საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ირაკლი ფარჯიანის ფონდთან თანამშრომლობით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ამიერკავკასიაში პირველი ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის პროცესი გრძელდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლაბორატორიის უპირველესი მისია ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფალსიფიკაციისაგან დაცვაა.
პირველ ეტაპზე, ხელოვნების მუზეუმში გარემონტდა და შესაბამისი სტანდარტებით მოეწყო 542,2 კვ.მ. სივრცე. შეძენილი ძვირადღირებული აპარატურა კი უკვე განთავსდა ლაბორატორიაში (რამანის ოპტიკური მიკროსკოპი/სპექტრომეტრი, ბრუკერის ინფრაწითელი მიკროსკოპი/სპექტრომეტრი, და სხვ.). ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის სახელმწიფო ლაბორატორიის პროექტი ირაკლი ფარჯიანის ფონდთან კონსულტაციითა და მონაწილეობით შემუშავდა. ასევე, 2022 წლის ბოლოს, სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებს - ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი; მათ შეისწავლეს აღნიშნულ აპარატურასთან მუშაობა, საექსპერტო პროცესში მისი გამოყენება (ექსპერტიზის პროცესის მართვა, ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევის ჩატარება) და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
ექსპერტიზის ლაბორატორიის მოწყობის პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი გაეცნო. მინისტრმა, მხატვარ ირაკლი ფარჯიანის შვილთან, სოფო ფარჯიანთან ერთად, ლაბორატორიის მუშაობა და სამომავლო გეგმები განიხილა.
დღემდე გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2023 წლის ზაფხულში, შესაძლებელი იქნება ხელოვნების ნიმუშების (ფერწერა, გრაფიკა, ქსოვილის, ქაღალდის, ქვის, ხისა თუ ლითონისაგან დამზადებული ექსპონატები) საცდელი კვლევის ჩატარება. ამისათვის, ლაბორატორია იწყებს ეროვნულ მუზეუმში, მათ შორის, ხელოვნების მუზეუმში დაცული სახელოვანი მხატვრების, პირველ რიგში კი ფიროსმანის ნამუშევრებიდან მიკროსკოპული ნაწილაკების შეგროვებას და ლაბორატორიისათვის აუცილებელი, ე.წ. კარტოთეკის შექმნას. მოცემულ პროცესში, მუზეუმის გადამზადებულ კადრებთან ერთად, ესპანელი ექსპერტიც იქნება ჩართული. სწორედ მოცემული ნაწილაკების ლაბორატორიული დადარების შედეგად გახდება შესაძლებელი ამა თუ იმ, გარედან შემოსული ნამუშევრის ავთენტურობის დადგენა, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის სერვისია როგორც ხელოვნების ნიმუშთა მესაკუთრე კოლექციონერებისა თუ კერძო მუზეუმებისათვის, ასევე ხელოვანებისა და მათი შთამომავლებისათვის. თუმცა, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ექსპერტიზის ლაბორატორიის მთავარი დანიშნულება სახელმწიფო მნიშვნელობისაა, ვინაიდან ის განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქართული ხელოვნებისა და კულტურის ფალსიფიკაციისაგან დაცვის საქმეში. ამასთან, მსგავსი ლაბორატორიის არსებობა ხელოვნების მუზეუმში სამეცნიერო და სარესტავრაციო საქმიანობის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს, რადგან განხორციელდება სამუზეუმო ექსპონატების სამეცნიერო კვლევა, ატრიბუცია, დათარიღება და სხვ.
ხელოვნების ნიმუშების საექსპერტო კვლევის სახელმწიფო ლაბორატორიის შექმნის იდეას 2021 წლის ივლისში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ირაკლი ფარჯიანის ფონდის თავმჯდომარემ მიხეილ ჯიქიამ, სოფო ფარჯიანის ხელშეწყობით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.