პარლამენტმა მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საზღვაო შრომის კონვენცია“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი განიხილა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის განმარტებით, სარატიფიკაციო დოკუმენტი საქართველოს მეზღვაურთა სოციალური პირობების გაუმჯობესებას და მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესი. ასევე, მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედი სამსახურების, გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებული სტანდარტები და წესები.
„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებები მიესადაგება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.