„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანათან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
დავით ქართველიშვილი ელჩის საქმიანობასა და იმ შეცვლილ ურთიერთდამოკიდებულებებს მიმოიხილავს, რაც ბოლო დროს საქართველოსა და ამერიკას შორის ჩამოყალიბდა.
„სავსებით გასაგებია საზოგადოების უნდობლობა და ნეგატიური მოლოდინები საქართველოში აშშ-ის მომავალ ელჩთან დაკავშირებით: „იმასთან შედარებით, კელი დეგნანი „ანგელოზად“ მოგვეჩვენება“ და ა.შ. სავსებით მოსალოდნელია ეს სკეფსისი, მაგრამ საკითხია არასწორად დაყენებული. ის კი არ არის მთავარი, ვინ ვის და როგორ ჩაანაცვლებს, მთავარი ის არის, აქ რა საზოგადოება დახვდება ამერიკის ნებისმიერ ახალ ელჩს და უნდა დამეთანხმოთ, რომ აშშ-ის ელჩთან ჩვენი საზოგადოების მიდგომა ბოლო ერთ წელიწადში ნამდვილად შეიცვალა.
კელი დეგნანისთვის უსიამოვნოდ, გამაღიზიანებლად, მოულოდნელად, მაგრამ შეიცვალა, და ამ ცვლილების „ტრიგერი“ ნამდვილად იყო „ხალხის ძალა“. ამ ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ კელი დეგნანის შემდგომ სულ რომ განხორციელებული „მონსტრი“ მოგვევლინოს, ჩვენი საზოგადოების „თამასა“ უსამართლობასთან ბრძოლის, სიცრუის მხილების, ცილისწამების უპასუხოდ არდატოვების, ისეთ სიმაღლეზეა აწეული, რომ ასეთ „მონსტრსაც“ კი საქართველოში მივლინება იოლ გასეირნებად ნამდვილად არ ჩაეთვლება და ამ ილუზიაში წინასწარვე ნუ იმყოფება.
თავის შემცვლელს დეგნანი უმძიმეს მემკვიდრეობას უტოვებს. პირველ რიგში - გაკოტრებული, დეგრადირებული, უსარგებლო იდიოტებად ქცეული ოპოზიციური ველის სახით. ამაში აშშ-ის ელჩის დიდი პირადი წვლილიც არის. ის ჩვენი მეხუთე კოლონისთვის ზუსტად იმ ბაგაჟის მწყემსად მოგვევლინა, რა დონის ლიდერსაც წარმოადგენს ოპოზიციაში ლევან ხაბეიშვილი. ამ უკანასკნელს მხოლოდ ინგლისური ენა არ ესმის, ქალბატონ კელის კი - საქართველოს ეროვნული სულისკვეთება.
დღეს კელი დეგნანი ქაოსურად ჩქარობს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას უკვე ავადხსენებული „სტატუსი“ არ მიანიჭებინოს იმ ევროკავშირის მხრიდან, რომლის ლიდერები უკვე თავად ღიად საუბრობენ იმაზე, თუ რა მავნებლობას წარმოადგენს აშშ-ის პოლიტიკა თავისი პარტნიორების ვასალებად გადაქცევის საქმეში. კელი დეგნანი გრძნობს, რომ მისი ქვეყნის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ შეიძლება ვეღარ იქონიოს სათავისოდ მომგებიანი ზეგავლენა საქართველოსთან დაკავშირებით. ამიტომ ააგორა „სასამართლო სკანდალი“, ამიტომ აღვივებს „პოლარიზაციას“, ამიტომ ახდენს ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ დისკრედიტაციას „დემოკრატიის უკუსვლის“ გზაზე, ამიტომ ემზადება „პრაიდის“ ჩასატარებლად.
მე მესმის ჩემთან კეთილგანწყობილი ოპონენტების პოზიციაც, რომლებსაც არ ესმით, თუ რატომ მაქვს გადამეტებული მოლოდინი ამერიკაში მომავალში რესპუბლიკელების სავარაუდო გამარჯვების, რომლებიც არც ტრამპის პრეზიდენტობის დროს გამოირჩეოდნენ საქართველოსთან მიმართებაში ზეკონსტრუქციული მიდგომებით. აგიხსნით: ამერიკაც შინაარსობრივად შეიცვალა მას შემდეგ. იმ საფრთხემ, რომელსაც აშშ-სა და საქართველოშიც ერთი და იგივე ფესვები გააჩნია, ტრამპის შემდეგ იფეთქა BLM-ს მოძრაობის, „თეთრი რასიზმის“, „ტრანსგენდერთა ტერორიზმის“ და სხვა უამრავი სიმახინჯის (გენდერული, რასისტული) გამოვლინებების სახით.
დღეს რესპუბლიკელებს სხვა გზა აღარ რჩებათ, რომ პრაგმატული პოლიტიკით „იდეოლოგიური უკუღმართობის მიდგომები“ ჩაანაცვლონ და ამით პირველ რიგში საკუთარი სახელმწიფო გადაარჩინონ. ამასთან ერთად, საკუთარ მეკავშირეებთან შეცვალონ ურთიერთობები. მათ შორის საქართველოც არის, რომელიც თავის თავს არც ერთ ვარიანტში არ დაკარგავს და საკუთარ ღირსებასა და საბაზისო ფასეულობებს „ლუციფერის“ საბოლოო დამარცხებამდე დაიცავს.
იმის იმედს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელები გამოვლენ „ლეთარგიული ძილიდან“ და განთავისუფლდებიან „გენდერული“ და „რასობრივი“ კვაზითეორიებისაგან და ღმერთისა და ოჯახური ფასეულობების მადიდებელ ხელისუფლებებთან საპარტნიორო ურთიერთობებს დაამყარებენ, მაძლევს ამერიკაში მიმდინარე ის სოციალურ-პოლიტიკური პროცესები, სადაც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ასევე მოსწყურდა ამერიკის შელახული ღირსება, მოენატრა ღმერთი და ღვთაებრივი კანონებით შექმნილი სამყარო“, - წერს დავით ქართველიშვილი.