ავტორი ანა ფერაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე „რეპორტიორთან" საუბრისას პაატა ბურჭულაძის გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბურჭულაძის ამ განცხადებით, მოსახლეობის 30%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი უნდა იყოს და იმედი გამოთქვა, რომ ბურჭულაძის ეს დაპირება არ შესრულდება.
„სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ ყველაზე ორიგინალური საარჩევნო დაპირება მისცა ხალხს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბურჭულაძის ეს დაპირება არ შესრულდება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის 30% -ზე მეტი უნდა იყოს სოციალური შემწეობის მიმღები.
ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს უნდა ჰქონდეს სოციალური შემწეობა და გვქონდეს ისეთი ქვეყანა, სადაც გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, სადაც ადამიანები საკუთარი შრომით იქნებიან უზრუნველყოფილები და დასაქმებულები.
ნამდვილად არასწორი მესიჯი იყო გაჟღერებული პაატა ბურჭულაძის მხრიდან", - აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.
შეგახსენებთ, პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ გუშინ განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურად დაუცველის დახმარების მიმღებთა რაოდენობას 500 ათასიდან მილიონამდე გაზრდის.