„საქართველოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასე იყო: გარე ძალებიდან ქვეყანაზე ზეწოლას ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე. ასე იყო გასულ საუკუნეში რუსეთთან მიმართებით და ასეა დღესაც. რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა უცხოეთიდან, ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად მით უფრო იკრებს ძალას,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, ქართულ სახელმწიფოზე გარე ძალების შემოტევა საზოგადოების განწყობაზე ნეგატიურად მოქმედებს, თუმცა ეს ხალხს ქვეყნის ინტერესების დასაცავად ბრძოლისთვის მეტ ძალას აძლევს.
„საქართველოს ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასე იყო: გარე ძალებიდან ქვეყანაზე ზეწოლას ქართველი ხალხის მასშტაბური პროტესტი მოჰყვებოდა ხოლმე. ასე იყო გასულ საუკუნეში რუსეთთან მიმართებით და ასეა დღესაც. რაც უფრო ძლიერდება ზეწოლა უცხოეთიდან, ქართული საზოგადოება ქვეყნის ინტერესების დასაცავად მით უფრო იკრებს ძალას. ადრე რუსეთისგან, დღეს უკვე - დასავლეთიდან წარმოუდგენელი შემოტევა ქართულ სახელმწიფოზე ხალხში ნეგატიურ განწყობებს ზრდის. ვასალური სტილის პარტნიორობა დასავლეთთან და, კერძოდ, ამერიკასთან, მოსალოდნელი იყო იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც წარსულში გვქონდა. სააკაშვილის ხელისუფლების მონურმა დამოკიდებულებამ საქართველოს სახელმწიფოებრიობა შეარყია და ჩვენი ეროვნული ღირსება შეურაცხყო. დასავლეთს რისი უფლებაც მისცეს, იმას აკეთებდნენ.
„ქართული ოცნების“ პერიოდში ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტად ქვეყნის ეროვნული ინტერესები დავისახეთ და ამიტომ დაიწყო მასიური შემოტევა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით - ჩვენზე, „ხალხის ძალაზე“. ჩვენმა მოძრაობამ შეძლო იმ გალავნის გარღვევა, რასაც უცხოეთთან შიში და დუმილი ერქვა.
დღეს კი ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ასევე რიგი ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა, ქართველი ხალხი ძალიან გააბრაზა. ხოლო საზოგადოების განრისხება ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის ქმედებამ, ტენდენციურმა პოლიტიკურმა განცხადებებმა, ღია ჩარევამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში, ბოლოს კი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ქართველ მოსამართლეებზე დაწესებულმა სანქციებმა გამოიწვია.
დასავლეთის მხრიდან ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და დამცირება პიკს აღწევს. პარალელურად პიკს აღწევს ქართული საზოგადოების მოთმინებაც, რომელიც აუცილებლად ამოიფრქვევა. ისევე, როგორც ამოიფრქვა რუსეთთან მიმართებით.
ქართველმა ხალხმა იცის, რომ საქართველო მათია და ამ საკუთრებას არავის დაუთმობენ. მათ იციან ისიც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან პარტნიორობა მეგობრობას უნდა ეფუძნებოდეს და არა დირექტივებს, რომლის უპირობო შესრულებასაც გთხოვენ. ხალხმა ისიც იცის, რომ სამშობლოს უცხო ქვეყანას არ მისცემენ სამართავად და თავად ჩადგებიან მის დასაცავად.
დიახ, საქართველო ჩვენია და უნდა გვქონდეს იმის უფლება, რომ თავად ვმართოთ საკუთარი ქვეყანა უცხოეთთან ორმხრივად ეროვნული ინტერესების დაცვით. ამას ვითხოვთ არა მხოლოდ ჩვენ, პოლიტიკოსები, არამედ ამას ითხოვს ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილიც,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.