logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ადასტურებდა, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ, რომ სახელმწიფო მდივანი გარკვეულწილად ინფორმირებული იყო
- +

20 აპრილი. 2023. 20:58

 

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება, რომელიც ადასტურებდა, რაც თქვა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე კვირის წინ, რომ სახელმწიფო მდივანი გარკვეულწილად ინფორმირებული იყო. ეს ინფორმაცია დადასტურდა ქალბატონი ელჩის იმ განცხადებით, რაც მან გუშინ გააკეთა - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადების კომენტირებისას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს ასე მომზადდა საქართველოში საკითხი და მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ჩანს ასე მომზადდა საქართველოში საკითხი და სახელმწიფო დეპარტამენტში ბუნებრივია, ეყრდნობიან მას, ვინც არის მათი წარმომადგენელი. ყველა ქვეყანა ასე მუშაობს, ბიუროკრატია ასე მუშაობს, დიპლომატები ასე მუშაობენ. ამ მომზადებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა სამწუხარო გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, თავად ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვიცით, რომ საფუძველი არ იყო არც ერთი მტკიცებულება. ეს არის ყველაზე მეტად სამწუხარო. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ამ სტანდარტს ვნერგავთ ჩვენ, მეგობრები ერთმანეთთან ურთიერთობაში, რომ შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების გატარება ერთმანეთის მიმართ, ეს არის ძალიან ცუდი რამ და როდესაც შენ ოდნავ მაინც გაგაჩნია ეროვნული თავმოყვარეობა და ზოგადად თავმოყვარეობა როგორც სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკოსს, ამის შესახებ აუცილებლად უნდა თქვა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ

მისივე თქმით, ჩვენი ოპონენტები პირიქით იქცევიან, ამ არასწორ ქმედებას ამყარებენ თავიანთი მავნებლობით. „ჩვენი ოპონენტები პირიქით იქცევიან, ამ არასწორ ქმედებას ამყარებენ თავიანთი მავნებლობით, შემდეგ ითხოვენ კომისიას მაშინ, როდესაც წლის ბოლოს უნდა შეგვაფასოს ევროკომისიამ და თქვას, რამდენად კარგად მივყვებით რეფორმებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ამ შეფასების კრიტერიუმებში ეთმობა სასამართლოს. შესაბამისად, როგორ წარმოგიდგენიათ, ისინი კომისიას იმიტომ ითხოვენ, რა კარგად არის სასამართლოში ყველაფერიო, ეს რომ დაამტკიცონ? მათ აქვთ ოცნება დაამტკიცონ, რომ სასამართლოში ხდება უბედურება. სინამდვილეში არ ხდება, არც სტატისტიკის, არც მონაცემების და არც კვლევებიდან გამომდინარე აღქმებისმიხედვით. საზოგადოება სხვანაირად ფიქრობს. აქედან გამომდინარე, მათ უნდათ დინების საწინააღმდეგოდ სვლა იმისთვის, რომ საბოლოოდ ხელი შეუშალონ ევროკომისიის პოზიტიურ შეფასებას, ანუ, საქართველოს ევროინტეგრაციას. სხვა დასკვნას ვერ გამოიტან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კელი დეგნანმა მოსამართლეების სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა: „ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ. ვიზის აკრძალვამდე ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა და შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner