შვეიცარიის პრეზიდენტმა, ალენ ბერსემ განაცხადა, რომ მის ქვეყანას ვერ მოსთხოვენ საკუთარი კანონების დარღვევას უკრაინაში იარაღის რეექსპორტით.
შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარეობს დისკუსიები იმის თაობაზე, რომ შვეიცარიას „უნდა შეეძლოს“ განავითაროს თავისი პოზიცია უკრაინაში იარაღის რეექსპორტთან დაკავშირებით, ეს ამჟამად გამორიცხულია, ვინაიდან შვეიცარიის კანონმდებლობა მკაფიოდ არეგულირებს აღნიშნულ საკითხს.
10 მარტს, შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ შეცვლის თავის მრავალწლიან პოლიტიკას, რომელიც კრძალავს შვეიცარიული წარმოების იარაღის მესამე ქვეყნისთვის გადაცემას.
საბრძოლო მასალების შესახებ შვეიცარიის კანონი არ იძლევა საბრძოლო მასალების ექსპორტის საშუალებას, თუ დანიშნულების ქვეყანა ჩართულია შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში.
10 თებერვალს, შვეიცარიამ უარი უთხრა ესპანეთს უკრაინაში შვეიცარიული წარმოების საზენიტო იარაღის რეექსპორტის ნებართვის მიღების მოთხოვნაზე.
მანამდე შვეიცარიამ ვეტო დაადო დანიისა და გერმანიის მოთხოვნას, რომლებსაც სურდათ შვეიცარიული წარმოების ჯავშანტექნიკისა და საბრძოლო მასალის უკრაინაში გაგზავნა.