„დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები იაპონიაში სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბნენ. განსახილველ საკითხთა შორისაა გლობალური პოლიტიკა, მათ შორის ჩინეთის საკითხი ტაივანთან მიმართებით და უკრაინაში მიმდინარე ომი.
სამიტის დაწყებამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა უნდა დაარწმუნონ ვლადიმერ პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.
„ჩვენ, „დიდი შვიდეული“ ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართალს ენიჭება უპირატესობა და ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია არა დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.