logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობას“: თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე - უტიფრობის უმაღლესი ხარისხია, რომ ეს კრიმინალური ძალა აინიცირებს დღეს სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს
- +

18 აპრილი. 2023. 21:06

სიცრუეზე აგებული კამპანია წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ დროს სიმართლე არის ციფრებში გამოხატული. სიმართლე არის ის, რომ სასამართლო სისტემაში არამარტო დრამატულად გაუმჯობესდა ვითარება, არამედ ყველა სისტემური პრობლემა აღმოიფხვრა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის.

„როდესაც წარმოებს ყალბი კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ, ეს ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს. სიცრუეზე და სიყალბეზე აგებული კამპანია არის შემაფერხებელი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის. როდესაც თქვენ დადგენილების პროექტს აინიციირებთ, რომლის მიზანიც არის ამ კამპანიის გაძლიერება, ამით თქვენ კიდევ ერთხელ ცდილობთ, დაბრკოლება შეუქმნათ კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს არ არის თქვენი შეცდომა, ეს არ არის თქვენი გადაცდომა, ეს არის თქვენი შეგნებული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ნაბიჯი. თქვენ უპირისპირდებით სახელმწიფოს იმით, რომ ცდილობთ გააძლიეროთ სიყალბეზე აგებული კამპანია სახელმწიფოს წინააღმდეგ“,- მიმართა კობახიძემ ოპონენტებს. როგორც მან აღნიშნა, „უტიფრობის უმაღლესი ხარისხია, როდესაც კრიმინალური პოლიტიკური ძალა დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით.

თქვენ ხართ დამნაშავეები, თქვენ ხართ კრიმინალები, თქვენს სინდისზეა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც უსამართლოდ იყვნენ ციხეში გამოკეტილი. ათი ათასობით ადამიანმა უსამართლოდ გამოიარა ჯოჯოხეთური ციხე თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების გამო. ამ დანაშაულისთვის თქვენ საბოლოოდ პასუხს აგებთ პოლიტიკურად. ყველანაირი პასუხისმგებლობა თქვენზე ალალი არის. ასევე, გარდა იმისა, რომ 25 ათასი ადამიანი იყო ციხეში, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 14-ჯერ შემცირდა თქვენი ხელისუფლების შემდეგ. თქვენი სისტემის გამო, ასეულობით ადამიანმა დაასრულა სიცოცხლე ნაადრევი სიკვდილით. თქვენ სისხლში გაქვთ ხელი გასვრილი. ეს არის კრიმინალური პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს აინიციირებს დადგენილების პროექტს სასამართლოსთან დაკავშირებით. ალბათ დამეთანხმებით, უტიფრობის უმაღლესი ხარისხია“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner