logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია ვერც კი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე
- +

23 აპრილი. 2023. 21:30

 

 

ოპოზიცია ვერც კი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ვერც კი ხვდება, რომ გარედან შემოტანილ თემაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობა, გარდა იმისა, რომ არაპატრიოტულია, ასევე ეწინააღმდეგება იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა.

 

„გავიხსენოთ მაგალითად, უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხი და ამასთან დაკავშირებული პროტესტი. საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? წამოვიდა გარედან, იმ მოთხოვნით დაიწყო, რომ მოხალისეები ორგანიზებულად გაეშვა საქართველოს ხელისუფლებას. გვახსოვს, გარედან მოდიოდა ეს ზეწოლა, გარედან მოდიოდა ეს პრეტენზიები, რომ საქართველოს სამხედრო ხასიათის რაღაც ქმედება თუ დახმარება აღმოეჩინა და ამ ტალღას დააჯდა მაშინ ოპოზიცია. სხვა ასეთივე პროტესტი შეეხებოდა კანდიდატის სტატუსის არმიღებას. ესეც გარედან წამოვიდა. გარედან იყო ამ თემის პედალირება და ამ ტალღაზე დაჯდა შემდეგ ოპოზიცია. ეს თემა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტმა სავიზო შეზღუდვა დაუწესა რამდენიმე მოსამართლეს. მთელი უხერხულობა ამ მდგომარეობის ის არის, რომ ოპოზიცია ვერც კი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას ქართველი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის წინაშე და ვერც კი ხვდება, რომ ასე საჯაროდ, გარედან შემოტანილ თემაზე საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობა არაპატრიოტული რომ არის, ეს თავისთავადია, თუმცა ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება იმ მანდატს, რომელიც მათ ხალხმა მიანიჭა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

 

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

 

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

 

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 და 20 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner