ავტორი თაკო კვარაცხელია
- ქალბატონო ნანა, დავით კეზერაშვილს ტელეკომპანია „ფორმულაში“ აქციების საკონტროლო პაკეტი აღარა აქვს, რადგან მის მფლობელობაში არსებული 51%-ის ნახევარი ტელევიზიის ჟურნალისტებს გადაუფორმა. მოდით, ამ ამბის შეფასებით დავიწყოთ ჩვენი საუბარი და გვითხარით თქვენი აზრი, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე და ათავისუფლებს თუ არა ეს ფაქტი მის ჟურნალისტებს მორალური პასუხისმგებლობისგან იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ახლაც ემსახურებიან დამნაშავეს?
- დავით კეზერაშვილის ამბავმა კიდევ ერთხელ გამოავლინა მედიის არაჯანსაღი როლი ჩვენი ქვეყნის დღევანდელობაში. ქართველი ჟურნალისტების უმრავლესობა მიკერძოებულია და ამბებს აბსოლუტურად არაობიექტურად აშუქებს. სამწუხაროა, რომ მედიის წარმომადგენლებსა და საზოგადოების ნაწილს კეზერაშვილთან დაკავშირებით მწვავე რეაქციის გამოსახატად დამატებით დასჭირდათ იმის მტკიცებულებები, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი კრიმინალი და თაღლითია, რომელმაც ქართული ჯარის შემდეგ, ევროპელი პენსიონერები გაძარცვა.
- რას გულისხმობთ, ფიქრობთ, რომ კეზერაშვილთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქცია არასაკმარისი და დაგვიანებული იყო?
- დავით კეზერაშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრია, რომელიც თანამდებობაზე ქონების გარეშე მოვიდა და თანამდებობა მილიარდერმა დატოვა. როგორ მოახერხა საჯარო თანამდებობის პირმა ეს? იმით, რომ მან გაძარცვა საკუთარი ქვეყნის ჯარი, თანაც მაშინ, როცა ჩვენი სამშობლო საომარ ვითარებაში იმყოფებოდა. ეს იყო სამშობლოს ღალატი! სამშობლოს ღალატზე დიდი დანაშაული კი ნამდვილად არაა ის დანაშაული, რომელშიც ბრიტანულმა მედიამ ამხილა ეს კრიმინალი, თუმცა, ჩემდა გასაკვირად, საზოგადოების ნაწილის მკვეთრი რეაქცია მაინც ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეს მოჰყვა და არა საკუთარი არმიის ძარცვას. ამან ძალიან დამწყვიტა გული! არ ვგულისხმობ იმას, რომ პენსიონრების ძარცვა და ყვლეფა უმძიმესი დანაშაული არაა, უბრალოდ, არაა იმაზე დიდი დანაშაული, რაც ამ ადამიანმა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ჩაიდინა!
- როგორ ფიქრობთ, ჩვენი მენტალური პრობლემაც ხომ არ გამოკვეთა ამ ამბავმა, რადგან, ვიდრე დასავლეთმა არ გვითხრა, რომ ის ყაჩაღია, ხალხს ასეთი მწვავე რეაქცია არ გამოგვიხატავს იმ დანაშაულზე, რომელიც მან თავის სამშობლოში ჩაიდინა? რომელ რეაქციაზეა საუბარი, როდესაც სისხლის სამართლის დამნაშავეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ამინდის შექმნის უფლებას ვაძლევდით...
- მესმის თქვენი შეკითხვის არსი, თუმცა, რეალობის აღქმაც არ უნდა დავკარგოთ. ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ BBC იმაზე გაცილებით დიდი მასშტაბის და გავლენის საინფორმაციო საშუალებაა, ვიდრე ჩვენი ყველა ტელეარხი ერთად აღებული. თქვენს მიერ გაჟღერებულ პრობლემაზე მეტად მე ის მენტალური პრობლემა დავინახე, რომლის მიხედვითაც ჩვენს საზოგადოებაში გაუფასურდა სამშობლოს ღალატის ცნება და ეს ეროვნული ტრაგედიაა! აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე საზოგადოების ნაწილიც რეაქციაც ამ მენტალური პრობლემის ნაწილი იყო. სამშობლოს ღალატი და სხვა ქვეყნის სამსახურში შენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ჩადგომა იმდენად დევალვირებულია, რომ საზოგადოებას კეზერაშვილის მიერ ევროპელი მოქალაქეებს ძარცვის გამო უფრო მეტი რეაქცია აქვს, ვიდრე იმაზე, რომ სამშობლოს მოღალატე ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ცდილობს და საკუთარი დამნაშავე პარტიის ქვეყნის სათავეში მოყვანას გეგმავს. რაც შეეხებათ „ფორმულას“ ჟურნალისტებს, მათაც იმიტომ გაბედეს ამ კაცის სამსახურში ჩადგომა და მისი დავალებების შესრულება, რომ თავის დროზე საზოგადოებას არ ჰქონდა ადეკვატური და მკაცრი რეაქცია შექმნილ რეალობაზე.
- გარდა ამისა, ისინი ფულს არიან დახარბებულნი. წილების სოლიდური ნაწილი დღეს უკვე მათი, ჟურნალისტების საკუთრებაა...
- ეს კეზერაშვილის მორიგი თაღლითური სქემაა და მცდელობა, რომ ეს მავნე ტელევიზია, მისი დაკავების შემთხვევაშიც კი, ხელშეუხებელი დარჩეს. „ფორმულა“ და მისი მსგავსი ე.წ. ოპოზიციური ტელევიზიები საზოგადოების გამოთაყვანებას ემსახურებიან და ცდილობენ მის დაცლას პატრიოტული გრძნობებისგან. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროსახელისუფლებო ტელევიზიებიც სცოდავენ, როცა ამ მიმართულებით არაეფექტურად მუშაობენ და საზოგადოებაში ქვეყნის სიყვარულის გაღვივებას ვერ ახერხებენ.
- როგორ ფიქრობთ, შეგნებულად აჰყვნენ ჟურნალისტების მათ პატრონს ამ ავანტიურისტულ თამაშში თუ ისინი მართლა ფიქრობენ, რომ კეზერაშვილი დათმობს არხის მართვის ბერკეტებს?
- ეს მათი საერთო ავანტიურისტული გეგმაა! ზოგადად, კრიმინალი ყველაზე მეტად აახლოვებს და ადუღაბებს ადამიანებს ერთმანეთთან. ამ ჟურნალისტებმა საწყისშივე მშვენივრად იცოდნენ, რომ ხდებოდნენ კრიმინალის და თაღლითის თანამზრახველები და თავისი ნებით შევიდნენ მასთან კრიმინალურ ურთიერთობებში. „ფორმულას“ ჟურნალისტები კეზერაშვილის დანაშაულის თანამონაწილენი არიან და მშვენივრად იციან, რომ დღეს რომც გაემიჯნონ კეზერაშვილს, ეს მათი მხრიდან ბლეფი იქნება, რომელსაც აღარავინ დაიჯერებს. ბოლოს და ბოლოს, თავად კეზერაშვილმა რომ ჰკითხოს, - „შე დალოცვილო, ამდენ ხანს რომ იღებდი ჩემგან დაფინანსებას, არ იცოდი, რა თაღლითი და ნაგავიც ვიყავიო?!“ - რას უპასუხებენ? იქნება კეზერაშვილი მართალი? იქნება!
- მთელი საუბრის განმავლობაში არ მალავთ გულისწყვეტას, რომ პატრიოტული გრძნობები მინელებულია საზოგადოების ნაწილში... თქვენ, როგორც საბჭოთა დისიდენტი, როგორ ფიქრობთ, ხომ არ სჭირდება ქვეყანას ახალი „დისიდენტური ტალღა“, ამჯერად სხვა ბატონისგან გასათავისუფლებლად?
- გვჭირდება, მაგრამ ამ მუხტის გაჩენას ქვეყნის სიყვარული სჭირდება, დღეს კი, სამწუხაროდ, სამშობლო ისე აღარ გვიყვარს ქართველებს, როგორც საბჭოთა პერიოდში გვიყვარდა... მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ ასეა! ჩვენი ქვეყნისადმი სიყვარულის გამოხატულება იყო 9 აპრილი, როცა მსოფლიოს ვაჩვენეთ, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ხალხის უკიდეგანოო სიყვარული საკუთარი სამშობლოსადმი. 9 აპრილს ჩვენ საბჭოთა კავშირი კი არ დავანგრიეთ, საბჭოთა კავშირი უჩვენოდაც დანგრეული იყო, არამედ დავანახეთ მსოფლიოს, რომ ჩვენ, ჩვენი პატარა საქართველოსთვის, სიკვდილზე შეგვეძლო წასვლა. აი, სწორედ ასეთი მუხტისგანაა დღეს ქვეყანა დაცლილი. საბჭოთა ჯურღმულებში და სუკ-ის ციხეებში სწორედ ამ საზოგადოების სიყვარულით წავედი თავის დროზე, დღეს კი აღარ ვიცი, იმავეს გავაკეთებდი თუ არა, რადგან საზოგადოებისგან იმავე დაკვეთას ვეღარ ვხედავ.
- როგორ ფიქრობთ, რამ მიიყვანა საზოგადოების ნაწილი ასეთ ინდიფერენტულობამდე?
- აი, ისეთი ავაზაკები და ისეთი ე.წ. ჟურნალისტები, ინტერვიუს დასაწყისში რომ ვახსენეთ, ხალხში პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის გაქრობას ცდილობენ. ჩვენს საამაყო ერეკლე მეფეზე - მოღალატე იყოო, გვეუბნება ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყნისათვის აგური აგურზე არ დაუდია. ეს ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა! ჩვენთვის საფიცარ მეფეს, რომელიც ქართველებმა მიწას დაჩეხილი, დაფლეთილი სხეულით მივაბარეთ და რომელსაც თითოეული ჭრილობა ქვეყნის სიყვარულით ჰქონდა მიღებული, ეს მართლა მავნებლები და იდიოტები ბედავენ და მოღალატეს უწოდებენ. წარმოუდგენელი თავგასულობაა... თავისუფალი ქვეყანა ვართო, გავყვირით, სინამდვილეში კი, ასეთი დამონებული აზროვნება, დღეს რომ გვაქვს, საბჭოთა პერიოდშიც არ გვქონია! თუ ამ დამღუპველ იდეოლოგიას და ამ იდეოლოგიის გამავრცელებლებს სახელმწიფომ დროულად არ მიხედა, ქვეყანა უფსკრულში გადაიჩეხება და ერთ დღეს აღმოვაჩენთ, რომ ჯარისკაციც კი აღარ შეგვრჩა, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად მზად იქნება, ომში წავიდეს. დღევანდელ დღემდე ეს ქვეყანა მოიყვანა მართლმადიდებლობამ და პატრიოტიზმმა. დღეს ორივეს ებრძვიან და გვიკლავენ.
- ომი მთავრდება, გეშინოდეთ მშვიდობის, - ასე დაგისათაურებიათ თქვენი ბოლო ფეისბუქ-პოსტი. რომ აუხსნათ ჩვენს მკითხველსაც, რატომ უნდა გვეშინოდეს მშვიდობის, რომელიც ომის შემდეგ დადგება?
- როდესაც საბჭოთა კავშირს ვანგრევდით, ქართველებმა ძალიან კარგად ვიცოდით, რა არ მოგვწონდა და რა იყო დასანგრევი, მაგრამ არ ვიცოდით, რა გვინდოდა და რა უნდა აგვეშენებინა. ასე დაგვემართა მაშინაც, როდესაც გამსახურდიას ხელისუფლებას ვამხობდით. ვიცოდით, რომ გამსახურდია აღარ გვინდოდა, მაგრამ რა გვინდოდა, არ ვიცოდით და ამიტომ მივიღეთ შევარდნაძის კორუმპირებული ხელისუფლება. წარსულ შეცდომებზე მაშინაც ვერ ვისწავლეთ, როცა შევარდნაძე გავისტუმრეთ სახლში და იმის გამო, რომ არ ვიცოდით, რა უნდა გვეშენებინა, მივიღეთ სააკაშვილის სატანური რეჟიმი! ანუ, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რას ვანგრევდით, მაგრამ არასოდეს ვიცოდით, რას ვაშენებდით. დღეს, როცა ძველი მსოფლიო ინგრევა და ახალი რეალობა ყალიბდება, თუ ზუსტად არ გვეცოდინება, რა უნდა ავაშენოთ, იგივე დაგვემართება, რაც ყველა ჯერზე დაგვემართა, როცა ცუდი უარესით შევცვალეთ. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქართველებმა მაშინ მივიღეთ, როცა სააკაშვილის ხელისუფლება არა სახელმწიფო გადატრიალებით, სისხლით და სამოქალაქო დაპირისპირებით, არამედ არჩევნების გზით ჩავანაცვლეთ. სწორედ ამ გამოცდილებით უნდა მივიღოთ მომავალი გადაწყვეტილებებიც, სწორედ ასე ცივი გონებით და სწორი გათვლებით უნდა შევხვდეთ ახალ მსოფლიო წესრიგსაც!