საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დავით კეზერაშვილზე „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა.
„სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონერებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში. ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.