logo_geo
eng_logo
პროკურორებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან შეხვედრები გამართეს
- +

20 აპრილი. 2023. 16:19

 

 

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს“ ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" მონაწილეობით, მარნეულსა და თელავში შშმ ქალებთან, ბენეფიციარებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 

 

პროკურორებმა შეხვედრების მონაწილეებს, შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხებზე, პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, პროკურატურის წარმომადგენლებმა შშმ ქალების ისტორიები მოისმინეს და მათ მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 

საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე შშმ პირთა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სისხლის სამართლის პროცესში მონაწილე შშმ პირების უფლებების დაცვას -  „არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“ პროკურატურის მთავარი პრინციპია.

 

აღსანიშნავია, რომ ქალაქ ჟენევაში, წელს გამართულ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 28-ე სესიაზე, შშმ პირთა უფლებების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი პირველი ანგარიში განიხილეს.  სესიაზე პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარე მასშტაბურ კამპანიას - ,,არა ფემიციდს“ პოზიტიური შეფასება მიეცა  და ყურადღება გამახვილდა ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში შშმ ქალების მონაწილეობაზე.

 

ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურამ საერთო ჯამში 15-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სახელმწიფო უწყებასთან ითანამშრომლა. 

 

საინფორმაციო კამპანია - „არა ფემიციდს“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაცია UN WOMEN-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner