გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო ხედვებს წარადგენს.
„სანამ უშუალოდ ანგარიშის წარმოდგენის ნაწილზე გადავალ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ეკონომიკური განვითარება და პარალელურად გარემოს დაცვა, მისი მდგრადობის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს; სწორედ ამიტომ, ყველა აქტივობა, პროგრამა და ღონისძიება, რომელსაც ვგეგმავთ და ვახორციელებთ, ერთი მხრივ, მიმართულია აგრარულ დარგში არსებული პოტენციალის მაქსიმალურად და ეფექტიანად ათვისებისკენ, საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნადი, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების და რეალიზაციის ხელშეწყობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, მიზნად ისახავს წარმოების განვითარების და ზრდის პარალელურად, მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი გარემო, დაცული იყოს წყლის, მიწის, ტყის რესურსი ზეწოლისგან და დაზიანებისგან. გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანმიმდევრულმა განხორციელებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარება. ყოველივე ზემოაღნიშნულით ჩვენ დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტებს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება აწესებს“, - განაცხადა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რეგიონში შექმნილი ვითარება, რთული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის.
„თითოეული ჩვენგანი იზიარებს მდგომარეობის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია რუსეთის ჯარების უკრაინაში შეჭრით. ამ მოცემულობაში ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყნის ინტერესები იყოს დაცული, შევინარჩუნოთ მშვიდობა, არ შეგვექმნას რთული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შევძლოთ წინსვლა, მათ შორის, მთავარი მიზნისკენ, ევროინტეგრაციისკენ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.