logo_geo
eng_logo
ფრიდონ ინჯია: დასავლეთი თუ ჩათვლის, რომ ჩვენ მას ვჭირდებით, არათუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, შეგვეხვეწება, პირდაპირ წევრად მიგიღებთო
- +

19 აპრილი. 2023. 18:27

 

 

- ბატონო ფრიდონ, ინტერვიუ მინდა სულ ახალი ამბის თქვენეული შეფასებით დავიწყოთ. საქმე ეხება დავით კეზერაშვილს, რომელიც ამჯერად BBC-ის გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდმა ამხილა თაღლითობაში. ბრიტანელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს მისი კავშირები .. ქოლ-ცენტრების საქმესთან... როგორია თქვენი შეფასება იმ ფაქტისა, რომ ჩვენი ოპოზიციისა და მედიების დამფინანსებელი კრიმინალია, რომელმაც  გაძარცვა არა მხოლოდ ქართული არმია, არამედ ახლაც თაღლითური სქემებით მდიდრდება და ძარცვავს რიგით მოქალაქეებსაც?

 

- ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ 2012 წელს, როცა  ახალი ხელისუფლება მოვიდა, დაიწყო ძველთან კოაბიტაცია. „ქართულ ოცნებას“ მოღვაწეობა იმ კრიმინალურ რეჟიმთან თანამშრომლობით კი არა, კანონის უზენაესობის პატივისცემით უნდა დაეწყო. ვინაიდან თავის დროზე ეს არ გაკეთდა, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ახლა სჭირდებათ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება. აღნიშნული კანონის ორი ვარიანტია შემოსული პარლამეტში - ერთი, რომელსაც გვთავაზობს „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე, რომელსაც გვთავაზობს „ქართული ოცნება“. ჩვენი გუნდისთვის ორივე ვარიანტი მიუღებელია და მიგვაჩნია, რომ თუკი ქვეყანაში იქნება კანონის უზენაესობა, მაშინ არავითარი დეოლიგარქიზაციის კანონი არ იქნება საჭირო. ერთი დემოკრატიული ქვეყანა მაინც მაჩვენეთ, სადაც არსებობს მსგავსი კანონი, ეს ხომ ადამიანის უფლების შეზღუდვაა?! თუ დამნაშავეა ვინმე, დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, ხოლო თუ დამნაშავე არ არის, რატომ უნდა ზღუდავდეს მას რამე კანონი? ქვეყანაში ოლიგარქი კი არა, დამნაშავე უნდა ისჯებოდეს. ასე უნდა მოხდეს კეზერაშვილის შემთხვევაშიც.

 

- ანუ, თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენთან კანონის უზენაესობის პრობლემაა და არა ოლიგარქების?

 

- რა თქმა უნდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ 2012 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ  საქმე ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მიყვანილი.

 

- ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციაში, დეოლიგარქიზაციის გარდა გვიწერია, რომ აუცილებელია მოხდეს დეპოლარიზაციაც. თქვენ პარლამეტში სიტყვით გამოსვლისას, როცა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართეთ, აღნიშნეთ, რომ ეს პუნქტი სპეციალურად ჩაგვიდეს ევროპელებმა, რადგან მისი აღსრულება შეუძლებელია და ის, მათი მხრიდან გამოყენებული იქნება  ხელისუფლების ოპოზიციისთვის გადასაბარებლად...

 

- დიახ, ეს პუნქტი ჩვენ მთავრობაზე ზეწოლის მოხდენის ბერკეტია. არ არსებობს ქვეყანა, სადაც საზოგადოებას არ აქვს განსხვავებული შეხედულებები, სადაც არ არსებობს უმცირესობა და უმრავლესობა. ამერიკელთა დავალებით ევროპელებმა ისე ჩაგვიდეს ეს პუნქტი, თითქოს მარტო საქართველოშია პოლარიზაციის პრობლემა. აშშ-ში რომ პოლარიზებულია საზოგადოება, მაგაზე მეტი როგორ უნდა წარმოიდგინო ადამიანმა?! პრეზიდენტობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი დონალდ ტრამპი ლამის ციხეში ჩასვან, რათა ის როგორმე ჩამოაშორონ საარჩევნო მარათონს და ეს არ არის პოლარიზაცია? ამის მიუხედავად ამერიკელებს რატომღაც თავისთან არ გახსენებიათ მსგავსი კანონის მიღება და ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას. ეს ამერიკელების და ევროპელების მიერ ხელოვნურად გამოგონილი პუნქტია, რადგან მთავრობა, რომელიც დღეს გვყავს, დასავლეთისთვის არაა მისაღები და ყველანაირი ბერკეტით ცდილობენ მის შეცვლას. როგორ შეიძლება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებდე თავს და პარალელურად აფინანსებდე მის დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა არა არჩევნებით, არამედ სახელმწიფო გადატრიალებით, რევოლუციით, ომით...

 

- და როგორ ფიქრობთ, ასეთ ვითარებაში არჩევნებამდე მშვიდად მივალთ?

 

- აუცილებლად! არავითარი გადატრიალება ამ ქვეყანაში აღარ მოხდება, რადგან ოპოზიციას რეალური ძალა არ აქვს. რეალური ძალა ხალხის მხარდაჭერას ნიშნავს, მათ კი ეს მხარდაჭერა არ გააჩნიათ.

 

- თქვენ თქვით, რომ დეპოლარიზაცია შეუსრულებელი მისიაა. რა გამოდის, ჩვენ ვერ შევასრულებთ 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მინიმუმ ერთ პუნქტს მაინც, რის გამოც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ავტომატურად გვეტყვიან უარს?..

 

- დამიჯერეთ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი პუნქტი შესრულდება და რომელი არა, რამდენი შესრულდება და რამდენი არა, საბოლოო ჯამში ევროკავშირი და მისი ლიდერები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას - საჭიროდ თუ ჩათვლიან, რომ  მოგვცენ სტატუსი, მოგვცემენ, თუ არ ჩათვლიან საჭიროდ, არ მოგვცემენ! ასე იყო უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაშიც და ასე იქნება ჩვენ შემთხვევაშიც. თუკი კოლექტიური დასავლეთი ჩათვლის, რომ ჩვენ მას სტრატეგიულად ვჭირდებით, არათუ კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებს, შეგვეხვეწება, პირდაპირ წევრად მიგიღებთო.

 

- ბატონო ფრიდონ, მოსამართლეებისთვის სანქცირების დაწესებასაც რომ შევეხოთ, რამდენად გჯერათ აშშ-ის მიერ ოფიციალურად გაჟღერებული მიზეზისა, რომ ეს მათი კორუმპირებულობის გამო მოხდა?

 

- არა მგონია, რომ თავად აშშ-ში ჰქონდეთ ამ მხრივ ყველაფერი სუფთად და გამჭვირვალედ. უმჯობესი იქნებოდა, მათ თავიანთი ქვეყნისთვის და მათი კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის მიეხედათ. კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ასეთ თავხედური ჩარევა. ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და  სხვა მოსამართლისთვის გაგზავნილი სიგნალი, რომ მათ უნდა შეასრულონ აშშ-ის საელჩოს მითითებები და მიიღონ მათთვის მისაღები გადაწყვეტილებები.

 

- და რა არის ამერიკელებისთვის მისაღები გადაწყვეტილებები?

 

- მათ აქვთ გეგმა, შეცვალონ მთავრობა და ხელისუფლებაში დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“. მოსამართლეთა სანქცირებაც ამ დიდი გეგმის შემადგენელია. ამერიკელები უკვე ყველანაირ ზღვარს გადავიდნენ და ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ვინ ეკითხება ამერიკას, სადღაც ოკეანის გაღმა, თუ ვინაა სხვა ქვეყანაში კორუმპირებული?!

 

- როგორ ფიქრობთ, რატომ ცდილობენ ამერიკელები ასე დაჟინებით ჩვენთან მთავრობის შეცვლას და მოძალადე რეჟიმის ქვეყნის სათავეში დაბრუნებას?

 

- ამერიკას საქართველო აინტერესებს როგორც ტერიტორია, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის და ყველა ბერკეტით ცდილობს აქ იმ ძალის მოყვანას, რომლის მართვასაც მარტივად შეძლებს. ამასთან, ვფიქრობ, ამერიკისთვის კატეგორიულად მიუღებელია იმ პროექტის მშენებლობა, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება აზიიდან ევროპაში ენერგორესურსების მთავარი გამტარი ქვეყანა. ის, რაც ჩვენთვის საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც თავისი ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, მიუღებელია აშშ-სთვის, რადგან მას სურს, მომავალშიც ისე ჰყავდეს  დამონებული ევროპა, როგორც დღეს ჰყავს. რაც აშშ-მა ევროპას უკრაინასთან ომით გაუკეთა, ჰიტლერსაც არ გაუკეთებია. ევროპა შავ დღეშია!

 

- საუბრის ბოლოს მინდა 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შესახებაც გკითხოთ, რომლის შექმნის იდეა თქვენ გეკუთვნით. რა ეტაპზეა ეს საკითხი და რატომ გახდა ახლა საჭირო მისი შექმნა, რა პასუხგაუცემელი შეკითხვები არსებობს თქვენთვის ამ ომთან დაკავშირებით?

 

- უცოდინრები და სპეკულანტები ამბობენ, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ და რატომ დაიწყო ომი და შეგვეძლო თუ არა იმ ტრაგედიის თავიდან აცილება, რასაც ქვეყნის ტერიტორიების ოცი პროცენტის დაკარგვა მოჰყვა. ფაქტია, რომ 2008 წლამდე ცხინვალთან ურთიერთობები არსებობდა, იყო მიმოსვლა, ვაჭრობა, ადამიანები ქორწილებსა და ქელეხებში დადიოდნენ, ამ ომის შედეგად კი, ეს ყველაფერი, რასაც ურთიერთობების აღდგენისკენ მივყავდით, მოისპო. ამ კომისიის მუშაობის მიზანი სწორედ ეს იქნება, რომ გამოიძიოს, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ურთიერთობების მოსპობა, ასევე, სად გაქრა სამხედრო დანიშნულების ტვირთები და შეიარაღება, რა ქონებაა მითვისებული და ჩამოწერილი? ამ ომს ჰყავდა არა ორი, არამედ სამი მხარე - აშშ, მის მიერ წაქეზებული მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რუსეთი. ამ ომით იხეირა სამივემ. აშშ-მა იმით, რომ ომის შედეგად საქართველო და რუსეთი სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამით მან თავისი პოზიციები რეგიონში მნიშვნელოვნად გაიმყარა. სააკაშვილმა იმით, რომ ამერიკელების დავალება შეასრულა და გარდა იმისა, რომ მათი ნდობა მოიპოვა, უზარმაზარი ფულიც მიიღო. რუსეთმა კი მიიღო ტერიტორიები - ახალგორი, კოდორი და გარდა ამისა, საქართველოს ორ რეგიონში შემოიყვანა ჯარი, სადაც სამხედრო ბაზები გახსნა. ანუ, სამივე მხარე დარჩა მოგებული. ერთადერთი, ვინც ამ ომით წაგებული დარჩა, ესაა საქართველო და ქართველი ხალხი. 

 

- ასეთ ვითარებაში, თქვენი აზრით, საერთოდ, შესაძლებელია, რომ პასუხები გაეცეს შეკითხვებს, რომლებსაც თქვენ სვამთ?

 

- არა მხოლოდ ამ შეკითხვებს, ბევრ სხვა  რამესაც გაეცემა პასუხი და. სწორედ ამიტომაა აფორიაქებული „ნაციონალური მოძრაობა“.  მათ, რა თქმა უნდა არ აწყობთ ყველაფრის გამოაშკარავება და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. კომისია სავარაუდოდ წლის ბოლოსთვის შეიქმნება. ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დეპუტატებთან და ვუხსნი მათ ამ კომისიის შექმნის აუცილებლობას. ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი უნდა გაეცეს. ეს აუცილებელია ქართველი ხალხისთვისაც, ჩვენი მომავლისთვისაც, რათა სწორად განვჭვრიტოთ იგი, და ჩვენი ისტორიისთვისაც, რათა არ მოხდეს მისი გადაწერა და გაყალბება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner