„2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია,“ – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის განცხადების შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს გადასცემს ტელეკომპანიის კოლექტივს.
როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, დავით კეზერაშვილსაც აქვს გათვლა, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ წარმოჩნდეს, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდეს საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი „სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო“.
„დავით კეზერაშვილი - უარს ვამბობ „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ახლავე გადავცემ ტელეკომპანიის კოლექტივს. 2017 წლის 25 მარტს დაახლოებით მსგავსი „ფოკუსი“ ჩაატარა ნიკა გვარამიამ, რომელმაც შექმნა შპს „რუსთავი 2 ჩემია“ მას შემდეგ, რაც ძმებმა ყარამანიშვილებმა 24 მარტს გამოხატეს მზადყოფნა, ტვ საქართველოს 51% რუსთავი 2-ის თანამშრომლებისთვის გადაეცათ. (ტელეკომპანია საქართველო, თავის მხრივ, ფლობდა 51% - ს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში). ჩატარდა კრება, რომელიც ტელევიზიით გადიოდა. წილები დიდი ზარ-ზეიმით, 40 სუბიექტზე გადანაწილდა. შემდეგ რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. რეალურად კი იქ რაიმე ქონებაზე არც იყო საუბარი, უბრალოდ იფიქრეს, რომ ამ ტრიუკის ჩატარების შემდეგ რუსთავი 2 წარმოჩნდებოდა, როგორც ჟურნალისტთა მფლობელობაში არსებული მედია საშუალება და კანონით გათვალისწინებული ნორმების გატარების შემთხვევაში ატყდებოდა საერთაშორისო მასშტაბის კივილ-წივილი "სახელმწიფო ჟურნალისტებს თავს ესხმის და ქონებას ართმევსო". სავარაუდოდ კეზერაშვილიც ამ ილეთის გამეორებას აპირებს, ხოლო ის ხალხი, ვინც იმ წილის მფლობელი გახდება ავტომატურად იქნება ქართული ჯარისა და გერმანელი პენსიონერების ძარცვით შეძენილი ქონების თანამფლობელი,“ - წერს გაბრიჭიძე ფეისბუკზე.