მსოფლიო ბანკის მნიშვნელოვანი კვლევის თანახმად, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებლები 4 წლის განმავლობაში ზედიზედ მცირდება.
ეკონომიკის ექსპერტ ლევან კალანდაძის თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევა ერთ-ერთი საინტერესო კვლევაა და ერთ-ერთი კომპეტენტური ორგანიზაციაა, რომელიც მსგავსი ტიპის ტრენდებს იკვლევს.
„კვლევა საქართველოს ეკონომიკისთვის, ისე პოლიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც შესაძლებელია, საფუძვლად დაედოს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. კვლევა ჩატარებულია საერთაშორისო პარიტეტის მიხედვით. დაახლოებით 32%-ზეა ჩამოსული 46%-დან საქართველოში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი მოხმარებისთვის 2.5$-ის დახარჯვას ახერხებენ. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია და ყველაზე საყურადღებო არის ის, რომ ეს დადებითი ტენდენცია რამდენიმე ძირითადი ფაქტორით", - აცხადებს კალანდაძე.
მისი თქმით, ერთი ფაქტორი არის ის, რომ დაახლოებით, 600 ათას ადამიანს ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლები ბოლო 4-5 წლის განმავლობაში გაეზარდა.
„მეორე საკითხი უკავშირდება იმას, რომ სოფლად მცხოვრებ ადამიანებს ეკონომიკურ აქტივობებზე წვდომა გაეზარდათ. ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ხელისუფლებამ დაიწყო სოფლად ეკონომიკური პროექტების წახალისება. მესამე კომპონენტი, რომელსაც მსოფლიო ბანკი აღიარებს, უკავშირდება ე.წ. ტრანსფერებს, ქვეყანაში პენსიების გაზრდის თემას. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამ კვლევით იკვეთება, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახერხებენ ყოველდღიურად, 5-დან 10$-მდე დახარჯვას, მათი რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი", - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, კვლევა განსაკუთრებით საინტერესო იქნება 2017-2018 წლის ბიუჯეტისთვის.
„კვლევა აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ აქცენტი უნდა გააკეთოს არა სოციალურ პროექტების განვითარებაზე, არამედ ეკონომიკური აქტივობის ხელშემწყობი ღონისძიებების დაფინანსებაზე და ბიზნესგარემოს შემდგომ გაუმჯობესებაზე, რაც თავისთავად უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის, მათ შორის, სოციალურად დაუცველი და საშუალო ფენის მოქალაქეების შემოსავლების გაზრდას", - განაცხადა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, კვლევის „სიღარიბის შემცირების უკანასკნელი ტენდენციები საქართველოში" თანახმად, 2014 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის შედარებით ნაკლები წილი - 32.3 (1.2 მლნ.) პროცენტია სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 42.5 პროცენტს (1.6 მლნ-ს) უტოლდებოდა. 2012 წელთან შედარებით 2014 წელს დაახლოებით 400 000-მა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს. მსოფლიო ბანკის შეფასებით, სიღარიბის მაჩვენებლის შემცირება კვლავ გაგრძელდება შემდეგ წლებშიც და 2018 წლისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 25.5 პროცენტს გაუტოლდება.