logo_geo
eng_logo
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდა
- +

21 აპრილი. 2023. 19:10

 

საქართველოს პროკურატურის და აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ჩატარებული ტრენინგის მონაწილეებს ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი შეხვდა.

ტრენინგების პირველი ციკლი 19-21 აპრილს ჩატარდა და მასში მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების პროკურორები იღებდნენ.

ტრენინგს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ნინო აღლემაშვილი, ამავე დეპარტამენტის პროკურორები თორნიკე ნადირაძე, მარიკა გოგოხია და აშშ საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი ლენა ოუენსი უძღვებოდნენ.

სამდღიანი ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების სასამართლოში განხილვის სპეციფიკის, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, შესავალი და დასკვნითი სიტყვების წარდგენის, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვების ტექნიკის, ასევე ნაფიც მსაჯულთა განსჯად საქმეებზე საპროკურორო ზედამხედველობის აქტუალური საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ტრენინგი როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებასაც ემსახურებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები უსურვა. კელი დეგნანის განცხადებით, აშშ საელჩო მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს ღონისძიებებს.

ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორს ზაზა მეტონიძეს და საოლქო პროკურატურის პროკურორებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

საქართველოს პროკურატურისა და აშშ საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის INL პროგრამის მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თემაზე ტრენინგების ციკლი წლის განმავლობაში ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის გაძლიერება და ამ მიმართულებით პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ როგორც სასწავლო აქტივობებს, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს საქართველოს პროკურატურა მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner