logo_geo
eng_logo
თამარ სანიკიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად აირჩიეს
- +

20 აპრილი. 2023. 18:40

 

 

განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში, ევროპული მიდგომების დანერგვაში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნამანათლებლო პროცესისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სახელმწიფოებრივი აზროვნებით, გონიერებითა და კეთილშობილებით გამორჩეული ქართველი ქალბატონი თამარ სანიკიძე არჩეულ იქნას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად.

 

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე,

 

თბილისი, 20 აპრილი, 2023 წლის“. – ასე ჩაიწერა საგანგებოდ დამზადებულ გრაგნილში, რომელიც საზეიმო ვითარებაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ გადასცა ქალბატონ თამარ სანიკიძეს.

 

თამარ სანიკიძეს 2012-2013 წლებში ეკავა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის პოზიცია, 2013-2016 წლებში კი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახლდათ. 2016 წლის ივლისიდან 2018 წლის სექტემბრამდე ის მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ხოლო 2017 წლიდან დღემდე ჩართულია უმაღლესი განათლების განვითარებაში, როგორც „ერასმუს+“ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (SPHERE Erasmus +, CoE). 2018 წლის ოქტომრიდან ქალბატონი თამარი შეუერთდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) გუნდს, 2018 წლის ნოემბერიდან კი ამავე ინსტიტუტის პრეზიდენტია.

 

ღონისძიება ტრადიციულად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა შეკრებილ სტუმრებს, ქალბატონი თამარი საპატიო დოქტორის მანტიით შემოსა და თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ:

 

ქალბატონ თამარს ზუსტად ესმის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივისთვის. ვიცი, რომ მას უყვარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აფასებს და უფრთხილდება ამ უმაღლეს სასწავლებელს. ქალბატონ თამარს სრულად აქვს გააზრებული მნიშნელობა სიტყვებისა: სოხუმი, სახელმწიფო და უნივერსიტეტიმნიშვნელობა, რაც ერთობლივად სისავსეა როგორც ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ასევექართული ეროვნული საგანმანათლებლო სისტემის. სრული პასუხისმგებლობით მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონმა თამარმა ჩვენთან ერთად გაიარა აკრედიტაციის რთული გზა. ის ზუსტად და დროულად ღებულობდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რაც, როგორც დრომ აჩვენა, მართებული და ეროვნული იყო. ჩვენი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორსა და აწ უკვე ჩვენი უმაღლესი სასწავლებლის სრულუფლებიან წევრს არასოდეს დაუხევია უკან სირთულეების წინაშე. ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც ქალბატონი თამარი დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მისი პროფესიონალიზმის შედეგია, რომ მრავალი საზღვარგარეთული უმაღლესი სკოლა უპირობოდ ენდობა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემას“.

 

სსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო თოფურიძემ გაიხსენა ქალბატონი თამარის მინისტრობის პერიოდი და აღნიშნა, რომ ის ყოველთვის მზად იყო დახმარებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ქალბატონმა ნინომ ისაუბრა უნივერსიტეტის აკრედიტაციისა და ავტორიზაციის რთულ დეტალებზე და პრობლემებზე, რომლის აღმოფხვრაშიც სწორედ ქალბატონი თამარ სანიკიძის დიდი შრომაა ჩადებული, მადლობა გადაუხადა მას ამ დიდი პროფესიონალიზმისთვის და მიულოცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევა.

 

სსუ-ის ხარისხის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ, სსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ინდირა ძაგანიამ და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა სერგო ვარდოსანიძემ, მიულოცეს ქალბატონ თამარს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად არჩევა და მადლობა გადაუხადეს ჩვენი უნივერსიტეტისადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის.

 

„-დღევანდელი დღე ნამდვილად გამორჩეულია ჩემთვის. იყო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი დიდი პასუხისმგებლობაა. თქვენი უნივერსიტეტისადმი ნამდვილად მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება, რადგან თავისი დანიშნულებით და მისიით სრულიად განსხვავდება სხვა უმაღლესი სკოლებისგან. თქვენ ზრდით მომავალ თაობას და იმედი მაქვს, რომ ისინი სწორედ გაიაზრებენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მისიას და თქვენთან ერთად იზრუნებენ მის შესრულებაზე. მადლობას გიხდით იმისათვის, რომ თქვენმა აკადემიურმა პერსონალმა რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ხელმძღვანელობით, თავდაუზოგავად იმუშავა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპული განათლების კერად აქცია. ვიცი, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო-სამეცნიერო და აწ უკვე სამშვიდობო განათლების ცენტრია, რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა იკისრა ამ მიმართულებით. ის მუდმივად იქნება ლიდერი უნივერსიტეტი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევემის ფარგლებს გარეთაც. მჯერა, რომ უმაღლესი სასწავლებელი დაუბრუნდება მშობლიურ კუთხეს და იქ გააგრძელებს თავისი მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას“, – აღნიშნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა თამარ სანიკიძემ.

 

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ფოლკლორული ანსამბლების ბრყინვალე კონცერტით დასრულდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner