საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" შედეგებზე ისაუბრა. კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.
დიმიტრი ქუმსიშვილი ინფორმაციით, კვლევის ამოსავალი წერტილი მსყიდველუნარიანი შემოსავლების რაოდენობა და მოსახლეობის მხრიდან თავის თავზე თანხების ხარჯვის შესაძლებლობაა. უკიდურეს სიღარიბედ მიიჩნევა - როცა მოსახლეობა თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე ნაკლებს ხარჯავს. შესაბამისად, არის გრადაცია - 2.5$-დან 5$-მდე, 5$-დან 10$-მდე და 10$-ის ზევით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ნიშნული 2010 წელს დაფიქსირდა და 46.7 პროცენტი (2.1 მილიონი ადამიანი) შეადგინა. 2014 წელს შემცირდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და 32.3 პროცენტი შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ 1.4 მილიონი ადამიანი დღიურად 2.5 აშშ დოლარზე ნაკლებს ხარჯავს, რაც ბოლო 9 წლის განმავლობაში სიღარიბის დონის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„შესაბამისად, 2012 წლიდან 2014 წლამდე 500 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს და მათ საშუალება მიეცათ, თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტი დახარჯონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კვლევა განსაზღვრავს პერსპექტივას შემდომ წლებში. კვლევის მხედვით, შემდგომ წლებში საქართველოში სიღარიბის ზღვარი ასევე შემცირდება 6.8%-ით და საბოლოო ჯამში, 2018 წლიდან ეს მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლები უნდა გახდეს", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის მიზეზები, რის გამოც მოხდა სიღარიბის შემცირება, ესენია: ეკონომიკურ შესაძლებლოებბზე ინკლუზიური ხელმისაწვდომობა, მეტი ყურადღება სოფლის მეურნეობის სექტორზე და ფისკალური პოლიტიკის როლი. ამასთან, გაიზარდა მოსახლეობის იმ ნაწილის წილი, რომელიც ყოველდღიურად თავის თავზე 10$-ზე მეტის დახარჯვას ახერხებს, ასეთია მოსახლეობის 7%, რაც 314 000 ადამიანს შეადგენს.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც სიღარიბის მაჩვენებლის კლება გამოიწვია, საშუალო ხელფასის ზრდაა (8%), ასევე ეკონომიკური აქტივობა (11.11%) და ტრანსფერები (8.57%).
„ყველა იმ ეკონომიკურმა რეფორმამ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში გაატარა, თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენ რეალურად გვაქვს სიღარიბის შემცირება, თუმცა, ის კვლავ უაღრესად დიდია. ამ კვლევის მიხედვით, 1.4 მლნ ადამიანს კვლავ არ შეუძლია თავის თავზე დღიურად 2.5$-ზე მეტის დახარჯვა. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.