რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად აუცილებელია, „პოლიტიკური დიდი ოცეული“ შეიქმნას, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ ჩინეთსა და არაბეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომი გამოწვეული იყო „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით“.
„პრეზიდენტი პუტინი არ იჩენს ინიციატივას ომის შესაჩერებლად, ისევე როგორც უკრაინის პრეზიდენტი. ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები კი განაგრძობენ საკუთარი როლის შესრულებას, ამიტომ მათ უნდა ვუთხრათ „კმარა“,- განაცხადა და სილვამ.
მისივე თქმით, „დიდი ოცეული“ შეიქმნა გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასახმარებლად და ახლა მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი „დიდი ოცეული“ შეიქმნას ომის დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად.
ბრაზილიის პრეზიდენტის თქმით, მან ეს ინიციატივა განიხილა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის ლიდერებთან.