logo_geo
eng_logo
თელავის მუნიციპალიტეტს ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტისთვის ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა
- +

19 აპრილი. 2023. 14:11

 

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ, თელავის მუნიციპალიტეტისთვის, ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის ფარგლებში, შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა, კერძოდ - 83 ერთეული 1100-ლიტრიანი ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერი და 1 ერთეული 7 მ3-იანი მანქანა, ასევე 1 ერთეული საპრესი დანადგარი და 1 ერთეული მექანიკური დამტვირთველი.

 

ქალაქ თელავში, ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი.

 

ქაღალდის/მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელების დაწყება მიმდინარე წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი. პროექტი მიზნად ისახავს ქაღალდის/მუყაოს სეპარირებულ შეგროვებას ქ. თელავში - წინასწარ განსაზღვრულ  ადგილებში განთავსებულ ლურჯი ფერის 1100-ლიტრიანი კონტეინერების საშუალებით, რომლის შესახებაც მომზადდება საპილოტე ტერიტორიების რუკა. ნარჩენების შეგროვების ძირითად ადგილებად შეირჩევა შემდეგი ტიპის ორგანიზაციები და ინსტიტუციები:

 

  • დიდი მარკეტები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები;
  • სკოლები და სხვა სასწავლო დაწესებულებები;
  • საჯარო დაწესებულებები.

 

შეგროვებული ნარჩენების ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალურ საწყობში შესაბამისი ნარჩენების შესაგროვებელი მანქანით, სადაც მოხდება მათი დაპრესვა და მომზადება სარეალიზაციოდ. შემდგომში, სეპარირებული მუყაო/ქაღალდი შესყიდულ იქნება გადამამუშავებელი კომპანიების მიერ -  მათი ხელახლა გამოყენების მიზნით. 

 

ქაღალდის და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ნარჩენების სეპარირებულად შეგროვების პრაქტიკის დანერგვას.

 

საპილოტე პროექტი „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II“ (ISWM II) შემადგენელი ნაწილია და  ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის ფედერალური მთავრობის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner