logo_geo
eng_logo
ბაია კვიციანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) რეგიონულ მრჩეველს შეხვდა
- +

22 აპრილი. 2023. 00:57

 

ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ბაია კვიციანი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ მრჩეველს, პამელა დეილის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების საჭიროებაზე ისაუბრეს.

ბაია კვიციანმა ყურადღება გაამახვილა ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებულ გარკვეულ გამოწვევებზე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებებისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის, ბავშვთა განათლების ხელმისაწვდომობისა და სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფის საკითხებზე, აგრეთვე, ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების საჭიროებაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ სოციალური პოლიტიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელების კუთხით, როგორიცაა, ბავშვზე მორგებული ქალაქის მშენებლობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთათვის სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, ოჯახის მხარდამჭერი პროგრამებისა და მუნიციპალიტეტების გაძლიერება და ა.შ.

მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

„საქართველოს პარლამენტს გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ხანგრძლივი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს და ეს თანამშრომლობა დღემდე გრძელდება. მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი ქალბატონ პამელა დეილის, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონის მრჩეველი გახლავთ სოციალური პოლიტიკის საკითხებში. შეხვედრაზე გავცვალეთ ინფორმაცია განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და ქვეყანაში ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე. ამასთან, განვიხილეთ შესაძლო ხელშემწყობი ერთობლივი აქტივობები ბავშვზე მორგებული ურბანული გარემოსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიმართულებით“, - განაცხადა ბაია კვიციანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner