logo_geo
eng_logo
ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, „ჩვენები „ჯაფხატ ნუსრაში“
- +

1 სექტემბერი. 2016. 16:54



უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აქვს საეჭვო პირებთან, მათ შორის სირიაში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირი. რა მიზანს ემსახურება სააკაშვილის კავშირები და საიდან ფლობს ყოფილი მინისტრი აღნიშნულ ინფორმაციას, - ამის შესახებ ბათიაშვილი „რეპორტიორს" ესაუბრა.


- თქვენ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტერორისტულ დაჯგუფებებთან აქვს კავშირი. კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს გულისხმობთ?


- ამოვედი გარკვეული ინფორმაციებიდან, რომლებიც ინტერნეტის საშუალებით არის გავრცელებული, მაგალითად სააკაშვილის საუბრების ჩანაწერები. პრაქტიკულად სააკაშვილი ადასტურებს საუბარში თავის კავშირს  პირებთან, რომლებიც მონაწილეობენ ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის სირიაში მოქმედი ცნობილი ტერორისტული დაჯგუფება „ჯაფხატ  ნუსრა". აღნიშნული ორგანიზაცია არის „ალ-ქაიდას" ფრთა.

 

- ამ საუბრების გარდა, კიდევ რა დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს?


- გარდა ინტერნეტით გავრცელებული აუდიომასალისა, არსებობს, რა თქმა უნდა ინფორმაციები, რომლებიც ადასტურებენ ასეთ კონტაქტებს. კონტაქტები, რომლებიც ძირითადად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის გია ლორთქიფანიძის მეშვეობით. ლორთქიფანიძე კორდინაციას უწევს ასეთი ტიპის კონტაქტებს, რომელიც ატარებს ფარულ და დაშიფრულ ხასიათს, თუმცა ცხადია, ეს ვერ გახდა მთლიანად დაფარული გარკვეული სპეცსამსახურებისათვის. სააკაშვილი უკრაინაში დაპირისპირებულია ძალიან სერიოზულ წრეებთან, რომლებიც მის კონტაქტებს შიფრავენ და აქედან გამომდინარე, ინფორმაციები ჟონავს. ოდესაში, სააკაშვილმა ერთ-ერთ საუბარში, რომლის აუდიომასალაც არსებობს და ექსპერტიზის ჩატარებაც შეიძლება, არის თუ არა მისი ხმა, პირდაპირ თქვა „ჩვენები ჯაფხატ ნუსრაში".



- ექს-პრეზიდენტის აღნიშნული კონტაქტები, თქვენი აზრით, რა მიზანს ემსახურება?

 

- სააკაშვილის კონტაქტები პირებთან, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ დაკავშირებულები არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, ბევრ კითხვას ბადებს, რისთვის სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ეს კონტაქტები? რა მიზანს ისახავს ეს ყოველივე? რა თქმა უნდა, მე ჩემი მოსაზრებები მაქვს, მაგრამ ამაზე საუბარი არ იქნება სწორი. აღნიშნულ საკითხზე უნდა იმუშაოს ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა. რამდენად აქვთ მათ ინფორმაცია, ჩემთვის არ არის ცნობილი, თუმცა ერთ-ერთი პირველი საკითხი უნდა იყოს სააკაშვილის კონტაქტების შესწავლა.


- რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს სააკაშვილის ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირმა საქართველოს?


- საქართველოში ტერორისტული აქტის საშიშროება, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ასეთი პოლიტიკური ექსტრემისტული წრეებიდან, რა თქმა უნდა, არსებობს. ვფიქრობ, ტერორისტულ აქტს საქართველოში შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთადერთი სამიზნე, ეს არ იქნება რაიმე ოფისი ან  შენობა, იქნება გარკვეული პიროვნება, რომლის ლიკვიდაციის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება დღევანდელი ხელისუფლების დამხობა  ან კარდინალური დესტაბილიზაციის მოწყობა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner