრძნება, თითქოს წლებში გარინდულ, ავბედით  წრეზე დავდივართ,  თითქოს ვერ  ვსწავლობთ, თითქოს არად  მივიჩნევთ მწარე გამოცდილებას.

ამიტომაც მოვინდომე  აკაკი ჩხენკელის ეს თითქმის ასი წლის წინანდელი სევდიანი ნააზრევი და მისი დღევანდელ  რეალობაში გასიგრძეგანება თქვენც გაგიზიაროთ. უცნაურია, როგორ მეორდება ყველაფერი. ადამიანურ ცხოვრებაში არაფერი მარტივი არ არსებობს. მითუმეტეს პოლიტიკაში. კიდევ უფრო, დიდ პოლიტიკაში. მიჩნდება ერთი შეხედვით  თითქოს რიტორიკული, მაგრამ ვფიქრობ, ფრიად აქტუალური და არცთუ მარტივი კითხვები და მოსაზრებები, რომელთა შესახებ ზემოთ მოგახსენეთ... ისევე, როგორც თქვენც, არა?

აი, ეს კითხვები... როდემდე უნდა ვეცადოთ  ველოსიპედის თავიდან გამოგონებას? როდემდე უნდა დავუშვათ უმარტივესი შეცდომები? როდემდე არ  უნდა ვისწავლოთ  ჩვენივე შეცდომებზე? როდემდე უნდა უგულებელვყოთ  საკუთარი თუ სხვისი გამოცდილება და მუდმივად ვანგრიოთ ის, რაც ჩვენამდე შექმნილა? როგორც ამას ერთი ჩემი ძველი მეგობარი და ცნობილი ქართველი დიპლომატი იტყოდა, როდემდე უნდა შეგვეშალოს საკუთარი ზომა, წონა და შესაძლებლობები?


გულით ვცდილობდი პასუხების მოძებნას. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა ზედმეტად ხისტი მოგეჩვენოთ, ან სულაც არაადეკვატური ან თუნდაც ემოციური. დანარჩენი კი თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner